„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია მკითხველებისთვის წარჩინებული მეთორმეტეკლასელების გაცნობას აგრძელებს. ნინო ლურსმანაშვილი, ქეთი დავაძე და გვანცა მაღლაფერიძე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და ოქროს მედლის კანდიდატები არიან. გაეცანით მათ ოცნებებს, მისწრაფებებსა და მისაბაძ ადამიანებს.

– მალე სკოლას დაამთავრებ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვალ. სკოლის პერიოდიდან სასიამოვნო მოგონებად რა გაგყვება?

ნინო ლურსმანაშვილი: – ხარაგაულის #2 სკოლაში მე-10 კლასში თბილისის #174 სკოლიდან გადმოვედი. სკოლის შეცვლისას გარკვეული უსიამოვნო შეგრძნება გაქვს და იმაზე ფიქრობ, თუ როგორ მიგიღებენ ახალი კლასელები. სკოლის ჭიშკარი როგორც კი შევაღე, ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა დამიძახა, – ჩვენთან მოდი, შენ ხომ ჩვენი ახალი კლასელი ხარო. პირველივე შეხვედრისას მათგან ისეთი სითბო და ყურადღება ვიგრძენი, რომ ეს მომენტი სამუდამოდ სასიამოვნო მოგონებად დარჩება ჩემს მეხსიერებაში.

– სკოლაში ყველა საგანს ერთნაირად სწავლობ, თუ რომელიმე განსაკუთრებულად მოგწონს და რატომ?

ქეთი დავაძე: – ახლა ყველაზე მეტ ყურადღებას საგამოცდო საგნებს – ქართულს, ინგლისურსა და ისტორიას ვუთმობ. ძალიან მიყვარს ქართული ლიტერატურა. მხატვრულ ნაწარმოებებში ბევრი ისეთი საკითხია განხილური, რაც დღესაც ძალიან აქტუალურია. მომწონს დისკუსიები, რომელსაც კლასში სხვადასხვა ნაწარმოებების განხილვისას ვმართავთ. ეს სწრაფი და ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან მეხმარება.

– როცა არ მეცადინეობთ, რითი ხარ დაკავებულით; შენი ჰობი რა არის?

გვანცა მაღლაფერიძე: – მიყვარს ძალიან წიგნების კითხვა და თავისუფალ დროს ვცდილობ, მხატვრული ლიტერატურა ვიკითხო.

ქეთი დავაძე: – გააჩნია, კონკრეტულ მომენტში როგორ ხასიათზე ვარ. მიყვარს მეგობრებთან ერთად დროის გატარება, აქსესუარების დამზადება მძივებით, ფილმების ყურება.

ნინო ლურსმანაშვილი: – აბიტურიენტობის პერიოდში ისეთი დრო, როცა არ ვმეცადინეობ, ძალიან იშვიათია. ბოლო წლებში, როცა ყველა აქტივობა ონლაინ რეჟიმში გვიწევს, ძალიან რთულია მთელი დღის კომპიუტერთან გატარება. ამიტომ თავისუფალ დროს  ვცდილობ, მუსიკას მოვუსმინო და სუფთა ჰაერზე ვისეირნო.

– დღევანდელი აბიტურიენტები, თქვენი აზრით, მომავალ პროფესიას, ზოგადად, რის მიხედვით ირჩევენ?

გვანცა მაღლაფერიძე: – პირველ რიგში, ალბათ, საკუთარი ინტერესების მიხედვით და ასევე  შეიძლება პრიორიტეტი მიანიჭონ ისეთი პროფესიის დაუფლებას, რომლითაც დასაქმება უფრო იოლი იქნება ჩვენს ქვეყანაში.

– როგორია თქვენი პროფესიული არჩევანი, სად გსურს სწავლის გაგრძელება?

ქეთი დავაძე: – ჯერჯერობით, პროფესია არ ამირჩევია. ყოველ დღე ახალ-ახალი პროფესია მაინტერესებს, ერთ კონკრეტულზე ჯერ ვერ შევჩერდი.

ნინო ლურსმანაშვილი: – ჩემმა პირველმა მასწავლებელმა იმდენად შემაყვარა ეს პროფესია, რომ მინდა დაწყებითი კლასების პედაგოგი გავხდე და ამ სპეციალობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავეუფლო.

გვანცა მაღლაფერიძე: – დიდხანს ვფიქრობდი მომავალ პროფესიაზე. ბოლოს ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ავირჩიე. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი საქმიანობაა.

– ცნობილი პიროვნებებიდან თქვენი ფავორიტი ვინ არის და რით გხიბლავთ?

გვანცა მაღლაფერიძე: – ჩემთვის ყველაზე გამორჩეული თამარ მეფეა, ერთ-ერთი საინტერესო და მისაბაძი ქალი ისტორიაში. მისი მეფობის დროს საქართველო ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.

ნინო ლურსმანაშვილი: – ილია ჭავჭავაძე ჩემთვის ყველაზე საინტერესო პიროვნებაა, მისი დღესაც აქტუალური შემოქმედებიდან და საზოგადოებრივი მოღვაწეობიდან გამომდინარე.

ქეთი დავაძე: – უინსტონ ჩერჩილი, როგორც გამორჩეული პოლიტიკოსი ინგლისისა და მსოფლიო ისტორიაში, ძლიერი პიროვნება და უკვდავი ლეგენდა.

– ახლა, სტუდენტობის გარდა, მხოლოდ ერთი სურვილის ასრულებას რომ დაგპირდნენ, ყველაზე მეტად რას ისურვებდი?

ქეთი დავაძე: – ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას ვისურვებდი, სადაც თავს დაცულად ვიგრძნობ ელემენტარული საშიშროებისგან; გვექნება მიზანი და შანსი, რომ განვითარდე სასურველი მიმართულებით. ერთი სურვილის უფლება რომ მქონდეს, საქართველოს ასეთ ქვეყანად ვაქცევდი.

ნინო ლურსმანაშვილი: – ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ვისურვებდი.

გვანცა მაღლაფერიძე: – ბავშვობიდან ყოველთვის ვოცნებობდი, ძაღლების თავშესაფარი გამეხსნა. უამრავი მიუსაფარი ძაღლია, რომელსაც პატრონობა სჭირდება და არავინ ფიქრობს მათზე. მინდა, რომ ეს სურვილი ამისრულდეს.

თამთა გოგოლაძე