„ყველა გოგონას ვურჩევ, ყოველთვის შეეცადონ ლამაზად გამოიყურებოდნენ, იყვნენ დადებითი ემოციების მატარებელნი, ბევრი ისწავლონ, იშრომონ და საკუთარი კარიერა შეიქმნან. როგორი ყოფაც არ უნდა იყოს, რა პერიოდიც არ უნდა დადგეს ქალის ცხოვრებაში, ოჯახი ექნება თუ არა, ბევრი შვილი ეყოლება თუ ერთი; მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნება, თუ კარგი მეუღლე ეყოლება, თავისი საქმე ყველა ქალს უნდა ჰქონდეს. სხვაზე დამოკიდებული არ იყო, საზოგადოებაში საკუთარი ადგილი უნდა დაიმკვიდრო და დამოუკიდებელი პიროვნება უნდა იყო“, – ამბობს შორენა ყანჩაველი. ის თავის საქმეს, 20 წელზე მეტია, ერთგულად ემსახურება და ოჯახსაც ყურადღებას არ აკლებს.

ხარაგაულის #2 საშუალო სკოლა 1993 წელს დაამთავრა. საქართველოში მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის შექმნის გამო ხარაგაულის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა. პარალელურად, ხარაგაულის საპასპორტო მაგიდის ხელმძღვანელად მუშაობდა. 2002 წელს პოლიციის აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა ისე, რომ მუშაობა არ შეუწყვეტია.

2005 წლიდან მოსახლეობისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურში უფროსი სპეციალისტი იყო, შემდეგ ამ სამსახურში უფროსის მოვალეობას ასრულებდა. 2008 წლიდან კი ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსად დაინიშნა, 2020 წლის თებერვლიდან ივლისამდე იმერეთის სამოქალაქო რეესტრის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა, ხოლო 2020 წლის 12 ივლისიდან ხარაგაულის საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერ-ოპერატორია.

დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, შორენა ყანჩაველი სამსახურებრივ მოვალეობებსა და ოჯახურ საქმიანობას ერთმანეთს წარმატებით უთავსებს.

„ძალიან რთულია ასეთ საპასუხისმგებლო სამსახურში მუშაობა და ამასთან ერთად ოჯახური ცხოვრების ერთმანეთთან შეთავსება, – ამბობს შორენა ყანჩაველი, – მაგრამ რაღაცნაირად ვუმკლავდები. სულ მეჩქარება. სანამ ჩემი შვილი საბავშვო ბაღში დადიოდა, შედარებით მარტივი იყო, ახლა მეორე კლასშია. ორშაბათს დილით სოფლიდან მოვდივართ, ანა სკოლაში მიმყავს, მე სამსახურში მოვდივარ. ჩემს შვილს რომ გაკვეთილები უმთავრდება, მეც ისე ვაკეთებ შესვენებას, რომ ანა სკოლიდან წამოვიყვანო, შემდეგ ან აქ არის ჩემთან სამსახურში, ან მამასთან სახლში.

ყველაზე მეტად დისტანციურად სწავლის პერიოდში გამიჭირდა. ჩვენი სამსახური, პანდემიის შეზღუდვების მიუხედავად, მუშაობდა. ასეთ დროს მეუღლე მეხმარება, ანას მთელი დღის განმავლობაში ის პატრონობს. ჩვენს გოგონას შარშან, პირველ კლასში უფრო უჭირდა, ახლა მიეჩვია, გაიწაფა კომპიუტერის ჩართვაში, ონლაინგაკვეთილზეც დამოუკიდებლად ახერხებს შესვლას. თვითონ მართავს ამ ტექნიკურ პროცესებს.  გაკვეთილების მომზადებაში კი სჭირდება უფროსის მიხმარება და საღამოს, როცა სამსახურიდან ვბრუნდები, თვალყურს ვადევნებ მის მეცადინეობას.

ჩვენს ქვეყანაში კარიერული წინსვლა ქალისთვის, მამაკაცთან შედარებით, რთულია. ქალებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ოჯახის მიმართ. თითქოს ცხოვრების დაჩქარებული ტემპია, სულ დროის პრობლემაა, სულ მეჩქარება, სულ რაღაცას  ვერ ვასწრებ, თან გინდა რომ ყველაფერი წესრიგში გქონდეს, – ოჯახშიც და სამსახურშიც. მამაკაცებისთვის ეს ალბათ უფრო მარტივია, რადგან ბავშვის მოვლა და ოჯახში საქმის უმეტესობა მაინც ქალზე გადადის.

კარიერაშიც და ოჯახშიც რომ წარმატებული იყო, ამაში დიდ როლს ხელშეწყობა თამაშობს. მხოლოდ ერთი ადამიანი ვერაფერს გახდები. წარმატება სამსახურში, რა თქმა უნდა, თანამშრომლების დიდი დამსახურებაა და ოჯახში  – ოჯახის წევრების“.

საზოგადოებრივ ცენტრს მოქალაქეები ყველაზე ხშირად რისთვის მიმართავენ და რა სახის სერვისების მიღებაა აქ შესაძლებელი, – ჩვენს ამ შეკითხვაზე შორენა ყანჩაველი გვპასუხობს, რომ საზოგადოებრივი ცენტრი მოქალაქეებისთვის უმრავი მომსახურების შეთავაზებას გულისხმობს. აქ გაერთიანებულია სამოქალაქო, საჯარო, სოციალური მომსახურებები, ასევე ინფორმირება სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროს სხვადასხვა პროგრამებზე, საბანკო თუ მობილური ოპერატორის მომსახურება.

შორენა ყანჩაველის თქმით, ბოლო პერიოდში, მოქალაქეები ყველაზე მეტად კოვიდ ბარათების, პირადობის მოწმობების ასაღებად და მიწის რეგისტრაციისთვის მიმართავენ.

„ძალიან ბევრ მოსახლეს ხარაგაულში მიწა გასაფორმებელი დარჩა. ორი წლის განმავლობაში მიწის რეგისტრაცია გამარტივებულად მიმდინარეობდა. იანვრიდან კანონმდებლობა შეიცვალა, – მოქალაქეები მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში საჯარო რეესტრი სისტემურ რეგისტრაციას დაიწყებს.

სისტემური რეგისტრაციის გრაფიკია გაწერილი – დაბა ხარაგაულში, ბაზალეთსა და ბორითში სისტემური რეგისტრაცია წელს დაიწყება, სხვა ტერიტორიულ ერთეულებში – მომდევნო წლებში.

ვინც მიწის რეგისტრაცია ამ დრომდე ვერ მოახერხა ან საბუთები კი შემოიტანა, მაგრამ დარეგისტრირება ვერ მოასწრო, უნდა დაელოდოს იმ პერიოდს, როცა მის ტერიტორიულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. ეს ცოტა რთული ასახსნელია მოქალაქისთვის, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობს და მისი მოთხოვნა ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელია. ჩვენ ეს მოქალაქეებს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ავუხსნათ, რომ მათთვის საქმის ვითარება ნათელი და მისაღები იყოს, რაც მარტივი ნამდვილად არაა.

ოც წელზე მეტია, რაც ამ სისტემაში ვმუშაობ. მუდმივად ვემსახურები ხალხს, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე მოგვმართავენ. ბოლო ორ წელიწადში, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაგვატყდა თავს, ადამიანების განწყობები რადიკალურად შეიცვალა. სხვანაირად, ემოციურად განიცდიან ყველაფერს, ვიდრე სხვა დროს. უცებ ღიზიანდებიან და აგრესიულებიც ხდებიან.

დავინტერესდით, შორენა ყანჩაველი მარტის დღესასწაულებს როგორ აღნიშნავს და რა არის მისთვის ბედნიერება.

ქალბატონი შორენა ამბობს: – მარტის დღესასწაულებს განსაკუთრებულად მას შემდეგ აღვიქვამ, რაც დედა გავხდი, ადრე დედის დღეს დედასა და მასწავლებელს თუ მივულოცავდი. ახლა შვილისგან ამ დღის მოლოცვა ორმაგად სასიამოვნოა, მისგან მოტანილი ყვავილი ან თუნდაც ფურცელზე დახატული გული უძვირფასესია.

ზოგადად გაზაფხული ძალიან მიყვარს, ახალი სიცოცხლის, გამოღვიძების დროა. ბუნება როცა იღვიძებს, ირგვლივ ჩიტების ჭიკჭიკი ისმის და ყვავილების სურნელი ტრიალებს, პოზიტიურ განწყობაზე მაყენებს. თუმცა ახლა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ნეგატიურად მოქმედებს, თითქოს ამ ყველაფერს აუფერულებს. ზოგადად, ბედნიერება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია, ჩემთვის – შვილის, მეუღლის, ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობაა. როცა შენს ირგვლივ ვინმეს უჭირს, პირადი კეთილდღეობა ბედნიერების განცდას ვერ შეგიქმნის.

თამთა გოგოლაძე