ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის მატარებელი გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა.
მესამე თვეა, რაც ამ მატარებლის განრიგი შეიცვალა და შუადღის მარშრუტი აღარ სრულდება. დილის შვიდ საათზე ხაშურიდან გამოსული მატარებელი ზესტაფონიდან საღამოს 17:45 საათზე ბრუნდება.
„უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფაში მცხოვრები დალი პერანიძე, – პრობლემას პრობლემა ემატება. რამდენიმე დღის წინ ზესტაფონში წავედი და იძულებული გავხდი, ოზურგეთი-თბილისის მატარებელს გამოვყოლოდი. ბილეთში შვიდი ლარი გადავიხადე.
ხაშურში მჭირდება წასვლა კბილის ექიმთან და ვერ მივდივარ. დილის მატარებელი მხოლოდ რკინიგზის თანამშრომლებისთვის ყოფილა. ტაქსით ხაშურამდე მგზავრობა 30 ლარი ღირს. პენსიონერებს ამის შესაძლებლობა სად გვაქვს?!
აღარ ვიცით, ვის და როგორ მივმართოთ. წინასაარჩევნოდ რომ გვხდებოდნენ კანდიდატები, სულ ამ პრობლემას ვაყენებდით, მაგრამ ამ დრომდე არავინ დაგვხმარებია. მაინცდამაინც რკინიგზა ხომ არ უნდა გადავკეტოთ, რომ ყურადღება მოგვაქციონ?! გავწამდით უტრანსპორტობით“.
ანალოგიური პრობლემის წინაშეა ზვარეს, მოლითის, ვახანისა და ლეღვანის თემის სოფლების მოსახლეობა.
ფინანსური ტვირთი გაეზარდათ ჩხერიმელას ხეობის სოფლების სკოლების იმ მასწავლებლებს, რომლებიც სამსახურში სხვა მუნიციპალიტეტებიდან დადიან.
ნათია კიკნაძე მარელისის სკოლის მასწავლებელია და ხაშურიდან ყოველდღე შვილთან ერთად მგზავრობს. ის მარელისიდან ხაშურამდე ოზურგეთი-თბილისის მატარებლით მიემგზავრება. სამგზავრო ბილეთში თავად შვიდ ლარს იხდის, შვილისთვის – ოთხ ლარს.
წიფის სკოლაში ხაშურიდან ყოველდღე რვა მასწავლებელი დადის. გაკვეთილების შემდეგ სახლებში დასაბრუნებლად ან ტაქსს იძახებენ, ან სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს თანხას უხდიან.
„წიფადან ხაშურისკენ მიმავალი გზა დაბომბილს ჰგავს, – ამბობს მასწავლებელი ნინო ჩხეიძე, – ამიტომ ამ გზაზე ავტომანქანით სიარულს ყველა ერიდება.
პანდემიამდე ოზურგეთი-თბილისის მატარებლით ერთ ლარად ვმგზავრობდით, ახლა შვიდი ლარი ღირს. ჩვენ ამ ბილეთსაც ვერ ვყიდულობთ, რადგან წიფაში საბილეთო სალარო არ ფუნქციონირებს. არ ვიცით, ხაშური-ზესტაფონის მატარებლის მიმოსვლა შუადღისას როდიდან აღდგება“.
მასწავლებლებმა, რომლებიც ჩხერიმელას ხეობის სოფლების სკოლებში სხვა მუნიციპალიტეტებიდან დადიან, განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციას მიმართეს.
ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძე ამბობს, რომ როგორც კი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობას შეუდგება, საკრებულოსა და მერს მასწავლებელთა ტრანსპორტირების დაფინანსების მოთხოვნით მიმართავს.
ხარაგაულის მერიაში ჩხერიმელას ხეობის სოფლებში დასაქმებული მასწავლებლებისთვის ტრანსპორტის გამოყოფაზე ფიქრობენ. თუმცა, როგორც მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, ჯერჯერობით, ამ პრობლემის გადაწყვეტის სამართლებრივი გზა ვერ გამოიძებნა.
რატომ გაუქმდა ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის მატარებლის შუადღის მარშრუტი, – ამ შეკითხვით „საქართველოს რკინიგზას“ მივმართეთ. გვიპასუხეს, რომ ამ საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლა მოლითში რკინიგზის ახალი ლიანდაგის მშენებლობის გამო შეიზღუდა. ამ მშენებლობის დასრულების ვადა კი ვერ დაგვიკონკრეტეს.
ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხარაგაულის მერიას და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის ბიუროს წერილობით გასულ თვეში მიმართა.
კონკრეტულად რა გააკეთა მერიამ და პარლამენტარმა მოსახლეობის მხარდასაჭერად, ამ შეკითხვით ხარაგაულის მერის პირველ მოადგილესა და დეპუტატს დავუკავშირდით.
ვარლამ ჭიპაშვილმა და პაატა კვიჟინაძემ გვიპასუხეს, რომ მათგან „საქართველოს რკინიგზაში“ გაგზავნილ წერილებზე პასუხები ამ დრომდე არ მიუღიათ.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ამ პრობლემას მის სრულ მოგვარებამდე გააშუქებს.
ნინო კაპანაძე
ამ სტატიას სოციალურ ქსელში მკითხველთა ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
ამავე თემაზე
მოსახლეობა შუადღის „მასტერაოსა“ და ქუთაისი-თბილისის მატარებლის აღდგენას ითხოვს
ხაშური-ზესტაფონის რკინიგზელთა მატარებელს მგზავრებისთვის ვაგონი დაემატება
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.