ეპიდემიოლოგიური ვითარება ხარაგაულში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, თანდათან მძიმდება.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, საკმაოდ მძიმე იანვარი ჰქონდათ – დეკემბერთან შედარებით, იანვარში ტესტირებისთვის მომართვიანობა გაორმაგდა.

2022 წლის იანვარში კორონავირუსი ხარაგაულში 632 პირს დაუდასტურდა, გასული წლის დეკემბერში – 337-ს.

ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ეს ანტირეკორდია ხარაგაულის სინამდვილეში. ამით Covid-19-ის ხარაგაულში პირველად დადასტურებიდან პირველ თებერვლამდე სულ 4057 პირი დაინფიცირდა. მათგან 3570 გამოჯანმრთელდა, 44 გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 50 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.

443 ინფიცირებულიდან, პირველი თებერვლის მდგომარეობით, სტაციონარში 28 ინფიცირებული მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, რომ ბოლო დღეებში ჯანდაცვის ცენტრს ტესტირებისთვის ის ადამიანები მიმართავენ, რომელთაც ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. თუმცა, იანვარში, პედაგოგთა გეგმიური ტესტირებისას, კორონავირუსი დაუდასტურდა 5 ისეთ პირს, რომელთაც არანაირი სიმპტომი არ აწუხებდა.