გასულ კვირაში, 7 აპრილს, საქართველოში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. ეს პირველი შემთხვევაა 2020 წლის 20 სექტემბრის შემდეგ. ბოლო ორ წელიწადში ამ ვირუსმა ჩვენს ქვეყანაში 16 779 სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია, ეს ვირუსი რა სიურპრიზს გვიმზადებს. ამიტომ ყველა ვარიანტისთვის მზად უნდა ვიყოთ.

კორონავირუსმა თუ ბიოლოგიური ევოლუციის კანონს არ გადაუხვია, მაშინ წელს პანდემია დასრულებულად გამოცხადდება. თუმცა, ვირუსი არ გაქრება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, კორონავირუსის შემდგომი გავრცელების თვალსაზრისით, სამ „სცენარს“ განიხილავს:

1) რეალური – რომელშიც დღეს ჩვენ ვართ. ვირუსი სუსტდება და პერიოდულად ბუსტერიზაცია დაგვჭირდება;

2) ოპტიმისტური – შესაძლოა, ვირუსი იმდენად დასუსტდეს, რომ სეზონურ გრიპად გადაიქცეს;

3) ნეგატიური – შესაძლოა, წარმოიშვას ახალი, უფრო აგრესიული შტამი. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ ახალი ვაქცინებითა და პრეპარატებით.

 

რა გავლენა მოახდინა პანდემიამ მსოფლიოზე

პანდემიის გავლენით, მსოფლიოში ვაჭრობა 5%-ით შემცირდა; ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობის რაოდენობა (ვისაც დღიური შემოსავალი 2 დოლარზე ნაკლები აქვს) დაახლოებით 34 მილიონით გაიზარდა; განვითარებული ქვეყნების ეკონომიკამ 25,8%-ით უკუსვლა განიცადა; 30%-ით გაიზარდა სკოლის მიღმა დარჩენილ მოზარდთა რაოდენობა; პანდემიის პიკზე, მინიმუმ 1,5 მლრ მოსწავლე და სტუდენტი იმყოფებოდა სასწავლო აუდიტორიების გარეთ, ანუ ონლაინსწავლებაზე.

ამ ორი წლის განმავლობაში, სასწავლო პროცესის არასრულფასოვნების გამო, შემდგომი შემოსავლების შეფასებითი დანაკარგი დაახლოებით 10 ტრილიონი დოლარია.

მოიმატა არასრულწლოვანთა ქორწინებებმა იმის გამო, რომ ეს ბავშვები სახლში ისხდნენ და სოციალური ურთიერთობები ნაკლები იყო. უფრო მეტად გაღრმავდა სოციალური უთანასწორობა. პანდემიამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ინფრასტრუქტურის, ტურიზმის განვითარებაზე, განათლებაზე, კულტურაზე, უსაფრთხოებასა და სხვა სისტემებზე. ყველაზე მძიმე ზეგავლენა მოახდინა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში covid-19-ით 494 მლნ ადამიანი დაინფიცირდა. თუმცა, შეფასებითი მაჩვენებელი 3,5-ჯერ მეტია – ანუ, სინამდვილეში სულ დაახლოებით – მილიარდ 600 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

ოფიციალური მონაცემით, მსოფლიოში covid-19-ით 6,1 მლნ ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, რეალურად, – დაახლოებით 16-დან 20 მლნ-მდე ადამიანია ამ ვირუსით გარდაცვლილი.

2020-2021 წლებში Covid-19-მა, გამოწვეული შედეგებით, გადააჭარბა ყველა ინფექციურ მკვლელს, – ტუბერკულიოზს, ჰეპატიტებს, შიდსს, მალარიას.

ფილოსოფიის კანონია, რომ ყველა ცუდში, რაღაც კარგიც არსებობს – პანდემიის დროს ციფრული ურთიერთობები განვითარდა. უპრეცედენტო სამეცნიერო თანამშრომლობა შედგა ვაქცინებისა და მედიკამენტების შესაქმნელად.

 

კორონავირუსი და მისი მართვა ჩვენს ქვეყანაში

COVID-19-ის პრევენციისა და მკურნალობის საკითხებზე, 9 აპრილს, ქუთაისში, იმერეთისა და სამეგრელოს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) ორგანიზებით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი, იმუნიზაციის სამმართველოს უფროსი ლიკა ჯაბიძე, იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს ექსპერტი ბიძინა კულუმბეგოვი, თსსუ პროფესორი, სისხლძარღვთა ქირურგი მამუკა ბოკუჩავა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, – თუ რა შეცდომები იქნა დაშვებული ამ ორი წლის განმავლობაში და რამდენად შესაძლებელი იყო ეპიდსიტუაციის უკეთესად მართვა, – ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამას სერიოზული გაანალიზება სჭირდება. „პანდემია არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის, არამედ  ქვეყნის გამოწვევაა.

საბედისწერო შეცდომა ქვეყანას არ დაუშვია. საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო, პარამეტრებითა და ინდიკატორებით, 2020 წლის 16 სექტემბრამდე. ამის შემდეგ დაიწყო დაღმასვლა – კორონავირუსის მართვა „ხელიდან გაგვექცა“, რაც რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული:

  • 2020 წლის ივლის-აგვისტოში ქართველებმა დავიჯერეთ, რომ „ჩვენ ყველას ვაჯობეთ“ და „პანდემია ვმართეთ“. ხალხმა „აიშვა“ – 300-500 კაციანი ქორწილები და ქელეხები გამართეს. კორონავირუსი ყველაზე მეტად კვების პროცესში ვრცელდება.
  • კორონავირუსის გავრცელების პიკი რომ იყო აჭარაში, ეს რეგიონი უნდა ჩაგვეკეტა ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ სვანეთსა და მარნეულში. ეს სრულად ვერ დაგვიცავდა, ჩვენ მაინც გვექნებოდა შედარებით რთული ოქტომბერ-დეკემბერი; თუმცა, არა ისეთი მძაფრი, რაც შემდეგ დაგვატყდა თავს.
  • 2020 წლის გაზაფხულსა და ზაფხულზე საზოგადოებისგან ძალიან დიდი სოლიდარობა გვქონდა. პანდემიებთან ბრძოლის დროს მთავარი საზოგადოებრივი წესრიგია. შემდეგ ეს პოლიტიკურმა პოლარიზაციამ გადაფარა. არჩევნები მოდიოდა. ეს საკითხი, სამწუხაროდ, უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა; საარჩევნო კამპანიების დროს წესრიგის დაუცველობამ, პირბადისა და დისტანციის უგულვებელყოფამ, შემდგომ დიდმა გამოსვლებმა სერიოზული როლი ითამაშა და კორონავირუსის გავრცელების შეკავება ვეღარ შევძელით“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

 

 სულ მცირე, ათასი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენდით…

„თითოეულ მოსახლესთან უნდა მივსულიყავით და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გვესაუბრა. საქართველოში 3000-ვე სოფელი უნდა შემომევლო და მოსახლეობისთვის მეთქვა, რომ ხსნა ვაქცინაციაზე გადის, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

2021 წლის ივნისში ჩვენს ქვეყანაში 5 მლნ დოზა ვაქცინა იყო. შეგვეძლო, მასობრივი ვაქცინაცია დაგვეწყო. აგვისტოში დღიურად 23 ათას აცრაზე ავედით. მიხაროდა და იცით, როგორი იმედი მქონდა?!

სექტემბერში, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლით, 20 ათას აცრაზე ჩამოვედით. ამასაც არა უშავდა. ოქტომბერი-დეკემბერი ჩავაგდეთ. ბუსტერ დოზა მხოლოდ 240 ათასმა ადამიანმა გაიკეთა. იანვრიდან მარტის ჩათვლით, 700-800 ათას ადამიანს რომ ბუსტერი გაეკეთებინა, სულ მცირე – ათასი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენდით, – ამას ადამიანების სოლიდარობა სჭირდება.

სამედიცინო პერსონალი ხელისგულზე სატარებელი ხალხია, მაგრამ გულნაკლული ვარ – ექიმების 83% არის ორჯერადად აცრილი. მათგან ბუსტერ დოზით 35% აიცრა.  ექთნებში ორჯერადად აცრა  60%-ზე ოდნავ მეტია და კიდევ უფრო ნაკლები – უმცროს სამედიცინო პერსონალში.

ბევრჯერ იყო მსჯელობა სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებასთან დაკავშირებით. პიროვნულად მხარს ვუჭერდი, რომ ექიმებსა და მასწავლებლებში აცრა სავალდებულო ყოფილიყო. თუმცა, სამწუხაროდ, სავალდებულო აცრა ბევრ უფლებრივ საკითხთან წინააღმდეგობაშია და ვერ დადგინდა“.

 

რატომ არ იცრებიან ადამიანები

„ბრიტანეთმა იკვლიეს, თუ რატომ არ იცრებიან ადამიანები. ეს ფაქტორები თითქმის იდენტურია მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი, – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წინააღმდეგნი არიან:

  • ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას მხოლოდ სოციალური მედიის საშუალებით იღებენ;

ანუ მათთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო არის სოციალური მედია. ისინი კითხულობენ არა კვალიფიციურ ინფორმაციას, არამედ ვიღაცის ნაჭორავებს, სოციალურ ქსელში;

  • დაუსაქმებელი ადამიანები, რომლებიც არსად მუშაობენ;
  • სხვადასხვა დაავადების მატარებლები და შშმ პირები, რომლებისთვისაც აცრა გარკვეულ სირთულებთან არის დაკავშირებული;
  • ადამიანები, რომლებსაც ვაქცინაციის უსაფრთხოების არ სჯერათ.

ფეიკნიუსებთან  ბრძოლის ყველაზე სწორი და ძლიერი მეთოდი მტკიცებულებაზე დამყარებული ფაქტებით ბრძოლაა. ფეიკნიუსები ციფრობრივი, სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობილი არგუმენტებით უნდა გავანეიტრალოთ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, ამ ორი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველკვირეულად ვხვდებოდით ჟურნალისტებს. არც ერთ შეკითხვას არ გავურბივართ და ვცდილობთ, თითოეული ჩვენი პასუხი მტკიცებულებებზე დამყარებული იყოს.

ვაქცინაცია უსაფრთხოა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღრიცხავს ყველა აცრის შემდგომ გართულებას. საქართველოში ერთჯერადად აცრილი მილიონ 363 076 ადამიანში სერიოზული იმუნიზაციის შემდგომი გართულება მხოლოდ 0.06%-ში განვითარდა“, – განმარტავს ხათუნა ზახაშვილი.

 

პოსტკოვიდი – გლობალური ჯანმრთელობის ყველაზე დიდი გამოწვევა

„კოვიდის შემდგომი გართულებები გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი გამოწვევა იქნება უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – კოვიდი, ოფიციალურად, 500 მლნ-მდე ადამიანმა გადაიტანა. უსიმპტომოდ, ალბათ, სამჯერ მეტმა და გასაგებია, რომ შესაბამისად, პოსტკოვიდური გართულებები უზარმაზარი პრობლემა იქნება.

ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ პოსტკოვიდური დაავადებების მკურნალობის პროგრამა იქნება ცალკე მიმართულება, როგორც ეს არის, ვთქვათ, დიალეზის სახელმწიფო პროგრამა ან სხვ.; თუმცა, ვიცი ჯანდაცვის სამინისტროს მოსაზრება, რომ კოვიდის შემდგომი გართულებების სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამები გათვალისწინებული იქნება საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში“.

„პანდემია თითქოს დასასრულს უახლოვდება. თუმცა, პანდემია დასრულდება მხოლოდ მათთვის, ვინც არის ვაქცინირებული,“ – ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.

„ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ თითოეული ჩვენთაგანი არ იქნება უსაფრთხოდ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

თამთა გოგოლაძე