შრომისმოყვარეობითა და საქმისადმი ერთგულებითაა გამორჩეული სოფელ ისლარში მცხოვრები ვაჟა ბრეგვაძის ოჯახი. თითქმის ოცი წელია, რაც მათი ოჯახი მესაქონლეობით ირჩენს თავს.

„საქონელი მუდამ გვყავდა – ორ ძროხასა და ხარებს ვუვლიდით, – გვიამბობს ვაჟა ბრეგვაძე, – 1994 წლიდან, „ხარაგაულგაზში“ სამსახურს რომ დავანებე თავი,  გადავწყვიტე ხელი მომეკიდა მესაქონლეობისთვის. ზოგი თავად მოვამრავლე, ზოგი ვიყიდე. ამჟამად 40 სული საქონელი მყავს, მათ შორის შვიდი ცხენი და 17 ცხვარია.“

ვაჟა ბრეგვაძეს მესაქონლეობის განვითარება ძალიან ეიოლება და ამბობს, რომ კაცს თუ შრომა არ ეზარება და საქმეს უერთგულებს, შედეგსაც მიიღებს.

„ერთიანი ადგილი არ მაქვს, სადაც ამდენ პირუტყვს დავაბინავებ. ამიტომ მეზობლის ბოსლებშიც მყავს საქონელი. ყველანაირად გვერდში მიდგანან მეზობლები. ლევან ტაბატაძე გამოცდილი ვეტერინარია და ხშირად ვეკითხები რჩევას. ასე რომ, არ გამჭირვებია პირუტყვის მოვლა-პატრონობა,“ – ამბობს ვაჟა ბრეგვაძე.

გაზაფხულიდან სახვლარში, ნასოფლარზე მიჰყავს საქონელი, ზაფხულში –  ქვაზვინებზე. დეკემბერში ბრუნდება მთიდან. ზამთრისთვის პირუტყვის საკვებად საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი ჩალა არ ჰყოფნის, რადგან მცირე სახნავი ფართობი აქვს. ამიტომ ზამთრისთვის თივას ჯანდარაში ყიდულობს.

„ბაზარში ყველი გასაყიდად არასდროს წაგვიღია. წინასწარ, ერთი თვით ადრე გვიკვეთავენ და სახლიდან მიაქვთ. მთაშიც მაკითხავენ და ხშირად 100-200 კილოგრამი ყველი გამიტანებია,“ – ამბობს ვაჟა ბრეგვაძე. სამ წლამდე ზრდის მოზვრებს და  მერე სახარედ ყიდის. მისგან გაზრდილ სახარე მოზვრებზეც დიდი მოთხოვაა. 80 სული მოზვერი მყავს სახარედ გაყიდულიო, – ამბობს. ყოველწლიურად ვაჟა ბრეგვაძის ოჯახში ერთ სულ პირუტყვს კლავენ ოჯახის საჭიროებისათვის.

„მთაში მე და ჩემი ვაჟი დავითი ვენაცვლებით ერთმანეთს. ყველის დასამზადებლად იქ ყველანაირი პირობაა დაცული. ყველის დამზადებისას განსაკუთრებული სისუფთავის დაცვაა საჭირო. თუ წესები არ დაიცავი, თავს იჩენს და კლიენტს დაკარგავ,“ – ამბობს ვაჟა ბრეგვაძე.

„ჩემი მეუღლე დილის ხუთი საათიდან ფეხზეა, – გვიამბობს ვაჟა ბრეგვაძის მეუღლე ეკა, – მეც დილიდან გვიანობამდე ვშრომობ. შარშან 25 ინდაური გავზარდე, ზოგი – გავყიდე და ზოგი – ოჯახში მოვიხმარეთ. მშიერი როგორ მოკვდები ჯანმრთელი ადამიანი. სოციალური დახმარების მოლოდინში გაზარმაცდა ხალხი.“

ვაჟა ბრეგვაძეს მიაჩნია, რომ ადამიანმა ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება მოძებნო გამოსავალი და თავი ირჩინო.

„შეიძლება ფული ვერ დააგროვო, მაგრამ სახელმწიფოს რატომ უნდა ემათხოვრო დახმარებისთვის, ვერ გამიგია. მყნობა ვიცი და ხეხილი ბლომად მაქვს. 600 ძირი ახალშენი თხილიდან შარშან პირველი მოსავალი მივიღე. გასულ ზაფხულს იმდენი ვაშლი მოვიდა, მთელ სოფელს დავურიგეთ და ოჯახშიც მოვიხმარეთ.

ვშრომობთ და შემოსავალიც გვაქვს. მთავარია ჯანმრთელობა. ზეცას რომ შეაშვირო ხელები და უფალო მიშველეო, იძახო, რა გამოვა. სახელმწიფომ მშვიდობა უნდა დაიცვას ქვეყანაში. დანარჩენზე არ უნდა გახადო ვალდებული. მე შრომა არ მეზარება და ყველაფერს ხალისით ვაკეთებ. შრომა ყოველთვის დაფასდება,“ – ამბობს ვაჟა ბრეგვაძე.

ნინო კაპანაძე