ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი, ახალშესვენებული მეუფე დიმიტრი (კაპანაძე) ხარაგაულში, სოფელ ხორითში დაიბადა და აღიზარდა.
1992 წელს ხარაგაულის რაიონის ლაშის საშუალო სკოლა დაამთავრა. მეუფეს მოსწავლეობის გახსნება მისი კლასის ხელმძღვანელს, ბიოლოგიის მასწავლებელს, მარინე ლურსმანაშვილს ვთხოვეთ.
„მეუფეს გარდაცვალებით თავზარდაცემული ვარ. ის ჩემი საუკეთესო მოსწავლე იყო, – იხსენებს მარინე მასწავლებელი, – ერისკაცობაში რამაზი, ლაშის სკოლაში სარგვეშის ცხრაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ გადმოვიდა. ხუთი დედმამიშვილი იყვნენ. რამაზის, რევაზის და რუსუდანს ვასწავლიდი.
ორი წელი რამაზის კლასის დამრიგებელი ვიყავი. ერთხელ მითხრა, – მასწავლებელო, ადამიანის წარმოშობის ისტორიას არასწორად გვასწავლით, ადამიანი ღმერთმა შექმნაო. არ მახსოვს, ოდესმე გაკვეთილდაუსწავლელი მოსულიყო.
იმ პერიოდში შაბათსაც ვსწავლობდით. გაკვეთილების შემდეგ რამაზი და-ძმასთან და მეგობრებთან ერთად ხარაგაულის ეკლესიაში მამა ზაქარიასთან მოდიოდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ახალციხის სასულიერო სემინარიაში და უნივერსიტეტის ფილიალში ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა. შემდეგ ბერად აღიკვეცა. მისი და, რუსუდანი, მონაზონია – დედა სერაფიმა. ადიგენში მღვდლად მსახურობს მისი ძმა მამა რევაზი.
…მეუფე დიმიტრი რამაზი წმინდა მარინეს ხსენების დღეს ყოველთვის მირეკავდა და მილოცავდა.
ერთხელ, როცა უკვე ჭულეს მონასტერში მსახურობდა, დახმარება ვთხოვე, – ხარაგაულის #3 სკოლაში ძალიან ცელქი სადამრიგებლო კლასი მყავს და იქნებ გაესაუბროთ-მეთქი. ჩამოვიდა, მოსწავლეებს შეხვდა და ესაუბრა.
2013 წელს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფედ რომ ეკურთხა და ხარაგაულში მისი მოსვლის შესახებ შევიტყვე, სასულიერო გიმნაზიასთან დავხვდი. სიხარულით ცრემლები ვერ შევიკავე. გულში ჩამიხუტა და მითხრა, – ხომ არ დამიბერდი, მარინა მასწავლებელო, რა გულჩვილი გამხდარხარო.
ძალიან გამიხარდა, როცა ჟურნალ „კარიბჭესთვის“ მიცემულ ინტერვიუში თავის ყველაზე საყვარელ მასწავლებლად დამასახელა.
ძალიან ზრდილობიანი, საუკეთესო თვისებების იყო; ფიზიკურად და სულიერად ლამაზი, გაწონასწორებული, – ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია, ყველა დამეთანხმება. მართლმადიდებლობისთვის გულანთებული იყო.
დღეს მეც მისი ჭირისუფალი ვარ და სამძიმარს ვიღებ, როგორც მისი კლასის დამრიგებელი.
ვუსამძიმრებ მის მშობლებს – ვანგერისა და ნელის, მის დედმამიშვილებს, ახლობლებსა და სულიერ შვილებს“.
მეუფე დიმიტრის 27 იანვარს 14 საათზე დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.
ამავე თემაზე
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) კორონავირუსით გარდაიცვალა
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების