

საქართველოს ხელისუფლება მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს. ამ მიზნით გამოცდილების გასაზიარებლად სამთავრობო ჯგუფი გასულ თვეში ავსტრიაში იმყოფებოდა. ავსტრიაში ვიზიტის შესახებ გვესაუბრება კანონპროექტზე მომუშავე სამთავრობო ჯგუფის წევრი, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე:
-ავსტრიაში ვიმყოფებოდით პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მინისტრის მოადგილე რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად. ჩვენი ვიზიტის ორგანიზატორია გაერო.
საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გვქონდა. ვისაუბრეთ ეკონომიკურ თემებზე, პრობლემებზე, იმ ნორმატიულ აქტებზე, რაც არეგულირებს მთაში განლაგებულ რეგიონთა შეღავათებს. ბევრ შემთხვევაში დიამეტრულად განსხვავებული პოზიციებია ჩვენს კანონპროექტთან. ჩვენთან უფრო მეტი ორიენტაციაა სოციალურ შეღავათებზე. ავსტრიაში კი წახალისებულია სამეწარმეო საქმიანობა. თუ ავსტრიულ პროდუქციას ახლავს ლოგო – დამზადებულია მაღალმთიან რეგიონში – ეს იმას ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა.
განსაკუთრებით საინტერესოა ალპებში მცხოვრებთა საცხოვრებელი პირობები. ადამიანები სახლობენ 1500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ავსტრიაში ადამიანი და ხელისუფლება ერთმანეთს დაშორებული არ არის ისე, როგორც ჩვენთან. იქ 2000-მდე მუნიციპალიტეტია. რამდენიმე ასეული მოსახლეც ქმნის მუნიციპლიტეტს, თუ ასე უფრო მოხერხებულია მართვა. ცხრა ფედერაციული სუბიექტიდან შვიდში ვიყავით. ფაქტობრივად, ავსტრიის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი მოვიარეთ. ოფიციალური ვიზიტით შევხვდით ბურგომისტრებსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ამ შეხვედრებმა ბევრი მიმართულებით ოპტიმიზმი გამიქრო, თუმცა არ გამხადა პესიმისტი და სხვადასხვა მიმართულებით ძალები შემმატა, რომ საქართველოში შეიძლება იყოს სერიოზული რესურსი.
ავსტრიის მაღალმთიანეთში მკაცრი პირობებია, მაგრამ ამის მიუხედავად ყველა სახლთან მიდის ასფალტი, ყველა სახლი ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემაზეა. ტურიზმი მაღალ დონეზეა განვითარებული. ვნახეთ მსხვილი და პატარა საწარმოები. ავსტრიაში ბევრი ხის საწარმოა და ტყის კვალიფიციურად მოვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არის სახელმწიფო, კერძო და მუნიციპალური საკუთრების ტყეები. ყველა მათგანი ათვისებულია. ავსტრიაში დამზადებული ავეჯით ევროპის ბაზარზე შედიან პატარა სამრეწველო საწარმოები.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიაშიც პრობლემაა ის, რომ ახალგაზრდები არ ჩერდებიან მთიან რეგიონებში. სკოლიდანვე ასწავლიან ბავშვს, რომ უნდა შეიძინოს ადგილობრივი პროდუქცია, რადგან მასზეა დამოკიდებული მთის განვითარება.
მაღალმთიან ავსტრიას ქვეყნის საერთო ბიუჯეტში ტურიზმიდან სოლიდური თანხა შეაქვს. ეს კი დამოკიდებულია მთაში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე. ტურისტი მარტო მთისთვის არ მიდის იქ. ადამიანის გარეშე ფასი არ აქვს არაფერს. ამიტომ ყველაფერი ტურისტებზეა გათვლილი. ერთ პატარა ქუჩაზე შეიძლება ნახო რამდენიმე ათეული სასტუმრო და უამრავი კარგად შეფუთული სუვენირი. რომის იმპერიის დროინდელი ქვა გვაჩვენეს. საქართველოში ისტორიული თვალსაზრისით უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება შეიძლება ტურისტებისთვის. ცდილობენ, რომ დაასაქმონ კვალიფიციური ადამიანები.
ავსტრიის რაიონებსა და მუნიციპალიტეებში ადმინისტაციული ხარჯი მინიმალურია და ყველა დასაქმებული ქმნის პროდუქტს, – ქალაქის პოპულარიზაციაზე მუშაობენ და სერიოზულ პროგრამებს აფინანსებენ.
ვიყავით ერთ სოფელში ათას მეტრზე ზღვის დონიდან, სადაც ზამთარში ტემპერატურაა -200. ფერმერს 3 ჰა მიწაზე ვაშლის ბაღი აქვს გაშენებული. წელიწადში 150-200 ტონა ვაშლი მოჰყავს. ამზადებს ალკოჰოლურ სასმელს, ასხამს წვენებს, აქვს საზკვების ობიექტი და გამართული მეურნეობა. სახელმწიფომ დაუწესა შეღავათები. მეურნეობის შესაქმნელად 100 ათასი ევროდან 40 ათასი სახელმწიფომ მისცა. ავსტრიის მაღალმთიანეთში სახელმწიფო შეღავათებს აწესებს ეკონომიკურ აქტივობებზე.
კანონპროექტზე ვმსჯელობთ პარლამენტის წევრი მაჟორიტარი დეპუტატები. თითქმის ყველას აქვს პრეტენზია, რომ მაღალმთიანის სტატუსი მიიღოს მათმა მუნიციპალიტეტმა. ვფიქრობ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე აზრი ვკითხო ხარაგაულელებს.
ზღვის დონიდან დაშორებისა და იმის გამო, რომ მათ ტერიტორიაზე გადის ცენტრალური საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტესი სოფლები, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს მაღალმთიანის სტატუსს. ჩვენ გულახდილად უნდა ვუთხრათ მოსახლეობას, რა ელოდებათ.
ავსტრიაში კონკრეტული მიზნები აქვთ, – ეკონომიკური და სხვა აქტივობებით რამდენმა ადამიანმა შეიძლება ირჩინოს თავი. სოციალური დახმარებით ვერ გააძლიერებ სოფელს. ადამიანმა ყველგან უნდა იცხოვროს ღირსეულად. ავსტრიის ქალაქსა და სოფელში ერთნაირად მაღალი ცხოვრებს დონეა. ჩვენ ასეთი ქვეყნისკენ უნდა წავიდეთ და არა ისეთისკენ, სადაც მადლობას გადავუხდით ჩინოვნიკებს წამლის ფულისა და სოცდახმარების გამო. ხელისუფლების ვალია, თითოეული დასახლებული პუნქტისთვის გავწეროთ მომავალი ეკონომიკური აქტივობები, დავთვალოთ პერსპექტივები.
არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ მხოლოდ მთას შეუძლია დიდი ეკონომიკური აქტივობის მოტანა. თუმცა გონიერმა ადამიანებმა ყველგან შეიძლება თავი ირჩინონ და დოვლათი შექმნან. ტურიზმის განვითარებაზე მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა საკუთარ თავს ექსკურსიები მოუწყონ.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ვაშლის ბაღი მაღალმთიან ავსტრიაში
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი