მეხუთე წელია, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში უსინათლოთა პროგრამა ხორციელდება.
ბენეფიციარები ბრაილის შრიფტს, ადაპტირებულ კომპიუტერულ პროგრამებს, სამაგიდო სპორტულ თამაშებსა და აუდიო წიგნების მოძიებას სწავლობენ. უსინათლოთა პროგრამა, ყოველწლიურად, რვა თვის განმავლობაში გრძელდება. მეცადინეობები კვირაში ორ დღეს – ოთხშაბათსა და პარასკევს ჩატარდება.
მიმდინარე წლის 6 აპრილიდან ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამებში 14 უსინათლო ჩაერთო. ხარაგაულის ბიუჯეტიდან წელს უსინათლოთა პროგრამა 12 ათასი ლარით ფინანსდება. ბენეფიციარები საღანძილიდან, მარელისიდან, ლეღვნიდან, წიფადან, ჩხერიდან და სხვა სოფლებიდან დადიან.
„12 ათასი ლარი წრეების ხელმძღვანელთა და მენეჯერის, სულ ხუთი დასაქმებულის ხელფასია, – ამბობს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნიკო მაჭავარიანი, – წლის ბოლოს შემაჯამებელი ღონისძიებისთვის პროგრამაში ჩართულ პირებს მცირედ საჩუქრებს შევუძენთ. სოფლებიდან ხარაგაულში უსინათლოთა ტრანსპორტირება პრობლემაა. ამის გამო ყველა მსურველი პროგრამაში ვერ ერთვება“.
წყალაფორეთში მცხოვრები უსინათლო გიგა ხიჯაკაძის მამა ავთო ხიჯაკაძე ამბობს, რომ ხარაგაულში თუკი რაიმე სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთებულა, მათ შორის ერთ-ერთი უსინათლოთა პროგრამაა. მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში გიგა ბრაილის შრიფტს სწავლობდა.
„წყალაფორეთიდან ხარაგაულში კვირაში ორი დღე სიარული წარმოუდგენელია, – ამბობს ავთო ხიჯაკაძე, – ჩემი შვილი ჯერ კიცხში უნდა ჩამოსულიყო ფეხით და მერე კიცხიდან ხარაგაულისკენ მომავალ მიკროავტობუსს გამოჰყოლოდა. უკანა გზაზე კი ზოგჯერ გამვლელ მანქანას მოჰყვებოდა. ეს მისთვის ძალიან ძნელი იყო. წყალაფორეთის სკოლაში ვმუშაობ და ამიტომ უდროობის გამო ვერ შევძელი, შვილი რომ ხარაგაულში ავტომობილით სისტემატურად გადმომეყვანა. უტრანსპორტობამ გიგა პროგრამას გამოთიშა. ბრაილის შრიფტის შესწავლას სისტემატური მეცადინეობა სჭირდება. ორ წელიწადში რაც ისწავლა, დაავიწყდა.
ამ პროგრამას ვინც ახორციელებს, ბენეფიციარებს გადაადგილებაში მხარდაჭერაც სჭირდებათ – უსინათლოთა ტრანსპორტირებაზეც უნდა იფიქრონ. განათლების სამინისტრომ წყალაფორეთის სკოლაში ტრანსპორტი ერთი მოსწავლისთვის დანიშნა და ხარაგაულში უსინათლოებისთვის ერთი ავტომანქანა როგორ ვერ გამოიძებნა“?!
ხარაგაულში უსინათლოთა პროგრამის მენეჯერი გულიკო ჭარბაძე ამბობს, რომ ეს პროგრამა კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა. 2020 წელს, ფაქტობრივად, მეცადინეობები ვერ ჩატარდა. შესაბამისად, პროგრამისთვის განსაზღვრული თანხა არ გახარჯულა.
„ძალიან მონდომებული და აქტიური პირები არიან ამ პროგრამაში ჩართულები, – ამბობს გულიკო ჭარბაძე, – ბრაილით ჯერ ისწავლება წერა და მერე კითხვა. ახლა კითხვის შესწავლის ეტაპზე ვართ და ეს საკმაოდ რთულია.
გასულ წელს ბრაილის შრიფტის მასწავლებელი, ოჯახური მდგომარეობის გამო, სხვა ქვეყანაში გაემგზავრა. 4-5 თვე სწავლებას ხომ ვერ ჩავშლიდით და ამიტომ ახალი ჯგუფისთვის მასწავლებლის გამოსავლენად შიდა კონკურსი ჩავატარეთ. დროებით პედაგოგად ყველაზე კარგი შედეგის მქონე პირი ავიყვანეთ. ჩვენს ბენეფიციარებს, თუ ბრაილის შრიფტს კარგად დაეუფლებიან, თბილისის #202 სკოლაში შეუძლიათ ჩააბარონ გამოცდა და ლიცენზია მიიღონ. ეს მათი დასაქმებისთვის კარგი შანსია.
უტრანსპორტობა ხელს გვიშლის. ღორეშიდან, მაგალითად, ერთი უსინათლო ბიჭი დედას დაჰყავდა. შარშან სიარული ვეღარ შეძლეს. ტრანსპორტირებს პრობლემა აქვს ლეღვნელ გოგონას. თავად კომპიუტერის მასწავლებელს, ვასილ ლომიძესაც ძალიან უჭირს ხარაგაულამდე მოსვლა. ის ხარაგაულში ხან გორიდან, ხანაც ზესტაფონიდან დადის.
ზოგჯერ, თუ ძალიან ცუდი ამინდია, სამაგიდო თამაშების წრის მასწავლებელს, სერგოს ვეუბნები, რომ არ წამოვიდეს ვარძიიდან, რადგან თავად გვითხრა, სახლიდან მიკროავტობუსის გაჩერებამდე მუხლამდე ტალახში მოვდივარო.
წელს უსინათლოთა პროგრამისთვის 12 ათას ლარზე 1040 ლარი რომ დაემატებინათ, მასწავლებლებს ხელფასზე 50-50 ლარს დავუმატებდით და ეს თანხა ტრანსპორტირებისთვის გამოადგებოდათ.
სამომავლოდ უნდა ვიფიქროთ, რომ უსინათლოთა წრეები ხარაგაულში ზონალურად შევქმნათ. ათამდე უსინათლო ყველა ზონაზე მოგროვდება. ყურადღება ნამდვილად გვჭირდება. ყველა მასწავლებელი თავდაუზოგავად შრომობს. შედეგს წლის ბოლოს, შემაჯამებელ ღონისძიებაზე ვაჩვენებთ“.
უსინათლოთა საზოგადოების ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვასილ ლომიძე ხარაგაულის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან შეხვედრას გეგმავს.
„მერს უნდა ვთხოვო, რომ უსინათლოთა პროგრამის ფარგლებში 5-6 უსინათლოსთვის, რომლებიც კომპიუტერულ პროგრამებს კარგად ფლობენ, ანდროიდის ტიპის ტელეფონების შესაძენად თანხა გამოგვიყოს. ანდროიდ ტელეფონებში იტვირთება ის ხმოვანი პროგრამა, რომელიც კომპიუტერშიც გვაქვს. ამის შემდეგ ბენეფიციარები შეძლებენ აუდიო, ელექტრონული წიგნებით ნებისმიერ, მათთვის სასურველ დროს ისარგებლონ.
უმთავრესი პრობლემა ბენეფიციართა ტრანსპორტით უზრუნველყოფაა. ამ პრობლემის მოგვარების ჩემეულ ხედვას მერს აუცილებად გავაცნობ“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების