ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 18 საექიმო ამბულატორია ფუნქციონირებს. წლებია, კონკრეტულ ამბულატორიებს წყლის, გადახურვისა თუ ეზოს შემოღობვის პრობლემები აქვს.

ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია-მშენებლობისა და აღჭურვისთვის 8 ათასი ლარია განსაზღვრული. ამ თანხით რომელი პრობლემების მოგვარებას აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება, ან რამდენად საკმარისია 8 ათასი ლარი სოფლის საექიმო ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, – ამის გასარკვევად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ნანა კიკნაძეს მივმართეთ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ათი სოფლის საექიმო ამბულატორიის შენობაა – ბაზალეთის, ფარცხნალის, სარგვეშის, კიცხის, წყალაფორეთის, ვარძიის, ხიდარის, ზვარეს, წიფას, ვახანის. მუნიციპალიტეტმა ეკონომიკის სამინისტროს მიმართა და სოფლის ამბულატორიების შენობები ეტაპობრივად გადმოგვეცემა. დროთა განმავლობაში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ამბულატორიის ყველა შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოვა. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ამბულატორიებისგან მოხმარებული ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გადასახადებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ავანაზღაურებთ. 8 ათასი ლარი სწორედ ამისთვისაა განკუთვნილი.

– საწვავის სიძვირის გამო ცენტრალურ გათბობას ვერ რთავენ ბორითის, საღანძილეს, კიცხის, ლაშის, წყალაფორეთის, მოლითის, ღორეშისა და ხუნევის ამბულატორიებში.

– ამ ამბულატორიებში ცენტრალური გათბობის სისტემას ერთი დღეც კი არ უმუშავია. აუცილებელია, რომ წლების წინ გაკეთებული ამ სისტემების მდგრადობა და უსაფრთხოება სპეციალისტებმა გადაამოწმონ. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ საწვავის ხარჯის ანაზღაურებაზე მსჯელობის დაწყებას. ხარაგაულის სოფლის საექიმო ამბულატორიებში, ძირითადად, შეშის ან დენის ღუმელებით თბებიან.

– წყალაფორეთის საექიმო ამბულატორია 2019 წელს გარემონტდა. ამის მიუხედავად, ამ ამბულატორიაში წყლის სისტემა კვლავ მოსაწესრიგებელია და სახურავიდან წყალი ჟონავს. მოლითის ამბულატორიის შენობაშიც წყალი ჩამოდის. ხუნევის, მოლითის, საღანძილისა და წიფის ამბულატორიები შემოსაღობია. ლაშეს, ზვარეს, საღანძილის, ფარცხნალის, ვახანის, ხუნევის, კიცხისა და მოლითის ამბულატორიებს წყალი არ მიეწოდება.

– ჯერჯერობით, არ დაგვიგეგმავს, 2022 წელს რომელ ამბულატორიაში კონკრეტულად რა მოწესრიგდება. ამბულატორიების პრობლემები შევისწავლეთ. ყველა მოთხოვნა გადაიხედება და ხარჯთაღრიცხვები შედგება. მცირე პრობლემები, შესაძლოა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხებით მოგვარდეს და ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია.

ნადაბურში ექთნის საქმიანობისთვის გამოყოფილ ოთახს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა და მეზობლად მდებარე სკოლიდან წყალია გადასაყვანი. წელს ეს საკითხი აუცილებლად მოგვარდება. ზვარეს ამბულატორიაში იმდენად დიდი პრობლემებია გადასაწყვეტი, რომ მხოლოდ წყლის მიწოდება რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს.

კიცხის საექიმო ამბულატორიისთვის წყლის მიწოდება დამოკიდებულია კიცხის სკოლის წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე, რაც ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩვენთვის ცნობილია, ლაშის ამბულატორიას წყალი რომ არ მიეწოდება. თუმცა ამ საკითხის მოსაგვარებლად რა უნდა გაკეთდეს, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. საექიმო ამბულატორიების წყალმომარაგება უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამიტომ წელს ამ პრობლემას მაქსიმალურ ყურადღებას დავუთმობთ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაწყებამდე მაქსიმალურად ჩავერთვებით პროექტების დაგეგმვაში, ამბულატორიების კუთხით. გასულ წელს არცერთი სოფლის მოსახლეობამ მათი პრობლემების მოსაგვარებლად გამოყოფილი თანხა ამბულატორიების ელემენტარული საჭიროების გადასაჭრელად არ გამოიყენა.  ზოგიერთი სოფლის მოსახლეობა სამართლიან გულისწყრომას გამოხატავს ამბულატორიის მუშაობასთან დაკავშირებით, – ამბობენ, რომ საექიმო ამბულატორიის კარი არ იღება, ექიმი იქ თვეობით არ დადის და ექთანი სახლიდან მუშაობს. ასეთ დროს მოსახლეობამ ამბულატორიის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება რომ არ მოინდომოს, სულაც არ არის გასაკვირი.

თუმცა, ასეთი უკმაყოფილება რამდენიმე ექიმის მიმართ არსებობს, ბევრ სოფელში თავდადებული და საკუთარი საქმის პროფესიონალები მუშაობენ.

– ზვარეს ამბულატორია დამეწყრილ ზონაშია, შენობის ჭერიდან და კედლებიდან პლასტიკატები ცვივა.

– წელს აუცილებლად მოვიწვევთ გეოლოგებს იმ მიწის მდგრადობის შესამოწმებლად, რომელზედაც ზვარეს ამბულატორიის შენობა დგას. შესაძლოა, იქ ჯერ კიდევ მეწყერული პროცესები მიმდინარეობდეს. გეოლოგების დასკვნის მიღებამდე ზვარეს ამბულატორიის პრობლემების მოგვარებაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, წელს ვგეგმავთ, ზვარეს ამბულატორიის შენობაში კოსმეტიკური რემონტი ჩავატაროთ.

– სოფლის საექიმო ამბულატორიების ინტერნეტ-პროვაიდერი „სკაიტელია“. თუმცა, ამბულატორიებს, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, ინტერნეტი მნიშვნელოვანი შეფერხებით მიეწოდება.

– ამასთან დაკავშირებით ამბულატორიების ექიმებს ჩვენთვის არ მოუმართავთ. ნებისმიერი წერილობითი მომართვის საფუძველზე შეიძლება, რომ პირობები გადაიხედოს. დავუკავშირდებით „სკაიტელს“, ან შესაძლებელია სხვა პროვაიდერიც დავამატოთ.

სოფლის ამბულატორია „ჯანდაცვის კარიბჭე“ უნდა იყოს. პირველადი ჯანდაცვის განვითარებას, დაავადებათა პროფილაქტიკასა და სოფლად „ოჯახის ექიმის“ ინსტიტუტის გაძლიერებას პაციენტების ჯანმრთელობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ამის მისაღწევად, ჯერჯერობით, გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.

თამთა გოგოლაძე