სააღდგომოდ ხარაგაულში ფონდი „ფარცხნალისა“ და „რუსული ჰუმანიტარული მისიის“ ერთობლივი სოციალური აქცია მოეწყო.

აქციის ფარგლებში ფარცხნალის, ისლარის, ახალსოფლის, ღუდუმექეთის, ვანში ტაბატაძეების უბნის მაცხოვრებლებმა, ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის პედაგოგებმა და ხარაგაულის სათნოების სახლის ბენეფიციარებმა საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები მიიღეს.

სასაჩუქრე პაკეტი 350 პირს გადაეცა.

ჰუმანიტარული ტვირთის მოსახლეობაზე დარიგების ამსახველი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე.

რა კავშირი აქვს ფონდ „ფარცხნალს“ „რუსულ ჰუმანიტარულ მისიასთან“ – ამის შესახებ ფონდი „ფარცხნალის“ წარმომადგენელი ფრიდონ გუჯეჯიანი გვესაუბრება:

-ფონდი – „რუსული ჰუმანიტარული მისია“ პროფესიით ჟურნალისტმა ევგენი პრიმაკოვმა დააფუძნა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, აწ გარდაცვლილი ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილია, – ამბობს ფრიდონ გუჯეჯიანი, – უფროსი ევგენი პრიმაკოვის მეუღლე გახლდათ ფარცხნალელი ლაურა ხარაძე. ბებიისადმი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ევგენიმ გადაწყვიტა, ხარაგაულელებს დახმარებოდა.

ამ ფონდს საერთო მეგობრების საშუალებით დავუკავშირდით. პირველი პროექტი, რომელიც „რუსულმა ჰუმანიტარულმა მისიამ“ ხარაგაულში განახორციელა, სასულიერო გიმნაზიის ეზოში მოწყობილი სტადიონია. მეორე პროექტი კი ეს სააღდგომო სოციალური აქციაა.

სტადიონის გახსნისას ხარაგაულში თავად „რუსული ჰუმანიტარული მისიის“ დირექტორი ევგენი შევჩუკი და იურისტი ელიზაბეტა მაკაროვა ჩამოვიდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ფარცხნალშიც. დღეს ფონდის საქმიანობაში ევგენი პრიმაკოვი აღარ არის ჩართული.

მინდა გითხრათ, რომ ფონდ „ფარცხნალსა“ და „რუსულ ჰუმანიტარულ მისიას“ პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ და არც ექნება მომავალში.  ფონდის არც ერთ წევრს არ სურს პოლიტიკური თანამდებობა ან არჩევნებში მონაწილეობა.

ფონდი „ფარცხნალის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელია ხარაგაულის ყოფილი მერი ნიკო თოფურიძე, ფონდის საქმიანობაში ჩართულია დიპლომატი გოჩა ბუაჩიძე. ჩვენ მხოლოდ ხარაგაულის განვითარებაზე ვართ ორიენტირებული. ვიწვევთ ყველას, ვისაც გააჩნია შესაბამისი რესურსი და სურს ჩვენთან თანამშრომლობა.

ჩვენი საქმიანობა და თანამშრომლობა აბსოლუტურად განცალკევებულია პოლიტიკისგან. გული იმაზე მტკივა, რომ სოფელში გვერდიგვერდ მცხოვრები ადამიანები, პოლიტიკური შეხედულებების გამო, ერთმანეთთან აღარ ურთიერთობენ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხარაგაულის სოფლები დაცლილია და უმეტესად მოხუცები ცხოვრობენ. ამ დროს ხარაგაულს აქვს განვითარების შესაძლებლობა“.

– ბატონო ფრიდონ, იმ დროს როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რამდენად გამართლებულია „რუსეთის ჰუმანიტარულ მისიასთან“ თქვენი თანამშრომლობა?

– საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ყველა ქართველის სატკივარია. რუსეთში 150 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მინდა გითხრათ, რომ ბევრი საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილია და თვლის, რომ ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. ოკუპაციის პრობლემას პოლიტიკოსებმა უნდა მიხედონ.

კონკრეტულად ხარაგაულში განხორციელებულ პროექტებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ევგენის ბებიის, ლაურა ხარაძის ხსოვნას მიეძღვნა“.

მომავალში ფონდი „ფარცხნალი“ და „რუსული ჰუმანიტარული მისია“ სასულიერო გიმნაზიაში დახურული სპორტული დარბაზის მოწყობას, ექიმისა და კომპიუტერების კაბინეტების აღჭურვას გეგმავენ.

ნინო კაპანაძე

P. S. რუსული ჰუმანიტარული მისიის დამფუძნებლის, ევგენი პრიმაკოვს ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, რომ ის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატია. ამჟამად კი სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელობს.

ამავე თემაზე იხილეთ ვიდეო


ჰუმანიტარული დახმარება ხარაგაულში – რუსეთი ოკუპანტია!