მეორე დღეა, რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა და უკრაინის დიდ ქალაქებზე სამხედრო შეტევას ახორციელებს.

როგორ აფასებენ ამ ომს ამერიკაში მცხოვრები ადამიანები, ამის შესახებ ხარაგაულელი კესო ჩხიკვაძე გვესაუბრება. ის მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამის (FLEX) 2021 წლის გამარჯვებულია და რამდენიმე თვეა ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლთან ახლოს, ქალაქ კირკლენდში ამერიკულ ოჯახში ცხოვრობს.

„მთავრობიდან დაწყებული, მოქალაქეებით დამთავრებული, ყველა რეალურად და ნათლად აღიქვამს სიტუაციას. იციან, რა ხდება და რამხელა საფრთხეშია უკრაინა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ ჩემი ამერიკელი კლასელებისგან გავიგე. ახალ ამბებს თვალს ერთად ვადევნებდით. მიმდინარე მოვლენებს ჩემი მასპინძელი ოჯახიც მუდმივად თვალს ადევნებს.

რამდენიმე დღის წინ სკოლაშიც ვისაუბრეთ რუსეთის აგრესიაზე და მოსალოდნელ ომზე. მე 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ვუამბე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. მათთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა, თუ რატომაა არსებული მდგომარეობა საქართველოსთვის ასეთი სენსიტიური.

ახლა ყველა გონებაგახსნილი და მოაზროვნე ადამიანი უკრაინას უჭერს მხარს და პოზიტიურ ახალ ამბებს ველოდებით. Слава Україні!

ფოტოზე: მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) მონაწილეები