ხარაგაულელი ახალგაზრდები და საზოგადოების წარმომადგენლები „კონსერვატიული მოძრაობის“ წინააღმდეგ ინტელექტუალურ ბრძოლას იწყებენ.

ხარაგაულელების შეკრება სოციალური ქსელით პირდაპირი ეთერით გავაშუქეთ (პირდაპირი ეთერით გადაცემული ვიდეოჩანაწერის მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც მელოდია ისმის, ხმა არის ჩახშული).

ხარაგაულელი ახალგაზრდების ეს შეკრება ხარაგაულში კონსერვატორული მოძრაობის ოფისის გახსნას მოჰყვა.

„ყველა სოფელში, ყველა ოჯახში მივალთ და ადამიანებს ავუხსნით, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ პრორუსული ძალაა. ამ პარტიის ადგილი საქართველოში არ არის. ეს ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა ხარაგაულელმა ახალგაზრდამ, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა ჩხეიძემ ხარაგაულში გამართულ აქციაზე.

სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 200-ზე მეტი ხარაგაულელი, კულტურის ცენტრის წინ, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის დახურვის მოთხოვნით, 19 მარტს შეიკრიბა.

ამ პარტიის ოფისი ხარაგაულში 11 მარტს გაიხსნა. „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებლები ამბობენ, რომ თითქოს „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირისა და ნატოს წევრობა არ სურს და რომ ევროკავშირმა საქართველოს უარი უთხრა წევრობაზე“. ისინი ოკუპანტ რუსეთთან მოკავშირეობას გეგმავენ. ხარაგაულში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ხელმძღვანელი გიორგი (გოგი) ლაცაბიძეა.

ხარაგაულელების მოთხოვნაა, რომ ჩვენი ქვეყნის საერთო მტრის, რუსეთის მოკავშირე პარტიები საქართველოში არ უნდა ფუნქციონირებდნენ. რუსეთი რომ დამპყრობელია, ამას უკრაინაზე მისი თავდასხმა და მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა ადასტურებს.

„ჩვენ ვაპროტესტებთ პრორუსული პარტიის ოფისის გახსნას ხარაგაულში, რადგან ვიცით ჩვენი ისტორია, – აღნიშნა საპროტესტო აქციაზე ნინო დავაძემ, – ეს ისტორია გვასწავლეს მასწავლებლებმა, რომლებიც თაობიდან თაობას თავისუფლების იდეებს გადასცემენ. ამიტომ მათ მადლობა უნდა ვუთხრათ“.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა რუსულ ორბიტაზე დაბრუნებად მიაჩნია მაია ბერაძეს. ის ამბობს, რომ ღირსებისთვის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს და სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარები ვერ შეაშინებს.

„კონსერვატიული მოძრაობის“ „მზრუნველობას“, ტექსტით – „აბა, ომი გინდათ?!“ – ისტორიის მასწავლებელმა მარინა მაღრაძემ პროვოკაციული და დემაგოგიური უწოდა.

„ეს პოლიტიკური პარტია ალტერნატივად იმ დროს მოგვევლინა, როცა ხალხს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა აღარ აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაში მყოფ არაპოპულარულ პარტიებს ჩაანაცვლებენ. ვერ ჩაანაცვლებენ, რადგან ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არ ინერვიულოთ. არც იმან შეგაშინოთ, რომ მცირერიცხოვნები ვართ. ჩვენ ძალიან ძლიერი ერი ვართ და ასურეთიდან მოყოლებული, 15 იმპერია მოვინელეთ. გაქრა ქვეყნები და ჩვენ დავრჩით.

ბოლშევიზმი საქართველოში ვეღარ დაბრუნდება“.

საპროტესტო აქციაზე პატივი მიაგეს იმ ხარაგაულელ გმირებს, რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის წინააღმდეგ ომს შეეწირენ.

რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ხარაგაულის სახალხო თეატრის დასთან ერთად მის მიერ დადგმული, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი, სპექტაკლი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაღალი ფიცარნაგიდან ილიას სიტყვების გამეორებისას უნდა გესმოდეს ის ღირებულებები, რისთვისაც ილია ჭავჭავაძე და თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები იბრძოდნენ.

პრორუსული პარტიის ოფისის გახსნას მოქალაქეები ხარაგაულში 14 მარტიდან აპროტესტებენ. „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ ეს შეკრებები სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვით გააშუქა.

