ხარაგაულის გიმნაზიაში შვიდი წარჩინებული მეთორმეტეკლასელი სწავლობს. მათგან ერთი, კესო ჩხიკვაძე, მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამით (FLEX), უკვე მეექვსე თვეა, ამერიკაში ცხოვრობს და სწავლობს. ამ სტატიით გვინდა, კესოს თანაკლასელები, ხარაგაულის გიმნაზიის ოქროს მედლის კანდიდატები დავით მესხი, ლიზი ლაცაბიძე, თამთა კიკნაძე, გიორგი კვირიკაშვილი, ელენე მესხი და მარიამ ფცქიალაძე გაგაცნოთ.
აბიტურიენტებისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. გამოცდებზე გიორგი კვირიკაშვილი და თამთა კიკნაძე უკვე დარეგისტრირდნენ. თამთა ამბობს, რომ რეგისტრაციის პროცესში უფრო მძაფრად აღიქვა, ცხოვრების ახალ ეტაპზე რომ გადადის.
პროფესიები უკვე აირჩიეს. დავითი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, გიორგი კი თავისუფალ უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე, აპირებენ სწავლის გაგრძელებას. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ლიზი ლაცაბიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი აირჩია, ხოლო თამთა კიკნაძემ – ამავე უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტი.
მარიამ ფცქიალაძეს კი ფიქრი არც დასჭირვებია, რადგან ბავშვობიდან ექიმობა სურდა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებს. ელენე ჯერ კიდევ ფიქრობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე განაგრძოს სწავლა თუ სხვაგან.
სკოლაში სწავლისას რომელი საგანი უფრო მეტად უყვარდათ, – ჩვენს ამ შეკითხვაზე თამთა კიკნაძე და ლიზი ლაცაბიძე „საღვთო სჯულს“ ასახელებენ.
„ამ გაკვეთილზე განვიხილავთ ყველაფერს, ვეხებით ისტორიასაც და ლიტერატურასაც. ასევე დისკუსია გვაქვს სხვადასხვა თემებზე. ეს საგანი ბავშვებს სულიერად ზრდის და პიროვნულად აყალიბებს. ვცდილობთ, ერთი მოცემულობის მრავალნაირად აღქმა ვისწავლოთ, რაც ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობენ თამთა და ლიზი.
გიორგის და დავითს ყველაზე მეტად მათემატიკა უყვართ და მიიჩნევენ, რომ ეს მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლის დამსახურებაა. მარიამ ფქციალაძე ამბობს, რომ ქიმია და ბიოლოგია მეტად საჭირო და საინტერესო საგნებია სკოლაში შესასწავლ მეცნიერებებს შორის, ხოლო ელენე მესხისთვის უსაყვარლეს საგნად ისტორია რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ საგანს არ აბარებს.
ჩვენი რესპოდენტები აბიტურიენტებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად დროის სწორად განაწილებას ასახელებენ. ლიზი ლაცაბიძე, დროის უკმარისობასთან ერთად, ინტერნეტზე დამოკიდებულების შესახებ საუბრობს. ეს, მისი აზრით, არა მხოლოდ აბიტურიენტების, არამედ ზოგადად ახალგაზრდების პრობლემაა.
აბიტურიენტებისთვის ყოველი დღე დილით ადრე იწყება და გვიან საღამოს მთავრდება. ჩვენი რესპონდენტები სკოლაში გაკვეთილებზე დასწრების შემდეგ რეპეტიტორებთან ერთად მეცადინეობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ მასალას.
თამთა კიკნაძე ამბობს, რომ ამ რუტინას იმდენად შეეჩვია, რომ ზოგჯერ თავისუფალ დროს ვერც ხვდება, რომ განტვირთვა შეუძლია. მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება მხატვრული ლიტერატურის კითხვა და ფოტოების გადაღებაა. ლიზი ლაცაბიძე თავისუფალ დროს ხატვას უთმობს, წირვისას ტაძარში გალობს.
