

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ხარაგაულში ახალგაზრდული საკრებულო შექმნა. საკრებულოში შევიდნენ ხარაგაულის სკოლების უფროსკლასელები, რომლებმაც 16 მარტს გამართული ტესტირება გაიარეს. ხარაგაულის ახალგაზრდულ საკრებულოში 46 წევრია.
27 აპრილს ახალგაზრდული საკრებულოს წევრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს შეხვდნენ. საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ახალგაზრდებს ესაუბრა თვითმმართველობის არსზე, დანიშნულებასა და პრინციპებზე, ასევე მოქალაქეთა უფლებებზე და აღნიშნა: „ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა. ჩვენი მხრიდან მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდულ საკრებულოს.“
საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ გელაშვილი მოსწავლეებს გააცნო საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები.
ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი, დაესწრონ საკრებულოს უახლოეს სხდომას, რათა უკეთ გაეცნონ მის საქმიანობას.
პროექტ „ახალგაზრდული საკრებულოს“ ავტორი გიორგი ჭულუხაძე ამბობს, რომ ამ პროექტში საქართველოს მასშტაბით 12 500 ახალგაზრდაა ჩართული. „ვფიქრობ, ახალგაზრდული საკრებულოს წევრები მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს დაგეგმავენ. ყველა მათ აქტივობას ჩვენი ორგანიზაცია მაქსიმალურად გვერდით დაუდგება.
ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.
„კმაყოფილი ვარ ამ პროექტში ჩართვით, – ამბობს მარელისის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ არევაძე, – რამდენად გაამართლებს პროექტი ჩვენს იმედებს, ამას დრო გვიჩვენებს. ასეთი პროექტები კარგია არა მარტო ჩვენი, არამედ მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის, ჩვენი თვითრეალიზაციის, საკუთარი აზრებისა და იდეების წარმოჩინებისათვის“.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ თხელიძეს მიაჩნია, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვა ძალიან სასარგებლოა. „მთავარია ვიყოთ გულახდილები, თამამები, არ შეგვეშინდეს იმის თქმის, რაც აწუხებს ჩვენს მუნიციპალიტეტს, სოფელს და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შევეცადოთ ამ პრობლემების გადაჭრას,“ – ამბობს მარიამ თხელიძე.
შეხვედრაზე ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატებმა წარმატებები უსურვეს, მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდეს და ნებისმიერ საინტერესო წამოწყებაში გვერდში დგომას დაპირდნენ.
თამარ ჩხიკვაძე
ამავე თემაზე
ხარაგაულში ახალგაზრდული საკრებულო იქმნება
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).