ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“, უკვე რამდენიმე წელია, პერიოდულად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს ინოვაციურ პროექტებს სთავაზობს.
2022 წლიდან ეს ორგანიზაცია, „ქალთა ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს „ქალთა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების“ პროექტს, რაც ხარაგაულში სოციალური სამრეცხაოს მოწყობას ითვალისწინებს.
– ქალებს, რომელთაც არ აქვთ სარეცხი მანქანა, წყალი ან შესაბამისი პირობები, შეეძლებათ ამ სამრეცხაოთი ისარგებლონ, – ამბობს ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე, – სამრეცხაოს მოწყობა „სათნოების სახლში“ მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.
პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება ხარაგაულის თვითმმართველობა, – წყლის, ფხვნილისა და მომსახურების თანხას პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ელოდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული გვაქვს სარეცხი მანქანების შეძენა და მზის ქსელში ჩართული ვირტუალური ელექტროსადგურის მოწყობა, რომელიც სამრეცხაოს ელექტროენერგიით მოამარაგებს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადგილის შერჩევა, სადაც მზის ელექტროსადგური დამონტაჟდება.
სოციალური სამრეცხაოთი სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ დაბა ხარაგაულსა და სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს, მოწყვლად ჯგუფებს. ვფიქრობთ მოხალისეების შემოკრებას, რომელთა დახმარებითაც სოფელში მცხოვრებ შეჭირვებულ ქალებს დავეხმარებით. შევეცდებით, სოციალური სამრეცხაო ყველასთვის მისაღები და სასარგებლო იყოს“.
„ქალთა ფონდი საქართველოში“ დახმარებით არასამთავრობო ორგანიზაციისგან – „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ – გასულ წლებში დაწყებული არაერთი პროექტით დღესაც სარგებლობენ ბენეფიციარები.
„ამ ფონდის დახმარებით 2017 წელს ხარაგაულში განვახორციელეთ პროექტი „სუფთა გარემო ჩვენი უფლებაა, დაცვა – მოვალეობა“, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – რომელიც სოფლებში ნაგავსაყრელების ადგილზე სკვერების მოწყობას გულისხმობდა. პროექტის ფარგლებში კიცხში, საქარიქედსა და ვერტყვიჭალაში სკვერები მოვაწყვეთ. პროექტის განხორციელებაში ხარაგაულის დასუფთავების სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობა იყო ჩართული.
სოფლებში მოწყობილი სკვერები, უმეტესად, კაცების შეკრების ადგილად რომ არ ქცეულიყო. ჩვენ სპეციალურად არ განვათავსეთ მაგიდები; აქ არის ბაღის სკამები და გასართობი ბავშვებისათვის, რომ უფრო მეტად ქალებმა და ბავშვებმა შეძლონ სარგებლობა.
მუნიციპალიტეტებში არსებული გენდერული საბჭოების ჩართულობით ჩვენმა ორგანიზაციამ ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში 2018 წელს პროექტი „გენდერული თანასწორობის საბჭოები და გარემოსდაცვითი ინიციატივები“ განახორციელა. პროექტი ითვალისწინებდა გენდერული საბჭოს წევრი ქალების ინფორმირებულობას სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებზე, ასევე გარკვეულ აქტივობებს ქალების ჩართულობით.
ხარაგაულის გენდერული საბჭოს ინიციატივით შევკერეთ მრავალჯერადად გამოყენების ნაჭრის ჩართები და მოსახლეობას დავურიგეთ. ასევე ამ პროექტის ფარგლებში ხარაგაულში მოეწყო ფერადი ბარელიეფი.
ზესტაფონში ჩავატარეთ აქცია „ასი ქალის ასი ხე“.
ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, თუ რამდენი თვითნებური, სპონტანური ნაგავსაყრელი იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. კვლევის შედეგები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას გადავეცით. მაქვს ინფორმაცია, რომ მერიის ხელშეწყობით ხარაგაულის სოფლებში არსებული ნაგავსაყრელების უმრავლესობა გაიწმინდა და სოფლის მოსახლეობა ნარჩენებისშემკრები კონტეინერებით სარგებლობს.
