27 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის – წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს.
წმინდა ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ხელთ ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა.
წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
ნინოობასთან დაკავშირებით, ჩვენი დღევანდელი ნომრის სტუმარია სამი ნინო ბუხნიკაშვილი, – მასწავლებელი, აღმზრდელი და ექიმი, – სამივე თავიანთ საქმიანობაში სანიმუშო და გამორჩეული. სამივე ნინოს ერთი და იგივე შეკითხვებით მივმართეთ.
ნინო ბუხნიკაშვილი (მასწავლებელი)
ნინო ბუხნიკაშვილმა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა 1997 წელს დაამთავრა და უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მიენიჭა ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია. 2007 წლიდან ხარაგაულის გიმნაზიაში საინფორმაციო ტექნოლოგიების მასწავლებლად და 2009 წლიდან – #3 საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგად მუშაობს. 2013 წელს იყო სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი. ხარაგაულის მუზეუმში მუშაობს ფონდის ელექტრონულ არქივზე. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ნინო ბუხნიკაშვილი (აღმზრდელი)
ნინო ბუხნიკაშვილმა 1986 წელს ვერტყვიჭალის სკოლა დაამთავრა, შემდეგ ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის სამხედრო აკადემიის მხაზველთა ბიუროში, ხუნევის საბავშვო ბაღში აღმზრდელად. 2013 წლიდან ხევის საბავშვო ბაღის გამგეა. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ნინო ბუხნიკაშვილი (ექიმი)
ნინო ბუხნიკაშვილმა 1990 წელს ხარაგაულის #1 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, 1998 წელს ასევე წარჩინებით – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. იმავე წლიდან დღემდე ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში იმუნიზაციის კოორდინატორია. 2006 წლიდან წიფის საექიმო ამბულატორიაში ოჯახის ექიმად მუშაობს. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
– ვინ და რატომ დაგარქვათ ნინო?
რას ნიშნავს თქვენთვის, რომ წმინდა ნინოს სახელს ატარებთ? ნინოობის აღმნიშვნელი რაიმე ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
ნინო ბუხნიკაშვილი (მასწავლებელი):
– სახელი დედამ დამარქვა. დედაჩემი ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო და ხშირად მიყვებოდა წმინდა ნინოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს მოიხსენიებს, როგორც განმანათლებელსა და მოციქულთა სწორს. ამიტომ ამ სახელის ტარება ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა და სასიამოვნოც. მიხარია, როცა ნინოობას პერსონალურად მილოცავენ. ვცდილობ, ამ დღეს ტაძარში მივიდე და სანთელი ავანთო.
ნინო ბუხნიკაშვილი (აღმზრდელი):
– ნინო დედაჩემის დედის პატივსაცემად დამარქვეს. ბებიაჩემი ძალიან მორწმუნე ქალი იყო. ჩემი სახელი ძალიან მომწონს და გარკვეულ ვალდებულებასაც ვგრძნობ, წმინდანის სახელი რომ მქვია. ყოველთვის ვცდილობ, ადამიანებს გული არ ვატკინო.
ჩემი ბებია ნინოობას ყოველთვის აღნიშნავდა – ახლობლებს სახლში სუფრაზე ეპატიჟებოდა. მეც ყოველთვის ასე ვაკეთებ. ნინოობა ჩემთვის ძვირფასი დღესასწაულია და მინდა, ეს სიხარული ჩემმა ნათესავებმა და მეგობრებმა გაიზიარონ.
ნინო ბუხნიკაშვილი (ექიმი):
– სახელი მშობლებმა დედაჩემის დედის პატივსაცემად დამარქვეს. ბებია საოცარი ქალი იყო – მთლიანად ოჯახის სიყვარულში დაიხარჯა. ბიცოლაჩემმა მის ნამოსახლზე წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის აგება მოინდომა. იმედია, შევძლებთ. ტაძარში შესვლისას წმინდა ნინოს ხატის წინ სანთელს ვანთებ და შემწეობას ვთხოვ. წმინდა ნინოს ორი ხატი მოვქარგე და ძალიან მიხარია.
2014 წლის 27 იანვარს, ნინოობას, შევიტყვე, რომ ტყუპებზე ფეხმძიმედ ვიყავი. მანამდე, 19 იანვარს, პატრიარქთან ერთად ბავშვი მოვნათლე. ნათლული დასალოცად პატრიარქთან რომ მიმყავდა, ვფიქრობდი, – რა ბედნიერია პატრიარქის ნათლულის ოჯახი-მეთქი. ტყუპი ქალ-ვაჟი რომ შემეძინა, პატრიარქმა მონათლა.
– რა ურთიერთობა გაქვთ დანარჩენ, თავიანთ საქმეში ასევე წარმატებულ და აღიარებულ ხარაგაულელ ნინო ბუხნიკაშვილებთან?
რას ნიშნავს თქვენთვის, რომ ხარაგაულში თქვენი მოსახელე ადამიანები ცხოვრობენ?
ნინო ბუხნიკაშვილი (მასწავლებელი):
– საბავშვო ბაღში მუშაობისას გავიგე, რომ ხუნევის ბაღის აღმზრდელი ნინო ბუხნიკაშვილია და მისი გაცნობა მოვინდომე. ექიმი ნინო ბუხნიკაშვილი ჩემი ნათესავია. ორივე ძალიან განათლებული, საკუთარი საქმის უბადლოდ მცოდნე და თავიანთ სფეროში წარმოჩინებულები არიან. უაღრესად სასიამოვნოა, ჩემს მუნიციპალიტეტში ასეთი წარმატებული ორი ნინო ბუხნიკაშვილი რომ ცხოვრობს. ყოფილა შემთხვევა, ექიმ ნინო ბუხნიკაშვილის ნაცვლად, ჩემთან დაურეკავთ. ჩემი ნინო ბუხნიკაშვილებით ვამაყობ და სიყვარულით ვულოცავ ნინოობას.
ნინო ბუხნიკაშვილი (აღმზრდელი):
– მასწავლებელი ნინო ბუხნიკაშვილი მაშინ გავიცანი, საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად რომ მუშაობდა. მან ჩემში დიდი სითბო და სიყვარული დატოვა. ძალიან მოსიყვარულე, გაწონასწორებული პიროვნებაა, საუკეთესო შვილების დედა.
ექიმი ნინო ბუხნიკაშვილი ჩემი ნათესავია. თუმცა, მის მშობლებს უფრო კარგად ვიცნობ, ვიდრე თავად ნინოს. დიდ პატივისცემას გამოვხატავ ბატონი გუგულასა და ქალბატონი ლამარას მიმართ. მიხარია, ჩემი თანამოსახელეები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად რომ არიან ჩართულები.
ნინო ბუხნიკაშვილი (ექიმი):
– მათემატიკოს ნინო ბუხნიკაშვილს ბავშვობიდან ვიცნობ. ის უნივერსიტეტში სწავლისას ჩემი მეუღლის ბიცოლას სტუდენტი იყო და ვიცი, რომ კარგად სწავლობდა. ხევის საბავშვო ბაღის გამგესთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს. თუმცა, კურიოზი კი გადამხდა ორივე ნინოსთან დაკავშირებით – მათ მაგივრად ხშირად მირეკავდნენ და ახლობლების საბავშვო ბაღებში დასაქმებას მთხოვდნენ. ძალიან მიხარია, რომ ჩემი მოსახელეები თავიანთ პროფესიაში წარმატებულები არიან.
– თქვენი შეფასებით, რა გამოწვევების წინაშეა დარგი, რომელსაც თქვენ ემსახურებით და რა უნდა გაკეთდეს ამ გამოწვევების დასაძლევად, თქვენი საქმიანობის ხელშესაწყობად?
ნინო ბუხნიკაშვილი (მასწავლებელი):
– ბოლო წლების ყველაზე დიდი გამოწვევა ონლაინ სწავლებაა. დისტანციურ სწავლებაზე რომ გადავდიოდით, თავიდან ძალიან დავიბენი. შემდეგ დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი – რისი მასწავლებელი ხარ, თუ ჯერ თვითონ არ ისწავლე და ყველაფერ ახალს ალღო არ აუღე. ონლაინ სწავლებამ მოსწავლეებისთვის მასალების მიწოდების მეთოდოლოგიის ცვლილება მოითხოვა.
საკლასო ოთახში აქტუალური, საჭირო რესურსები და აქტივობები ვირტუალურ სივრცეში უფუნქციო აღმოჩნდა. საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე, რომ სასწავლო ონლაინ პლათფორმები მესწავლა და შემდეგ სხვისთვის მესწავლებინა. უდიდესი სირთულე მოსწავლეთა დისტანციურად ჩართვა იყო. ტექნიკის უქონლობა, გაუმართაობა, უხარისხო ინტერნეტი ან სულაც უინტერნეტობა სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. ვფიქრობ, პირველ რიგში, ამის მოგვარებაა საჭირო. ინტერნეტი ხარისხიანი, იაფი და ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ნინო ბუხნიკაშვილი (აღმზრდელი):
– საბავშვო ბაღში მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობაა – არ აქვს მნიშვნელობა, ბაღის გამგე ხარ, აღმზრდელი თუ მზარეული. ჩვენ სხვისი შვილების სიცოცხლე გვაბარია.
ჩემი გულისტკივილი ამჟამად ისაა, რომ ხევის საბავშვო ბაღის მშენებლობა ძალიან გაჭიანურდა. ახლა ნაქირავებ ბინაში ვართ. ბავშვებს არ ვაძინებთ და სამი საათის შემდეგ სახლებში ვაგზავნით.
ხევის საბავშვო ბაღში სულ 32 აღსაზრდელია. დიდთოვლობის გამო 17 ბავშვი დადის. ხელს გვიშლის უტრანსპორტობაც. ბავშვები საბავშვო ბაღში ხევის თემის სხვადასხვა სოფლებიდან დადიან. მამების უმრავლესობა ავტობანის მშენებლობაზეა დასაქმებული, დედებს კი შვილების საბავშვო ბაღამდე მოყვანა უჭირთ.
სექტემბერში ხევის სკოლაში ჩვენი ბაღიდან 15 ბავშვი მიდის. ამიტომ სკოლამდელებთან დისტანციურადაც ვმუშაობთ. ეს მათი სასკოლოდ მომზადებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ნინო ბუხნიკაშვილი (ექიმი):
– ურთულესი ორი წელი გამოვიარეთ. პროფილაქტიკური აცრები რომ არ ჩავარდნილიყო, მე და სოფლის ამბულატორიების მედპერსონალს დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. რამდენჯერმე გეგმიური აცრები ხან მშობლის, ხანაც ბავშვის კოვიდით ინფიცირების გამო გადავდეთ.
სოფლის ამბულატორიების ექიმებს ხელშეწყობა გვჭირდება. წიფის საექიმო ამბულატორიაში, წელიწადნახევარი, ჩემი მეუღლის მანქანით დავდიოდი. უტრანსპორტობის დროს მე და ჩემი ექთანი კოვიდპაციენტებს ადგილზე ვმკურნალობდით. ოჯახის ექიმის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა აუცილებელია. სანამ ერთი უბნიდან მეორე უბანში ფეხით გავალ, ღამდება. სოფლის საექიმო ამბულატორიების სათანადო აპარატურით აღჭურვა ძალიან მნიშვნელოვანი და საშურია.
– რა გასწავლათ, რა სასარგებლო გამოცდილება შეგძინათ პანდემიამ თქვენს საქმიანობაში, როგორც სპეციალისტს და როგორც მშობელს?
ნინო ბუხნიკაშვილი (მასწავლებელი):
– როგორც მასწავლებელმა, ჩემში აღმოვაჩინე ახალი უნარები. თიმსში მუშაობა სხვა ტიპის რესურსების შექმნას, მოძიებასა და დახვეწას გულისხმობს.
პანდემიის დასაწყისში ჩემი უფროსი შვილი აბიტურიენტი, შუათანა – საბაზო კლასის მოსწავლე და უმცროსი – პირველკლასელი იყო. ძალიან რთულია სამი ბავშვის უზრუნველყოფა ტექნიკით, თანაც ისე, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ. გაკვეთილებსაც ვატარებდი და თან შვილებს ტექნოლოგიებთან ურთიერთობაში ვეხმარებოდი. ეს რთული იყო, თუმცა თავადაც ძალიან განვვითარდი.
ნინო ბუხნიკაშვილი (აღმზრდელი):
– ჩემზე, როგორც მშობელზე, პანდემიამ დადებითად იმოქმედა. ადრე სახლიდან დილიდან საღამომდე გასული ვიყავი და შვილს სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი. გიორგისაც უხაროდა ჩემი სახლში ყოფნა. როგორც სპეციალისტს, პანდემიამ მეტი სადარდელი გამიჩინა – აღსაზრდელებთან ურთერთობას მომწყვიტა. სკოლამდელებთან ონლაინ ჩართვები მაინცდამაინც შედეგიანი ვერაა. უფალს ვთხოვ, პანდემია და ეს პასიური ცხოვრება მალე დამთავრდეს.
ნინო ბუხნიკაშვილი (ექიმი):
– პანდემიისას კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის როლი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში უმნიშვნელოვანესია. სახლში ყოფნის დეფიციტი სულ მქონდა და ახლა ოჯახს მეტი დრო დავუთმე.
– თქვენს საქმეში წარმატებული ბრძანდებით, გყავთ კარგი ოჯახი. როგორ ახერხებთ სამსახურებრივი და ოჯახური ვალდებულებების ურთიერთშეთავსებას?
შვილისთვის მშობლის პირად მაგალითს უძლიერესი ძალა აქვს. თქვენი შვილებისთვის სამაგალითო და საამაყო რით ხართ?
ნინო ბუხნიკაშვილი (მასწავლებელი):
– თითოეული დღე, ყველა ნიუანსი დაგეგმილი მაქვს, – რა დროს რა უნდა გავაკეთო. ასევე წინა საღამოს ვგეგმავ და ვემზადები გაკვეთილების ჩასატარებლად. სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე ვიმყოფებით და მიწევს როგორც რეალური, ისე ონლაინ გაკვეთილების ჩატარება. წინასწარ ვგეგმავ, როდის დავურეკო ოჯახის წევრებს, მოსაკითხად. ვიცი შვილების დღის წესრიგი, რომ საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის მათ გვერდით ვიყო.
ვცდილობ, ვიყო მოწესრიგებული და შვილებისთვის მნიშვნელოვანი საქმე, ჩემი მოუცლელობის გამო, თვალთახედვის მიღმა არ დამრჩეს. მეუბნებიან კიდეც, „არაფერი გავიწყდებაო“. შვილებს მოსწონთ, რომ მათ მეგობრებთან ვმეგობრობ. ვცდილობ, მათი თანატოლი ვიყო და მაქსიმალურად გავუგო.
ნინო ბუხნიკაშვილი (აღმზრდელი):
– სამსახურებრივ და ოჯახურ ვალდებულებებს დიდი ძალისხმევისა და უძილო ღამეების ფასად ვუმკლავდები. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და არც ერთს არ ეღალატება. მეუღლემ დიდი საქმე – ფერმის მშენებლობა წამოიწყო და ჩემგან თანადგომა სჭირდება. ამ მხრივ პანდემია დამეხმარა – ოჯახს მეტი დრო დავუთმე.
გიორგისთვის სამაგალითო ვარ სითბოთი, სიკეთით, ყურადღებითა და ადამიანებისადმი სიყვარულით.
ნინო ბუხნიკაშვილი (ექიმი):
– საოჯახო საქმეებში მეუღლე, დედა და უფროსი შვილები მეხმარებიან. წარმატებას ვაღწევ იმით, რომ მაქსიმალურად ვიხარჯები.
„ციფრული ჯანმრთელობა და ციფრული კომუნიკაციების“ ტრენინგების შემდეგ „წლის სტრატეგად“ დამასახელეს. ტრენინგის 80 მონაწილედან ექვსი დაგვაჯილდოვეს. შარშან, იმუნიზაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ამირან გამყრელიძემ შემაფასა, როგორც საუკეთესო.
შრომისმოყვარეობა, ადამიანების სიყვარული, მადლიერება, პატიოსნება, გულწრფელობა, ერთგულება – აი, ამით ვარ ჩემი შვილებისთვის საამაყო და სამაგალითო.
თამთა გოგოლაძე
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების