

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ხარაგაულში „ახალგაზრდულ საკრებულოს“ აფუძნებს. სამოცდაათ უფროსკლასელთან შეხვედრა კინოთეატრის შენობაში 16 მარტს გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ა/ო „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე, პროექტის ხელმძღვანელი დასავლეთ საქართველოში გიორგი მღვდელაძე და პროექტის კოორდინატორი სოფიო სხილაძე.
გიორგი ჭულუხაძემ ახალგაზრდებს გააცნო ინფორმაცია აღნიშნულ პროექტზე და აღნიშნა, რომ 2015 წლიდან დაიწყო ამ ორგანიზაციამ 64 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საკრებულოების დაფუძნება. „ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში. ისინი განახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს, აღიზრდებიან ახალგაზრდა ლიდერებად.
„ახალგაზრდული საკრებულოები“ საქართველოს მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე XI-XII კლასელებით ყალიბდება პროექტის „ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივა 2015“ ფარგლებში. შეხვედრაზე ახალგაზრდებს დაურიგდათ ტესტები. ტესტირების შედეგებით შეირჩევიან ახალგაზრდული საკრებულოს წევრები.
შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგებს არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის, ლიდერობის, მედიასთან ურთიერთობის, დიპლომატიური ურთიერთობებისა და კავკასიოლოგიის შესახებ.
ღია ლექციებს ჩაატარებენ ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და წარმატებული ახალგაზრდები. შერჩეული ახალგაზრდები ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსკურსიებში, საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვა ღონისძიებებში.
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არსებულ 64 მუნიციპალიტეტში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულია 2105 საკრებულოს წევრი. შემდეგ ეტაპზე, შერჩეულ ახალგაზრდებს შორის მოხდება „ახალგაზრდული საკრებულოს“ თავმჯდომარის არჩევა და საკრებულოს თემატური კომისიების ჩამოყალიბება.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით კიკნაძე ამბობს, რომ მისთვის ორმაგად საინტერესოა ეს პროექტი: „ჩვენ ანალოგიური პროექტის განხორციელებას ვაპირებდით და ეს საკითხი გატანილი გვქონდა საკრებულოს სხდომაზე, მაგრამ შევიკავეთ თავი სწორედ იმის გამო, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩვენზე უკეთ იციან ალბათ ამ პროექტის სპეციფიკა. დარწმუნებული ვარ, რომ ხარაგაულელი ახალგაზრდები ამ პროექტს თავს წარმატებით გაართმევენ“.
პროექტის მონაწილე, მარელისის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ არევაძე ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ახალგაზრდული საკრებულოს პროექტის იდეა: „საინტერესო იქნება ეს პროექტი ჩემი თანატოლების, ქვეყნისა და მუნიციპალიტეტებისთვის.“
მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს ამ პროექტს ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე არჩილ მაისურაძე: „ხარაგაულში, დიდ ქალაქებთან შედარებით, ნაკლები აქტივობები ტარდება ბავშვებისათვის. ეს პროექტი გარკვეული შანსი იქნება მოსწავლებისთვის, რომ გახდნენ აქტიური მოქალაქეები. საქართველოს სჭირდება ძლიერი საზოგადოება.“
პროექტის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ინტერნეტ პორტალი, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდული საკრებულოების 2105 წევრს და სადაც განთავსდება მათზე დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, მოცემული იქნება თითოეული წევრის ინიციატივებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციები. ასევე, ყველა მუნიციპალიტეტის „ახალგაზრდული საკრებულოსთვის“ უკვე არსებობს 64 Facebook გვერდი.
თამთა გოგოლაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“