მარტოხელა დედებისათვის 2020 წელს განვახორციელეთ პროექტი „ენერგოეფექტურობა – ცხოვრების უკეთესი წესი“, – შევეცადეთ, დავხმარებოდით შშმ და მრავალშვილიან მარტოხელა დედებს, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ.
ამ პროექტის ფარგლებში 11 მარტოხელა დედას გადავეცით შეშაზე მომუშავე ენერგოეფექტური ღუმელი წყლის გამათბობელით. მხედველობადაქვეითებულ მარტოხელა დედას კი დავუმონტაჟეთ მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობელი. ასევე დაგეგმილი იყო ტრენინგები სახლების მოწყობისთვის ენერგოეფექტურობის კუთხით, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა.
ამ პროექტზე მუშაობის პროცესში სოფლად მცხოვრები მარტოხელა დედების ცხოვრების პირობებს ვეცნობოდით. ისინი იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, რომ აუცილებელია, მათზე ვინმემ იზრუნოს. სწორედ მათთან და სხვა ქალებთან კომუნიკაციით გვებადება იდეები, რომელთაც შემდეგ პროექტებად ვაქცევთ. ფონდების დახმარებით ვცდილობთ, მზის ენერგია ქალთა მოწყვლადი ჯგუფების კეთილდღეობისთვის გამოვიყენოთ.
2021 წელს ახალი პროექტით მეწარმე ქალების გაძლიერება დავისახეთ მიზნად. ამისთვის დავამონტაჟეთ 5.5 კვტ სთ ქსელში ჩართული ვირტუალური ელექტროსადგური და ამ სადგურიდან 6 ინდმეწარმე ქალი ხარაგაულში სარგებლობს მზის სადგურიდან მიღებული ელექტროენერგიით.
ეს სადგური ზაფხულში გამოიმუშავებს თვეში 160-დან 200 ლარამდე ღირებულების ელექტროენერგიას, რომელიც პროპორციულად ნაწილდება ქსელში ჩართულ ბენეფიციარებზე.
მეწარმე ქალებთან დაიდგა ე.წ. „ჭკვიანი მრიცხველები“. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხარაგაულის სერვისცენტრი ამას ანაწილებს, ხელშეკრულების მიხედვით.
ამ პროექტმა რამდენიმე ინდმეწარმესთან გარკვეული უხერხულობა შექმნა ტარიფთან დაკავშირებით, თუმცა, მიმდინარე წელს ამ ხარვეზსაც გამოვასწორებთ.
„ქალთა ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტებიდან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „სუფთა გარემო ჩვენი უფლებაა, დაცვა – მოვალეობა“. ეს პროექტი, გარდა იმისა, რომ ნაგავსაყრელის ადგილზე სკვერების გაკეთებას გულისხმობდა, დიდი როლი შეასრულა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში. პროექტში ჩართულმა თითოეულმა ადამიანმა დაინახა, რომ დანაგვიანებულ და ყოვლად უსახურ ადგილას შეიძლება მოეწყოს გარემო, რომელიც მათი შვილებისთვის სასარგებლო იქნება.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ეს პროექტი „საუკეთესო პრაქტიკად“ აღიარა. ჩემი აზრით, ნარჩენების მართვა მხოლოდ ნარჩენების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფოს ვალდებულება კი არაა, არამედ ეს თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა“.
ასევე „ქალთა ფონდის“ დახმარებით ორგანიზაციამ მიიღო საოფისე აღჭურვილობა, რაც საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა. როცა ასეთი თანადგომაა, უფლება არ გაქვს გაჩერდე, უფლება არ გაქვს არ დაეხმარო ადამიანებს, ამის ცოტაოდენი შანსიც თუ გაქვს. სწორედ ამის საშუალებას იძლევა „ქალთა ფონდი“, – მცირედი თანხით შევძლოთ მნიშვნელოვანი საქმეების კეთება.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების