ზესტაფონის დღის ცენტრ „ორიონში“ 25 მარტს, ღონისძიებათა ციკლის „გემრიელი დღეები თანაკლასელებთან ერთად“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე გაიხსნა ადაპტირებული სამზარეულო, რომელიც სპეციალურად შშმ პირებისთვის, საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით მოეწყო. აქტივობაში მონაწილეობდნენ „ორიონისა“ და ზესტაფონის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ადაპტირებული სამზარეულო საზეიმოდ გახსნეს „ორიონის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ნანა (ჟანა) ფერაძემ, ორიონის მოსწავლემ და შეფმზარეულ გიგი სამხარაძემ და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) პროექტების კოორდინატორმა ზურაბ ტატანაშვილმა.
ღონისძიებაზე „ორიონის“ მოსწავლეებმა, თავიანთ თანატოლებთან – ზესტაფონის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მოამზადეს ტკბილეული, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს.
„პროექტი ერთწლიანია და მხოლოდ გემრიელი დღეების მოწყობას არ ითვალისწინებს, – აღნიშნა პროექტის პრეზენტაციისას „ორიონის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ჟანა ფერაძემ, – პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მშობლებისა და მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, მშობელთა კვლევა-შეფასება, სპექტაკლის ჩვენება და ოქტომბერში თქვენ გელით დიდი ღონისძიება, სადაც ნახავთ მშობელთა და ბავშვთა შემოქმედებას და მიხვდებით, როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
პროექტის ფარგლებში მოწყობილ სამზარეულოში ავეჯი, ტექნიკა და ინვენტარი ისეა განლაგებული და მორგებული შშმ პირებისთვის, რომ აქ მყოფმა მოზარდმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად და რეალიზებულად იგრძნოს. აქვეა ეკრანი, რომელსაც პედაგოგი სწავლების პროცესში იყენებს.
პროექტის ყველაზე დიდი მიღწევა, ამ ეტაპისათვის, ისაა, რომ მასში „ორიონის“ აღსაზრდელებთან ერთად ზესტაფონის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთენ. ამ პროექტის ხიბლი ისაა, რომ ურთიერთთანამშრომლობის მზაობა თოვლის ზვავივით აგორდება და სხვა მუნიციპალიტეტეტბშიც გადავა; იქაც დაახლოვდებიან შშმ ბავშვები საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. ეს თითოეული ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს, რომ ჩვენ და ჩვენს ბავშვებს დიდი ხნის ნატვრა აგვისრულა და ახლა ჩვენ ერთად ვამზადებთ ძალიან ბევრს საყვარელ ნუგბარს.
2004 წელს საქართველოში ახალი ფეხადგმული იყო შშმ პირებზე ზრუნვა და ზესტაფონში, ამ პატარა რაიონში, სრულიად უცხო საქმე წამოვიწყეთ, კარდაკარ, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიარეთ ზესტაფონი. ვეძებდით შშმ ბავშვებს და ვცდილობდით მათში ჩაგვენერგა ნდობა, რომ ჩვენთან გახსნილიყვნენ.
2004 წლიდან დღემდე თითქოსდა ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ როცა ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, მივხვდით, რომ არც თუ ისე ბევრი რამ შეცვლილა. კიდევ ბევრია სამუშაო და გასაკეთებელი. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ყოველდღიურად ახალს ვსწავლობთ და ვასწავლით მშობლებს. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ზესტაფონში შშმ ბავშვთა ისეთ სარეაბილიტაციო ცენტრს ჩამოვაყალიბებთ, რომელიც სამ მუნიციპალიტეტს მოემსახურება“.
CSRDG-ის სოციალური მომსახურების განვითარების პროგრამის კოორდინატორი ზურაბ ტატანაშვილი ამბობს, რომ „ორიონი“ დაფინანსდა საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას, საკუთარ ბაზაზე განავითაროს მომსახურების სხვადასხვა კომპონენტი.
შშმ ბავშვების, ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის სოციალური მომსახურებები ძალიან დეფიციტურია თითქმის ყველა მიუნიციპალიტეტში. ძალიან გაუმართლა ზესტაფონს, რომ ასეთი კარგი ორგანიზაცია – „ორიონი“ მუშაობს აქ. „ორიონი“ არა მხოლოდ სახელმწიფო თანხებზეა დამოკიდებული, არამედ თვითონაც ძალიან აქტიურად მოიძიებენ რესურსებს, რომ მომსახურება გააუმჯობესონ. ეს მოტივაცია და ენთუზიაზმი ნამდვილად დასაფასებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ორიონი“ მინიმალურ სტანდარტით არ კმაყოფილდება და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გააკეთონ, რომ ამ ბავშვებმა თავი სოციუმის სრულფასოვან წევრად იგრძნონ. ეს არის სწორედ ამ პროექტის მიზანი, რომ ყველა ადამიანის უფლება იყოს დაცული, რადგან თუ ერთი ადამიანის უფლება ირღვევა, მაშინ ყველა ჩვენგანის უფლება დარღვეულია“, – ამბობს ზურაბ ტატანაშვილი.
„ჩემმა შვილმა „ორიონში“ შეითვისა ყველა ის უნარი, რაც მას მომავალ ცხოვრებაში გამოადგება. აქ ჩვენ შვილებს ისე ზრდიან, როგორც საკუთარს და მათ უზარმაზარ სითბოსა და სიყვარულს გადასცემენ“, – აღნიშნა ღონისძიებაზე მშობელმა ხათუნა ჭიტაძემ.
ზესტაფონის #2 საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა ღონღაძე ამბობს, რომ „ორიონთან“, უკვე ათეულ წელზე მეტია, თანამშრომლობს.
„ქალბატონი ჟანა ძალიან შრომობს; ისეა მოწადინებული „ორიონში“ ყოველ წელს რაღაც სიახლე დანერგოს, რომ თუ ადამიანი ხარ, ნამდვილად უნდა შეეცადო, გვერდით დაუდგე და რაც შეგიძლია, შრომა შეუმსუბუქო. ყველა ვამბობთ, რომ ტოლერანტები უნდა ვიყოთ და მომავალი თაობაც ასე აღვზარდოთ. ეს ზერელე სიტყვები რომ არ იყოს, საქმეა საჭირო. „ორიონის“ ზესტაფონის #2 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა პრეცედენტია ზესტაფონში, იმერეთში. მადლობა ქალბატონ ჟანას და „ორიონს“, რომ გვერდით დგომას, მიმღებლობას, სითბოს გაზიარებასა და ურთიერთდახმარებას გვასწავლით“, – ამბობს გოჩა ღონღაძე.
„მადლობა ქალბატონ ჟანას და პროექტის ავტორებს. ის, რაც დღეს ზესტაფონში ხდება, იმედი მაქვს, რომ მალე მთელს საქართველოში იქნება შესაძლებელი და ეს იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. გპირდებით, რომ ჩვენი გვერდში დგომა, რომელიც არაერთხელ დაგვიფიქსირებია, მომავალშიც ურყევად გაგრძელდება, დიდი მადლობა ყველას“, – აღნიშნა ღონისძიებაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მალხაზ შერგელაშვილმა.
ღონისძიება გაიმართა პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების დანერგვა ბავშვთა დღის ცენტრში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სამწლიანი პროექტის – „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შშმ პირებისა და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციასა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ ერთად.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე
დღის ცენტრი „ორიონი“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
ღონისძიების ვრცელი ფოტორეპორტაჟი იხილეთ „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.