გიორგი კვირიკაშვილისთვის საუკეთესო დასვენება მეგობრებთან ერთად ყოფნაა, ხოლო დავით მესხი თავისუფალ დროს კალათბურთსა და ინტერნეტთამაშებს უთმობს.
ელენე მესხს ბევრი ჰობი აქვს, თუმცა მისთვის ყველაზე დიდი დასვენება ფორტეპიანოზე დაკვრაა. მარიამ ფქციალაძის ჰობი სიმღერა და ფილმების ყურებაა; თუმცა ჩვენს შეკითხვაზე, წიგნის კითხვა ურჩევნია თუ ფილმის ნახვა, ერთმნიშვნელოვნად წიგნს ასახელებს და ამბობს, რომ წიგნის კითხვა წარმოსახვის უნარს ავითარებს და ცხოვრებისეულ გაკვეთილებს აძლევს.
ამ საკითხში მარიამის აზრს იზიარებენ ლიზი და თამთა. ელენესთვის ფილმიც და წიგნიც ერთნაირად მნიშვნელოვანია და რომელიმეს გამორჩევა უჭირს. გიორგი და დავითი კი უპირატესობას ფილმებს ანიჭებენ და ამას დროის სიმცირით ხსნიან.
ექვსივე ახალგაზრდას ვთხოვეთ, დაესახელებიათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდათ, რომ ხარაგაულში გაკეთდეს. ხუთი მათგანი ხარაგაულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ასახელებს; მარიამ ფქციალაძისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, ხარაგაულში ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების პირობები ჰქონდეთ.
გიმნაზიელ წარჩინებულ მეთორმეტეკლასელებს თავიანთ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების დასახელება ვთხოვეთ. მათი უმრავლესობა საკუთარი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადამიანებად ოჯახის წევრებს მიიჩნევენ.
ლიზი ლაცაბიძე განსაკუთრებულად ბებოს გამოარჩევს და ამბობს, რომ თუ რამ კარგი თვისება გააჩნია, მისგან აქვს. ყოველთვის ცდილობს ისეთი იყოს, როგორიც მას გაუხარდებოდა. ელენე მესხი ოჯახის წევრებთან ერთად თავის საუკეთესო მეგობრებზე საუბრობს.
„ჩემთვის ყველა ის ადამიანი მნიშვნელოვანია, ვინც მოტივაციას მაძლევს, რომ სამომავლოდ რაღაც ახალი შევქმნა და დასახულ მიზანს მივაღწიო“, – ამბობს დავით მესხი.
ხარაგაულის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი და ამავდროულად მე-12 კლასის დამრიგებელი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) ამბობს, რომ ეს მისთვის პირველი სადამრიგებლო კლასია და ამიტომ მეთორმეტეკლასელებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.
„კლასის თითოეული მოსწავლე გამორჩეულია თავისი ზრდილობით, კულტურით, მასწავლებლებთან დამოკიდებულებითა და შრომისმოყვარეობით. თუ სკოლაში რაიმე ღონისძიება მზადდება, ყოველთვის გვაქვს ამ კლასის იმედი, რომ მაქსიმალურად გვერდით დაგვიდგებიან.
მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტები არიან და რამდენიმე საგანში უწევთ მომზადება, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ყველაფერი მოასწრონ, იყვნენ საუკეთესონი სკოლაშიც და არც საგამოცდო საგნებს მოაკლონ ყურადღება.
ყველა მეთორმეტეკლასელს ვუსურვებ ჯანმრთელობას. მათთვის ახლა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდია. მინდა ვუსურვო, რომ მომავალი პროფესიის არჩევისას სწორი არჩევანი გააკეთონ; აირჩიონ ის საქმე, რომელიც უყვართ და გამოიყენონ ის ეკლესიისა და მამულის სადიდებლად“, – ამბობს დეკანოზი პავლე (ცერცვაძე).
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე – წარჩინებული მეთორმეტე კლასელები გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების