დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე, წყალსადენისა და კანალიზაციის მშენებლობები მარტის ბოლოს დასრულდება, – ასეთი დაპირება წყალსადენისა და კანალიზაციის მშენებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებისგან მივიღეთ.

ხარაგაულის მერი კობა ლურსამანაშვილი კი ამბობს, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ დაიწყებენ მუშაობას, რომ კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ ხარაგაულში გზის დაგება დაიწყოს.

ხარაგაულში წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა, 2021 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. თუმცა,  ეს თარიღი წყალსადენის შემთხვევაში ხუთჯერ, ხოლო კანალიზაციისთვის –  ექვსჯერ გადავადდა. ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილებებით, წყალსადენის მშენებლობა ხარაგაულში მარტში, ხოლო კანალიზაციის – აპრილში უნდა დასრულდეს.

ამ მშენებლობების დამკვეთის – „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ პროექტების მართვისა და ზედამხედველობის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტიტე კიკაჩეიშვილი ამბობს, რომ „ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე წყალანირებისა და წყლის მთლიანი მაგისტრალის მშენებლობა დასრულებულია.

წყალსადენის შემთხვევაში დარჩენილია გარეუბნების დაქსელვის სამუშაოები და ასევე გამრიცხველიანება. ხარაგაულის წყალსადენის მშენებელი კომპანია „ლ და კ“ ახორციელებს შემკრები სარეზერვო ჭის მშენებლობას, საიდანაც უკვე წყლის მიწოდება 24-საათიან რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების 80-90% მიწისქვეშ მიმდინარეობს. ხარაგაულში ეს ქსელები გასულ საუკუნეში, დაახლოებით 50-60 წლის წინ გაკეთდა. ამ სისტემების შესახებ ინფორმაცია, სად როგორ იყო გაკეთებული, არ გვაქვს. მიწას რომ გავჭრით, იქ რა ტიპის პრობლემა შეგვხვდება, არავინ იცის. ამიტომ, მუშაობის პროცესში პროექტი ხშირად იცვლება, რაც ვადების გახაგრძლივებას იწვევს. ამას თან ერთვოდა უამინდობა. გულწრფელად ვამბობ, რომ ამ სამუშაოებს ხელოვნურად არ ვაფერხებთ.

დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, მოწყობილი სისტემების რუკებზე გადატანა და დასურათებაა შესაძლებელი. ეს ინფორმაცია ხარაგაულში დარჩება და თუ რაიმე პრობლემა, ავარია იქნება, ძალიან მარტივად აღმოიფხვრება“, – ამბობს ტიტე კიკაჩეიშვილი.

„ხშირ შემთხვევაში, მუშაობა, უამინდობის გამო, შეუძლებელი იყო, – ამბობს კომპანია „ლ და კ“-ს წარმომადგენელი ლევან ტაბიძე, – ასევე ხელს გვიშლიდა უგზოობა მაგისტრალის მშენებლობის არეალში – ზოგ ადგილებში, სადაც წყალსადენი უნდა გაგვეკეთებინა, გზა იმდენად დაზიანებული იყო, რომ მასალების მიტანა გვიჭირდა და გზის მოწესრიგება გვიხდებოდა. ამჟამად ლეღვნის მაგისტრალი მთლიანად გაკეთებულია. დარჩენილია გამრიცხველიანების სამუშაოები, ასევე წყლის დამატებითი ავზების, ჭაბურღილების მოწყობა“.

„ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე მარტის ბოლომდე დასრულდება წყალანირების სისტემის მოწყობა, – ამბობს წყალანირების სისტემის მშენებელი კომპანიის „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფის“ უფროსი ზურაბ ბარჯაძე, – აქ დარჩენილია ორი მონაკვეთი, რომელიც ძალიან გადატვირთულია. მთავარია, ახალი მაგისტრალი ისე მოვაწყოთ, რომ ძველი არ დავაზიანოთ. აპრილის ბოლომდე მოვაწყობთ ძირითად კოლექტორს და ასევე დავასრულებთ სამუშაოებს, რომლებიც ცენტრალური ქუჩის მიღმა, მდინარე ჩხერიმელას სანაპიროებზე უნდა განხორციელდეს“.

„ცხადია, საზოგადოება დისკომფორტშია, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, – ჩვენ ამის შესახებ ვსაუბრობდით მშენებლობის დასაწყისში. სამუშაოები მიწის ქვეშ მიმდინარეობს და გადათხრის გარეშე ვერ შესრულდება. მესმის საზოგადოების გულისწყრომა, მაგრამ ვერ ვიზიარებ საზოგადოების ერთი ნაწილის, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მოსაზრებას, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ბუზის სპილოდ გადაქცევას.

პირველ ეტაპზე, მშენებელ კომპანიებთან ერთად, შევეცადეთ, რომ სამუშაოები ცენტრალურ ქუჩაზე დასრულებულიყო, რომ ხელი არ შეეშალოს გზის საფარის მოწყობას. ამას გარდა, წყალანირების სისტემის მოსაწყობად ხარაგაულში სამუშაოები კვლავ უნდა გაგრძელდეს.

კანალიზაციის სისტემა უნდა მოეწყოს ყველა კორპუსში, ჩიხსა და არაცენტრალურ ქუჩებზე, ასევე დევების მიმდებარე ტერიტორიაზე და გაგრძელდეს ბაზალეთის ხიდამდე, სადაც მოეწყობა გამწმენდი ნაგებობა. თუმცა, ეს სამუშაოები დამატებითი ფინანსების მოძიებას, ტენდერის ხელახლა გამართვასა და საპროექტო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, მშენებლობის პროცესში კვლავ იქნება დისკომფორტი იმ ქუჩებზე, სადაც სამუშაოები იწარმოებს, მაგრამ ეს დროებითია“.

ხელშეკრულებებითაც გათვალისწინებულია და დამკვეთმაც დაგვიდასტურა, რომ მშენებლებმა გზის სავალი ნაწილი, სამუშაოების დასრულების შემდეგ, პირვანდელი სახით უნდა აღადგინოს.

რატომ ვერ შესრულდა ხელშეკრულებების ის ნაწილი, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის აღდგენას ითვალისწინებს და რას მოხმარდება ის თანხა, რომელიც ამ სამუშაოებისთვის იყო პროექტში გათვალისწინებული, – ჩვენს ამ შეკითხვაზე კობა ლურმანაშვილმა გვიპასუხა.

„კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ კომპანიამ გზის ის ნაწილი უნდა აღადგინოს, რომელიც დააზიანა, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ხარაგაულში ახალი ასფალტი არ გვაქვს. გამოდის, რომ ეს კომპანიები 50 სანტიმეტრზე გააკეთებენ ახალ ხაზს, შემდეგ უნდა მოვიდეს „ბლექ სი გრუპი“ და ეს ახალი გადაგებულიც და ძველიც უნდა აყაროს და ახალი გზის საფარი მოაწყოს. ეს თანხის არასწორი ხარჯვა გამოვა.

ხარაგაულელებისთვის მთავარია, კომპანიებმა ამ ქუჩაზე სამუშაოები დაასრულონ. რომელ კუთხეში ვინ რამდენი სანტიმეტრი უნდა გადააგოს, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ეს ფინანსურად და ტექნიკურად გაარკვიონ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ.

გზის გარკვეული ნაწილის დაზიანების გამო „ბლექ სი გრუპმა“, არა მხოლოდ არსებული ასფალტი უნდა აფხიკოს, არამედ მთლიანად მოაწესრიგოს გზის საფარი, ამოავსოს ღრმულები და მოამზადოს ქვედა მყარი საფარი ახალი გზისთვის“, – ამბობს ლურსმანაშვილი.

სამშაბათს, 22 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის სამუშაო კაბინეტში შედგა შეხვედრა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ პროექტების მართვისა და ზედამხედველობის  დეპარტამენტის ხელმძღვანელ ტიტე კიკაჩეიშვილის, ხარაგაულის წყალსადენისა და წყალანირების სისტემების მშენებელი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

თქვენთვის მომზადებული ეს ინფორმაცია სწორედ ამ შეხვედრაზე მივიღეთ.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: შეხვედრა ხარაგაულის მერიაში