მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) მონაწილე, ხარაგაულის გიმნაზიის XII კლასის მოსწავლე კესო ჩხიკვაძე, უკვე რამდენიმე თვეა, ამერიკის ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლთან ახლოს, ქალაქ კირკლენდში ცხოვრობს და სწავლობს.
კესო ერთ თვეში სამშობლოში დაბრუნდება. ამიტომ ამერიკული ბოლოდროინდელი შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.
– სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, – ამბობს კესო ჩხიკვაძე, – ამიტომ ჩემთვის რთული დასაჯერებელია, რომ ცოტა ხანში ჩემი ამერიკული ცხოვრების უზარმაზარ ჩემოდნებში ჩალაგება და აქაურობის დატოვება მომიწევს. სევდითა და მოუთმენლობით ერთდროულად ვარ შეპყრობილი. ყველაზე მეტად მახარებს ის, რომ ამერიკაში ვტოვებ მეგობრებს, მეორე ოჯახს და ადამიანებს, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ესტუმრონ საქართველოს.
ამერიკაში ჩემი ყოფნის ბოლო თვეები საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა. ძალიან შევეჩვიე ყველასა და ყველაფერს ჩემს გარშემო. ამიტომ თავს კომფორტულად ვგრძნობ და ბევრი რამ მიმარტივდება. სხვადასხვა დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, ზოგჯერ პარკში, ხან – ადგილობრივ ეკლესიაში მოხალისედ ვსაქმიანობ. უამრავ საინტერესო ადამიანს ვხვდები და მათგან ბევრს ვსწავლობ.
მოხალისეობრივი საათების დაგროვება მეხმარება გავიაზრო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი, როგორც მოქალაქის ვალი, რომ დრო დავუთმო იმ გარემოს, სადაც ვცხოვრობ. შესაბამისად, ეს პროცესი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა.
აპრილის ყველაზე კარგი მოგონება ნიუ-იორკში მოგზაურობაა. ეს იყო სასკოლო ექსკურსია თანასკოლელებთან ერთად და ყველაზე საინტერესო ერთი კვირა გავატარე ნიუ-იორკში. ვნახეთ სხვადასხვა ტურისტული ადგილები, დავესწარი ბროდვეის სპექტაკლებსა და გასაოცარ მიუზიკლებს. გამიმართლა და შევხვდი ჰოლივუდისა და ბროდვეის გამორჩეულ ვარსკვლავებს. დავათვალიერეთ მუზეუმები, დავაგემოვნეთ ცნობილი ნიუ-იორკული პიცა და ბლითები.
უზარმაზარი ნიუ-იორკის ერთ კვირაში დათვალიერება შეუძლებელია. შესაბამისად, დასაბრუნებელი ბევრი მიზეზი მაქვს.
ამ მოგზაურობაში კლასელებთან ერთად ყოფნა კიდევ უფრო საინტერესო და მხიარული იყო. ერთმანეთი კარგად გავიცანით და უფრო მეტად დავმეგობრდით.
ამერიკულ სკოლაში მესამე სემესტრი ჩემთვის ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. სხვადასხვა კლუბებში გავერთიანდი. მაისში კულტურის საღამოს მოწყობას ვგეგმავთ.
ჩემს სკოლაში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ მე და სხვა რასის, სქესის, ეროვნების, კულტურის, ორიენტაციისა თუ რელიგიის სტუდენტები ერთად ვსწავლობთ. ყოველდღიურად გვაქვს შანსი, გავიგოთ მეტი ერთმანეთის კულტურის შესახებ და ვიყოთ უფრო მიმღებლები.
მომავალი კულტურის საღამოც იქნება ღონისძიება, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს იმას, რომ ყველა კულტურა დასაფასებელი და მისაღებია. მე, რა თქმა უნდა, საქართველოს წარვადგენ.
ჩემი ქვეყნის შესახებ პრეზენტაციები უკვე მრავალჯერ გავაკეთე. ამიტომ ეს პროცესი ძალიან სახალისო და მარტივი გახდა. პრეზენტაციებში ხშირად ვიყენებ ქართულ თამაშებს, ცეკვას, მუსიკას, რითაც აუდიტორია ყოველთვის ძალიან ინტერესდება.
საქართველოში ივნისის დასაწყისში დავბრუნდები და ვცდილობ, მანამდე კიდევ ბევრი რამ მოვასწრო; ვნახო ის ადგილები, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ და დავაგროვო მოგონებები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება“.
FLEX – ის პროგრამაში ხარაგაულიდან 2016 წელს ფერიდე ბერაძე, ხოლო 2019 წელს სალომე მაჭავარიანი მონაწილეობდა.
თამთა გოგოლაძე
ფოტოებზე – კესო ჩხიკვაძე ნიუ-იორკში, კესო ამერიკულ ოჯახთან ერთად
ამავე თემაზე:
მასპინძელ ოჯახს საქართველოზე ხშირად ვესაუბრები – კესო ჩხიკვაძე ამერიკულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს
დღეს კიდევ 30 სტუდენტს გავაგებინე, რომ საქართველო ევროპაშია და რუსეთი ოკუპანტია
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.