ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა საგანგაშოა.

კორონავირუსი განსაკუთრებით გავრცელდა დ. ხარაგაულის მაცხოვრებლებში.

გართულებული ეპიდვითარების გამო, ჯანდაცვის ცენტრმა ხარაგაულის #2, #3 საჯარო სკოლებში, სასულიერო გიმნაზიაში, ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღებში სწავლის ერთი კვირით გადავადებაზე რეკომენდაცია გასცა.

სკოლამდელ დაწესებულებათ გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, სოფლებში მოქმედ საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 14 თებერვლიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება; ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღების შემთხვევაში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას გაითვალისწინებენ.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ 18 თებერვლის ჩათვლით ვახანის, კიცხისა და ხიდარის სკოლები დისტანციურად ისწავლიან.

„სავარაუდოდ, დაბა ხარაგაულში მოქმედი სამივე სკოლაში დისტანციური სწავლება ერთი კვირით გახანგრძლივდება, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – თუმცა, საბოლოო პასუხი ხვალ, 12 თებერვალს, სკოლების დირექტორებთან კონსულტაციის შემდეგ, გვეცოდინება.

ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ვირუსის ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან 11 თებერვლამდე მუნიციპალიტეტში covid-19-ით სულ 4709 პირი დაინფიცირდა, მათგან 3900 გამოჯანმრთელდა, ხოლო 46 გარდაიცვალა.

11 თებერვლის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 763 ადამიანს კორონავირუსი ლაბორატორიულად აქვს დადასტურებული. მათგან 26 სტაციონარში მკურნალობს.

გუშინ, 10 თებერვალს, ხარაგაულში კორონავირუსით 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.