დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროს გოჩა გიორგიძესთან „ჩემი ხარაგაულისგან“ ჩაწერილ ინტერვიუს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა.

მკითხველი ლია ფოფხაძე ამბობს, რომ „ფაიზერის ვაქცინას ვადა დეკემბრამდე აწერია. ეს როგორ აიხსენება? თავად გვითხრეს, როდესაც ბუსტერზე მივედით. ვარგისიაო გვითხრეს, გვენდეთო. ვადაგასული ვაქცინა აღარ ვიცი. გაგვარკვიეთ სწორად ამ ვაქცინასთან დაკავშირებით“.

-როგორ დარწმუნდეს აცრის მსურველი ადამიანი, რომ ვადიან ფაიზერს იკეთებს, – ამ შეკითხვით გოჩა გიორგიძეს მივმართეთ.

„მსოფლიოს მასშტაბით ფაიზერი, რომლის ადმინისტრირებაც ხორციელდება, არის ერთი ვადის მქონე, – გვპასუხობს გოჩა გიორგიძე, – გარკვეულწილად ის ეჭვი, თითქოსდა ვადა ამოეწურა ფაიზერს, გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ შეფუთვებზე მითითებული იყო მინუს 80 გრადუსზე შენახვის ვადა.

ეს ვადა შემდგომ გადაიხედა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და შესაბამის კვლევაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ამ ტემპერატურაზე ვაქცინის შენახვის პირობების დაურღვევლად ვადა უნდა იყოს გახანგრძლივებული ექვს თვემდე.

შესაბამისად, ეს დოკუმენტი მიეწოდა ყველა სახელმწიფოს და ყველა ამცრელ დაწესებულებას.

ჩვენს საცავებში კი ვაქცინის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა ხდება მკაცრი კონტროლით შესაბამის პირობებში.

მე და ჩემი ოჯახის წევრები ავიცერით ბუსტერ დოზებით სწორედ ფაიზერით.

არცერთ შემთხვევაში და არავინ არ დაუშვებს, რომ ჩვენ მოქალაქეებს მოვემსახუროთ ისეთი ვაქცინით, რომლის ვადებში ან შენახვის პირობებში შეიძლება იქნას ეჭვი შეტანილი.

ასე რომ მშვიდად ვიყოთ.

იმისათვის, რომ მოქალაქეებს არ გაუჩნდეთ უსაფუძვლო შიშები და ეჭვები, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ისე თავად ამცრელი ექიმები, ვალდებულნი არიან, რომ ეს ინფორმაცია გასაგები ენითა და დასაბუთებულად მიაწოდონ საზოგადოებას“.

ნინო კაპანაძე