2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ ადგილობრივი დემოკრატია კრიზისს განიცდის. პოლიტიკური პარტიების შეუთანხმებლობა, საკადრო ცვლილებების გაუმჭვირვალობა, დაშინება, მოსყიდვა და ძალმომრეობის სხვა ფორმების გამოყენება, პირველ რიგში, აზარალებს ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს და აფერხებს პოლიტიკური პროცესის განვითარებას.
საკრებულოების საქმიანობის ჩაშლა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, 7 მუნიციპალიტეტის (ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, სენაკი, წალენჯიხა და მარტვილი) საკრებულოებში ოპოზიციას ჯამურად მეტი წევრი ჰყავს, ვიდრე „ქართულ ოცნებას”, თუმცა მყარი უმრავლესობა არცერთ პარტიას არ გააჩნია. კრიზისის დაძლევა შეძლეს
- მხოლოდ ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში (ჩხოროწყუს საკრებულოში თავმდჯომარედ აირჩიეს პარტია “საქართველოსთვის“ წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, მოადგილეებად კი – „ლელოს“ და “საქართველოსთვის” წარმომადგენელი; მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართულ ოცნების“ წარმომადგენელი მას შემდეგ აირჩიეს, რაც მის კანდიდატურას მხარი „ევროპელმა სოციალისტებმა“ დაუჭირეს). ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, სენაკისა და წალენჯიხის საკრებულოებში დღემდე ვერ ირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეებს, თავმჯდომარის მოადგილეებს, შესაბამისად არც მუდმივმოქმედი კომისიები დაკომპლექტებულა.
მანიპულირება 2022 ბიუჯეტის დამტკიცებით
- წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერის პოზიციაზეც ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. ამასთანავე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, სადაც 2022 წლის ბიუჯეტი დღემდე არ დაუმტკიცებიათ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალური პროგრამების განხორციელებას, კაპიტალური თუ მიზნობრივი ტრანსფერების მიღებას, მუნიციპალური ქონების სრულფასოვან მართვას და ა.შ. თუ საკრებულოს საქმიანობა სრულფასოვნად არ წარიმართა და 2022 წლის 1 აპრილამდე არ დამტკიცდა ბიუჯეტი, დღის წესრიგში საკრებულოს და მერის დათხოვნის საკითხი დადგება.
- სწორედ მსგავსი სცენარის (საკრებულოსა და მერის ხელახალი არჩევნები) თავიდან აცილების მიზნით, მმართველმა პარტიამ უპრეცედენტოდ დაჩქარებულ ვადებში მიაღებინა ბიუჯეტი ძველი, 2017 წლის მოწვევის საკრებულოებს იმ მუნიციპალიტეტებში (ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, სენაკი, მარტვილი), სადაც „ქართული ოცნება” 2021 წლის არჩევნების შედეგად მყარი უმრავლესობით არ აურჩევიათ, მაგრამ მერის პოზიციაზე სწორედ „ოცნების” წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. ბათუმის საკრებულომ ამისთვის საგანგებოდ შეცვალა რეგლამენტიც. ეს პროცესი წაახალისა პრემიერ-მინისტრმა თავისი განცხადებით, სადაც აღნიშნა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში “ქართული ოცნებაა” და ოპოზიცია ადგილობრივ დონეზე მათ გარეშე “ნაბიჯს ვერ გადადგამდა”.
ოპონენტებზე ზეწოლის სავარაუდო ფაქტები
- ახალარჩეული საკრებულოებისთვის უკიდურესად დამაზიანებელი აღმოჩნდა „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი საკრებულოებში უმრავლესობას ოპოზიციიდან არჩეულ “ცალკეულ წევრებთან თანამშრომლობის” შედეგად ჩამოაყალიბებდა. ამ პროცესის კონტექსტში უნდა განვიხილოთ, თუ როგორ დატოვეს პარტიის რიგები პარტია „საქართველოსთვის” წევრებმა ნანა ლომონჯავამ წალენჯიხაში და ირაკლი თავდგირიძემ ბათუმში.
- განსაკუთრებულ საჯარო ინტერესს იწვევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტი, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. გარდაცვლილის ახლობლები და პარტიის წევრები ირწმუნებიან, რომ ფუტკარაძის გარდაცვლება მასზე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება – 24 ნოემბერს პარტიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ისმის, თუ როგორ სთავაზობდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს „ნაციონალური მოძრაობის” დატოვების სანაცვლოდ. ჩანაწერში ისიც კარგად ისმის, თუ როგორ ეწინააღმდეგება ფუტკარაძე ასეთ შეთავაზებას. ოჯახის წევრები და თანაპარტიელები აცხადებენ, რომ ფუტკარაძე სწორედ ამ საუბრის შემდგომ ჯანმრთელობის გართულებულ მდგომარეობას შეეწირა. როგორც აღვნიშნეთ, გამოძიების პროცესის მიმდინარეობაზე საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
- ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს გამოძიება კიდევ ერთ საქმეზე – 2021 წლის 30 დეკემბერს ზუგდიდის საკრებულოს წევრს, პარტია “საქართველოსთვის” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ, დაემუქრნენ იარაღით, გაუსწორდნენ ფიზიკურად და დაუზიანეს ავტომობილი. თორია აღნიშნულ თავდასხმას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ზეწოლა განხორციელდა მათი პარტიიდან დმანისის საკრებულოს წევრზე, რამიზ რამაზანოვზე – იგი რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. არჩევნების შედეგად დმანისის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანაბარი ოდენობის მანდატები მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის არჩევა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მას მხარი რამაზანოვმაც დაუჭირა, თავად რამაზანოვი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
გაუმჭვირვალე საკადრო გადაადგილებები
- ადგილობრივი მოქალაქეების წინაშე პრობლემებს წარმოშობს მუნიციპალური სამსახურებისა და ა(ა)იპების ხელმძღვანელთა დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის ხარისხი. გორის, ქარელის, ოზურგეთის და სხვა მუნიციპალიტეტებში, გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, საზოგადოებისთვის უცნობი რჩება ის კრიტერიუმები და არგუმენტები, რომლის მიხედვითაც ხდება ახალ მუნიციპალურ თანამდებობის პირთა შერჩევა.
- ადგილობრივმა საკრებულოებმა სულ ერთი თვეა, რაც დაიწყეს საქმიანობა, მაგრამ უკვე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან მაკალათია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და მიზეზად განაცხადა, რომ “უბრალოდ თავი ამოწურა”. თანამდებობის პირთა დაუსაბუთებელი გადადგომის ფაქტები მრავლად იყო არჩევნებამდეც. მაგალითად, 2018 წელს თანამდებობიდან გადადგნენ ზუგდიდის, ჭიათურის და ხულოს მერები, 2019 წელს პოზიციები დატოვეს მარნეულისა და ზესტაფონის მერებმა, 2020 წელს კი გადადგნენ ქუთაისის, ონის და თერჯოლის მერები, 2021 წელს – ზუგდიდის მერი და თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პოზიციით, ჩამოთვლილი ფაქტები თუ ტენდენციები მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივი დემოკრატიული პროცესი კრიზისს განიცდის. ეს კრიზისი განპირობებულია იმ კომპლექსური პრობლემებით, რომელიც წლებია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში არსებობს. საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს მკაფიო ნაბიჯები მეტი დეცენტრალიზაციისკენ, ადგილობრივი დემოკრატიის გასაძლიერებლად, მეტიც – ყველა რეფორმის საბოლოო მიზანი ცენტრალური მმართველობის გაძლიერება და მმართველი პარტიის პოლიტიკური ძალაუფლების გამყარებაა. ამ უკანასკნელის ერთ-ერთ დასტურად შეიძლება მივიჩნიოთ პარლამენტის მიერ 2021 წლის დეკემბერში დაჩქარებული წესით მიღებული გადაწყვეტილება საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობის გაზრდის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საკრებულოებში არჩეული მმართველი პარტიის აქტიური წევრების თანამდებობებით უზრუნველყოფასა და სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებას.
დღეს მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიებმა, განსაკუთრებით კი მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები შეთანხმებისაკენ, რათა სრულფასოვნად წარმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა და არ დააზარალონ მოქალაქეთა ინტერესები.
წყარო