ხარაგაულის სახალხო თეატრმა სპექტაკლი „იმერული რექვიემი“ ხარაგაულის კინოთეატრის სცენაზე უკრაინელთა მხარდასაჭერად გამართა.

თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ ყველა ჩვენგანის ვალია, გვერდით დავუდგეთ ქვეყანას, სადაც ახლა ომი მიმდინარეობს

„შეშფოთებული ვართ და თანავუგრძნობთ უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ხარაგაულის მოსახლეობამაც შეაგროვა ტვირთი, თვითმმართველობამ სპეციალური ანგარიში გახსნა. თუმცა, გვინდოდა, მცირედი წვლილი შეგვეტანა და ჩვენი შემოქმედებით მოძმე უკრაინელებს დავხმარებოდით.

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სპექტაკლი 16 აპრილს თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში გავმართოთ. გელოდებით ყველას, ვისაც ჩვენი თეატრი გიყვართ. ხარაგაულსა და თბილისში ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინელთა დასახმარებლად გადაირიცხება“.

მისამართი – კოსტავას ქ. #69, II სასწავლო კორპუსი, III სართული, დასაწყისი 17:00 საათზე.

„იმერული რექვიემი“ რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ დრამატურგ რეზო კლდიაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა. 2021 წელს „იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე“ ამ სპექტაკლმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა (საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლი ლია ჭიპაშვილი, საუკეთესო ქალი მსახიობი ირინე ჩხეიძე), ხოლო თავად პიესა საუკეთესო თანამედროვე ქართულ პიესად დასახელდა.