კორონავირუსის პანდემიის ორი წლისთავზე ხარაგაულში ამ ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 2022 წლის თებერვალში დადასტურდა.

covid-19 თებერვალში 1 127 პირს გამოუვლინდა.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, თებერვალში ტესტირებისთვის 2093 პირმა მიმართა. მათგან 1127 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თებერვალში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა.

იანვარში ხარაგაულში კორონავირუსი 632 პირს დაუდასტურდა, გასული წლის დეკემბერში – 337-ს. გასულ, 2021 წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ნოემბერში დაფიქსირდა – ეს ვირუსი 954 პირს გამოუვლინდა.

„მძიმე თებერვალი გვქონდა, – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე, – თებერვლის ბოლოს და მარტის პირველ რიცხვებში ინფიცირებულთა რიცხვმა იკლო. თუმცა, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება.

ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ რეგულაციები – ვატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეებში, ავიცრათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი მიმდინარეობს. ამ მარათონის ფარგლებში აცრები კიცხის, ხიდრის, ვარძიის, მოლითის, მარელისის, სარგვეშისა და ბაზალეთის თემების სოფლების მოსახლეობას ჩაუტარდა.

მარათონში ჩართვის მსურველები ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს უნდა დაუკავშირდეს. ერთ სოფელში აცრის ათამდე მსურველი მაინც უნდა შეგროვდეს, ამცრელი ბრიგადა რომ მივიდეს. აცრები სინოვაკით, სინოფარმითა და ფაიზერით ტარდება როგორც ბინაზე, ასევე საექიმო ამბულატორიებში“.