ქეთევან ლაცაბიძე, გურამ ლურსმანაშვილი და ელენე ჩიჩილიძე ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის წარჩინებული მეთორმეტეკლასელები არიან. ქეთევანი და გურამი სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე აპირებენ, ელენეს კი კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის დაუფლება სურს; თუმცა, სწავლას თავისუფალ უნივერსიტეტში გააგრძელებს თუ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ჯერ არ გადაუწყვეტია.
გურამმა და ქეთევანმა მომავალი პროფესია ბავშვობაში აირჩიეს. გურამს პოლიტიკოსობა სურს და ამისათვის სამართლის ცოდნა აუცილებლობად მიაჩნია. ქეთევანი უსამართლობას ვერ იტანს, დეტექტიური ჟანრის კინოფილმები უყვარს და მომავალი პროფესიაც ამის მიხედვით შეარჩია. ელენემ კი ეს პროფესია შარშან ფაკულტეტების შერჩევის დროს აღმოაჩინა და დაინტერესდა.
სამივე მათგანის ყოველი დღე დატვირთულია და მომქანცველიც, – დილით სკოლაში წასასვლელად ემზადებიან, გაკვეთილები ადრე უმთავრდებათ და შემდეგ უკვე რეპეტიტორებთან მიდიან. სამივე სამ საგანში ემზადება და თავისუფალი დრო თითქმის არ აქვთ. ელენე ერთ-ერთ საგანში მოსამზადებლად კვირაში ოთხი დღე ზესტაფონში მიემგზავრება.
აბიტურიენტები, ძირითადად, უდროობას უჩივიან და ამბობენ, რომ თავისუფალ დროსაც კი ისეთ საქმიანობას უთმობენ, რომელიც მათ ცოდნას გააღრმავებს.
ელენე ჩიჩილიძისთვის დღევანდელი გამოწვევები დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა მათემატიკის გამოცდაზე უკვე ნერვიულობს, რადგან სასურველ ფაკულტეტზე მოსახვედრად მაღალი ქულები სჭირდება.
ჩვენს კითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ახალგაზრდებისთვის ხარაგაულში ცხოვრება უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს, ქეთევანი და გურამი დასაქმების შესაძლებლობას ასახელებენ. ისინი ამბობენ, რომ ახალგაზრდებისთვის პროფესიული წინსვლა აუცილებელია და ამის შესაძლებლობა მშობლიურ მუნიციპალიტეტში თუ ექნებათ, უკეთესია. ქეთევანის აზრით, ხარაგაულში უფრო მეტი ახალგაზრდა თუ დასაქმდება, ჩვენი მუნიციპალიტეტი ყველა მიმართულებით განვითარდება. ელენე კი თვლის, რომ მთავარია, ხარაგაულში გზები დაიგოს, ამოქმედდეს 24-საათიანი მაღაზიები და აფთიაქები და ახალგაზრდებს გასართობად მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.
სამივე მათგანის მთავარი ოცნება სტუდენტობაა. გურამს, ამავდროულად, ძალიან უნდა, ოჯახური ბიზნესი განავითაროს და ამისათვის სპეციალური კურსებიც კი გაიარა; სურს, პოლიტიკოსობა და ბიზნესმენობა ერთმანეთს შეუთავსოს და საქართველოსა და მსოფლიოსთვის ცნობილი გახდეს.
ელენე და ქეთევანი საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა კულინარიაშიც გეგმავენ. ქეთევანი ფიქრობს, რომ მეორე პროფესიად სწორედ კულინარიას აირჩევს, ხოლო ელენე საკუთარი რესტორნის გახსნაზე ოცნებობს.
ყოვლისშემძლე რომ იყოთ, რას გააკეთებდით და ვისთვის? – ჩვენს ამ შეკითხვაზე ელენესა და ქეთევანის პასუხები ერთმანეთს დაემთხვა, – ორივე მათგანი დედამიწიდან კორონავირუსს გააქრობდა და ადამიანებს თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობას დაუბრუნებდა. გურამი კი ხარაგაულში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ელემენტარული საჭიროებების მოგვარებაში დაეხმარებოდა. მისი თქმით, პირველ რიგში, ყველა სოფელს გზის, წყლისა და ბუნებრივი აირის პრობლემას მოუხსნიდა, შემდეგ კი თითოეულ ხარაგაულელს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის დაასაქმებდა.
ქეთევანს, ელენეს, გურამს და ყველა აბიტურიენტს წარმატებასა და საკუთარი ოცნებების ასრულებას ვუსურვებთ.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე – ელენე ჩიჩილიძე, გურამ ლურსმანაშვილი და ქეთევან ლაცაბიძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების