კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო უკვე, მეორე წელია, ებრძვის. მან გავლენა თითქმის ყველა სფეროზე მოახდინა. რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოიტანა პანდემიამ მსოფლიოში ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე საუბრობს.

„პანდემიის გავლენით, მსოფლიოში ვაჭრობა 5%-ით შემცირდა, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობის რაოდენობა (ვისაც დღიური შემოსავალი 2 დოლარზე ნაკლები აქვს) დაახლოებით 34 მილიონით გაიზარდა; განვითარებული ქვეყნების ეკონომიკამ 25,8%-ით უკუსვლა განიცადა; 30%-ით გაიზარდა სკოლის მიღმა დარჩენილ მოზარდთა რაოდენობა; პანდემიის პიკზე, მინიმუმ 1,5 მლრ მოსწავლე და სტუდენტი იმყოფებოდა სასწავლო აუდიტორიების გარეთ, ანუ ონლაინსწავლებაზე.

ამ ორი წლის განმავლობაში, სასწავლო პროცესის არასრულფასოვნების გამო, შემდგომი შემოსავლების შეფასებითი დანაკარგი დაახლოებით 10 ტრილიონი დოლარია.

მოიმატა არასრულწლოვანთა ქორწინებებმა იმის გამო, რომ ეს ბავშვები სახლში ისხდნენ და სოციალური ურთიერთობები ნაკლები იყო. უფრო მეტად გაღრმავდა სოციალური უთანასწორობა. პანდემიამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ინფრასტრუქტურის, ტურიზმის განვითარებაზე, განათლებაზე, კულტურაზე, უსაფრთხოებასა და სხვა სისტემებზე. ყველაზე მძიმე ზეგავლენა მოახდინა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში covid-19-ით 494 მლნ ადამიანი დაინფიცირდა. თუმცა, შეფასებითი მაჩვენებელი 3,5-ჯერ მეტია – ანუ, სინამდვილეში სულ დაახლოებით – მილიარდ 600 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

ოფიციალური მონაცემით, მსოფლიოში covid-19-ით 6,1 მლნ ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, რეალურად, – დაახლოებით 16-დან 20 მლნ-მდე ადამიანია ამ ვირუსით გარდაცვლილი.

2020-2021 წლებში Covid-19-მა, გამოწვეული შედეგებით, გადააჭარბა ყველა ინფექციურ მკვლელს, – ტუბერკულიოზს, ჰეპატიტებს, შიდსს, მალარიას.

ფილოსოფიის კანონია, რომ ყველა ცუდში, რაღაც კარგიც არსებობს – პანდემიის დროს ციფრული ურთიერთობები განვითარდა. უპრეცედენტო სამეცნიერო თანამშრომლობა შედგა ვაქცინებისა და მედიკამენტების შესაქმნელად.

ამავე თემაზე:

ყველა სოფელი უნდა შემომევლო და მეთქვა, რომ ხსნა ვაქცინაციაზე გადის – ამირან გამყრელიძე