აბიტურიენტობა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ დროს ამთავრებ სკოლას, – ემშვიდობები გარემოს, სადაც თორმეტი წელი გაატარე. ცდილობ აირჩიო პროფესია, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურები და ემზადები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

ჩვენი გაზეთის დღევანდელი ნომრის სტუმრები ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები, მედლის კანდიდატები ელენი ჭყოიძე, ელენე ტალახაძე და საბა მესხი არიან.

– ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებით. ამ მომენტისთვის, მიგაჩნიათ თუ არა, რომ მომავალი პროფესია უკვე არჩეული გაქვთ? როგორ და რატომ აირჩიეთ მომავალი პროფესია?

ელენი ჭყოიძე: – ძალიან დიდხანს ვყოყმანობდი, თუმცა საბოლოოდ ჩამოვყალიბდი. მინდა ფილოლოგი გამოვიდე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვისწავლო. ეს გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შედეგად, თუმცა თავად მივიღე. მსურს, საფუძვლიანად შევისწავლო ქართული ენა და ლიტერატურა.

ელენე ტალახაძე: – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაბარებას ვაპირებ. სოციოლოგიის შესწავლა მაინტერესებს, რადგან ეხება დღევანდელ აქტუალურ და პრობლემურ თემებს; მაგალითად – გენდერულ თანასწორობას, ასევე ქალების როლს დღევანდელ  საზოგადოებაში, ფემინიზმსა და სხვა თანამედროვე აქტუალურ საკითხებს.

საბა მესხი: – მომავალი პროფესია ჯერ არ ამირჩევია. ჩასაბარებლად ორი ფაკულტეტი შევარჩიე – მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებების ან ეკონომიკის. ალბათ უფრო ეკონომიკის ფაკულტეტს ავირჩევ და სწავლას თავისუფალ უნივერსიტეტში გავაგრძელებ. მათემატიკა ბავშვობიდან მიზიდავს. ამიტომ მომავალი პროფესიაც ამ საგანს დავუკავშირე.

– მეცადინეობის დროს თუ დამატებითი ინფორმაციის მოძიება გჭირდებათ, წიგნს ამჯობინებთ თუ ინტერნეტს და რატომ?

ელენი ჭყოიძე: – ინფორმაციის მოძიება წიგნებში მიყვარს, ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. თუმცა, ახლა დროის სიმცირის გამო, ინტერნეტს უფრო ვიყენებ.

ელენე ტალახაძე: – იმის გამო, რომ სოციოლოგია თანამედროვე დარგია, მის შესახებ ინტერნეტში უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება შეიძლება. ამიტომ უფრო მეტად ინტერნეტს ვიყენებ.

საბა მესხი: – თემას გააჩნია; მაგალითად, თუ მატემატიკაში მჭირდება რაიმე ინფორმაციის მოძიება, ნასწავლი ფორმულები ერთ რვეულში მაქვს თავმოყრილი და ამ რვეულს დავიხმარ ხოლმე; ხოლო თუ ქართულში მჭირდება რაიმე ინფორმაცია, თუნდაც ცნობილი ადამიანების გამონათქვამები კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, მაშინ ინტერნეტს მივმართავ.

– თქვენი თაობის ყველაზე დიდ გამოწვევად რა მიგაჩნიათ?

საბა მესხი: – ჩვენი თაობის ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ, ტექნიკაზე დამოკიდებულებაა. ზოგიერთი ჩემი თანატოლისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ინტერნეტში ჩართული ტელეფონის ან კომპიუტერის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ეს ძალიან ცუდია, დიდ დროს ვუთმობთ და ხშირ შემთხვევაში, ჩვენდა უნებურად, დროს ვფლანგავთ.

– წარჩინებულ მოსწავლეებად ითვლებით. თქვენი აზრით, ადამიანმა რომ წარმატებას მიაღწიოს, ამისთვის რა არის საჭირო?

ელენი ჭყოიძე: – პირველ რიგში, საჭიროა შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა. როცა დიდი შრომით სასურველ შედეგს და წარმატებას მიაღწევ, ამ სასიამოვნო გრძნობას ვერაფერი შეედრება.

– რომელი მხატვრული ნაწარმოები ან ფილმი მოგწონთ და რატომ?

ელენე ტალახაძე: – ახლა „დიდოსტატის მარჯვენას“ ვსწავლობთ და ძალიან მომწონს. ვთვლი, რომ ქართულ ლიტერატურაში ეს ნაწარმოები შედევრია. მასში აღწერილია არა მხოლოდ სვეტიცხოვლის მშენებლობა, არამედ მაშინდელი საქართველოს ისტორია და საზოგადოებრივი ურთიერთობები.

მომწონს ფილმი „ანა კარენინა“ – მასში ძალიან კარგად არის წარმოჩენილი მაშინდელი საზოგადოების დადებითი თუ უარყოფითი მხარეები. ძალიან დამაფიქრებელი ფილმია და იმდენად მოვიხიბლე, რომ ახლა ამავე ნაწარმოების კითხვაც დავიწყე.

– თქვენი ჰობი რა არის, – სკოლაში სწავლის გარდა, კიდევ რითი ხართ დაინტერესებული?

ელენი ჭყოიძე: – როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვხატავ, – უმეტესად ბუნებისა და ყვავილების ხატვა მიყვარს. ეს არ არის ძალიან დიდი და ძვირფასი ნახატები, თუმცა განტვირთის შესაძლებლობას მაძლევს.

ელენე ტალახაძე: – ძალიან მომწონს სხვადასხვა მხატვრული ნაწარმოებების კითხვა, განსაკუთრებით  ქართველი მწერლები მიზიდავს და თავისუფალ დროს წიგნების მოძიებასა და კითხვას ვუთმობ.

საბა მესხი: – ხშირად, მეგობრებთან ერთად, კალათბურთს ვთამაშობ ან კომპიუტერულ თამაშებით ვერთობი. ასევე ძალიან მიყვარს მუსიკის, – განსაკუთრებით – ჰიპ-ჰოპ-ის მოსმენა.

– როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი ათი წლის შემდეგ?

ელენი ჭყოიძე: – ათი წლის შემდეგ, ვფიქრობ, ჩემი პროფესიით ვიმუშავებ და წარმატებული ვიქნები. არ ვაპირებ, მხოლოდ ფილოლოგიის შესწავლას დავჯერდე. სავარაუდოდ, მეორე პროფესიაც მექნება.  არ მიფიქრია იმაზე, ათი წლის შემდეგ ვიქნები თუ არა დაოჯახებული. ახლა მხოლოდ კარიერაზე ვფიქრობ.

ელენე ტალახაძე: – ჩემი თავი წარმომიდგენია საზღვარგარეთ, სადაც ჩემი არჩეული პროფესიით განვაგრძობ სწავლას და განვითარებას.

საბა მესხი: -ამ თემაზე არასოდეს მიფიქრია და ამიტომ ახლა ვერაფერს გეტყვით.

თამთა გოგოლაძე