„ამ პარტიის ხარაგაულის ოფისის გახსნაზე მისმა დამფუძნებელმა მსმენელი შეცდომაში შეიყვანა, როცა განაცხადა, რომ თითქოს საქართველოს მოსახლეობას ევროპასთან ინტეგრაცია არ სურს, – აღნიშნა ხარაგაულელების შეკრებაზე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორმა ლაურა გოგოლაძემ, – ჩვენ მას ვუთხარით, რომ საქართველოში ამომრჩეველთა 77%-მა, 2008 წლის პლებისციტით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. მოსახლეობის ეს ნება კი საქართველოს კონსტიტუციის მეთერთმეტე თავში აისახა შემდეგი ჩანაწერით – „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

მცდარია ამ პარტიის დამფუძნებლის აზრი, რომ თითქოს დღევანდელი ახალგაზრდები, რომელთაც 2008 წელს საარჩევნო უფლება, არასრულწლოვანების გამო ჯერ არ ჰქონდათ, დღეს სხვაგვარად ფიქრობენ. ამის დასტურია ისიც, რომ ხარაგაულელთა დღევანდელი შეკრების ორგანიზატორები სწორედ ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც 2008 წელს ბავშვები იყვნენ და ამიტომ არჩევნებში/პლებისციტში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ“.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და საქართველოში პრორუსული პარტიის საქმიანობა მიუღებლად მიიჩნიეს თამარ სხილაძემ, სალომე სვიანაძემ, ლალი ტალახაძემ, გურამ კურტანიძემ, ქეთი დავაძემ, გიორგი უშიკიშვილმა.  

მშვიდობიანი შეხვედრის მონაწილეებმა „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისში შეკრებილთ მოუწოდეს, რომ აქციაზე მოსულიყვნენ და ერთმანეთს დალაპარაკებოდნენ. მათი ეს გულწრფელი თხოვნა ოფისში მყოფებმა არ გაიზიარეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის მეპატრონეს პარტიასთან ხელშეკრულების გაწყვეტისკენ მოუწოდეს. ფართის მეპატრონე ამბობს, რომ პარტიის დამფუძნებელთან ხელშეკრულება 11 თვით აქვს დადებული. თუმცა, საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ხელშეკრულება ატვირთული არ არის.

„პრობლემა ძალიან მარტივად მოგვარდება, – ამბობს შალვა ჩხეიძე, – თუ ფართის მეპატრონე ხელშეკრულებას შეწყვეტს, მზად ვართ, პარტიისგან გადასახდელი ხუთი თვის თანხა ერთ კვირაში შევუგროვოთ; იურიდიული კონსულტაცია, დახმარება აღმოვუჩინოთ და მისი უფლებები დავიცვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

ჩვენ იმ პარტიის ოფისის გახსნის კი არ გვეშინია, რომელიც არჩევნებზე ხმების 2%-საც ვერ მიიღებს; უბრალოდ, ღირსების საკითხია. სოლომონ მეორის ქუჩაზე, – იმ მეფის, რომელიც რუსეთთან ბრძოლას შეეწირა, – რუსეთის მხარდამჭერთა ოფისი არ უნდა ფუნქციონირებდეს“.

ფართის მეპატრონე ნანა ბოდაველი „კონსერვატიულ მოძრაობასთან“ ხელშეკრულების გაწყვეტას არ აპირებს. მან „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში აღნიშნა, რომ კიდეც რომ უთხრას პარტიას უარი ფართის მიქირავებაზე, ის ოფისს სხვაგან გახსნის.

„ასე ადვილად ხელშეკრულებას ვერ გავწყვეტ, – ამბობს ნანა ბოდაველი, – იმ ფართის თანამესაკუთრე ჩემი მეუღლეცაა. ძალიან ვწუხარ და უხერხულ  მდგომარეობაში ვარ იმის გამო, რაც მოხდა. ფართი რომ მივაქირავეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „კონსერვატიული მოძრაობის“ იდეები მოგვწონს. აქ ადამიანური ფაქტორებია“.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნის გაპროტესტებას ხარაგაულელი ახალგაზრდები მშვიდობიანი ფორმით გააგრძელებენ. შალვა ჩხეიძე ამბობს, რომ არ აპირებენ შეგუებას და კანონის ფარგლებში პრორუსული პარტიის საქმიანობას ოპონირებას გაუწევენ.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე – ხარაგაულელების შეკრება

ფოტორეპორტაჟი

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ხარაგაულში „კონსერვატიული მოძრაობის“ მიმართ პროტესტი გრძელდება (ვიდეო)
სად არიან ახალგაზრდები?! – აქ ვართ, ოღონდ დაჭეჭყილები

რა კავშირი აქვს ფონდ „ფარცხნალს“ „რუსულ ჰუმანიტარულ მისიასთან“