იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში სპეციალისტები კორონავირუსით ინფიცირების მატებას და ეპიდვითარების გაუარესებას პროგნოზირებენ.

დღეს, 13 იანვარს, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5 326 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 437 დაფიქსირდა.

იმერეთში არსებულ ეპიპდვითარებაზე, ომიკრონის შტამსა და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების მიმდინარეობის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროს გოჩა გიორგიძეს დავუკავშირდით.

-კორონავირუსის გავრცელების კუთხით ქვეყნის მასშტაბით იმერეთი მესამე ადგილზეა, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – დადებითობის მაჩვენებელი 9%-ზე  მეტია.

კორონავირუსის ახალი შტამი ომიკრონი სწრაფად ვრცელდება. თუმცა, ის მხოლოდ PCR მეთოდით თერმოფიჩერის აპარატზე ჩატარებული ტესტირებით დასტურდება. 13 იანვრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში, იმერეთში ომიკრონის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მკურნალობის თვალსაზრისით არაფერი იცვლება – ომიკრონსაც იგივე მეთოდებითა და პროტოკოლით ვმკურნალობთ, როგორც სხვა შტამებს.

აღსანიშნავია, რომ ომიკრონი მწვავედ არ მიმდინარეობს და უმეტეს შემთხვევებში ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში მკურნალობა საკმარისია. ის ძალიან სწრაფად ვრცელდება საუბრისა და ხველის დროს. ნაკლები გართულებებით მიმდინარეობს აცრილებში.

იმერეთში სულ აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35%, რაც არ არის დამაკმაყოფილებელი. დღიურად 1000-1200 აცრა ტარდება, მაგრამ უმეტესად, ბუსტერდოზები.

ხარაგაულში ფაიზერით აცრის აქცია 12 იანვარს ჩავატარეთ. საკმაოდ კარგი ორგანიზება გაუწია ამ პროცესს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა. 59 პირი აიცრა თუმცა, მათგან – შვიდი მეორე დოზით, 52 – ბუსტერდოზით. ეს კარგია, მაგრამ ისევ იმ წრეზე ვტრიალებთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გარკვეული „იმუნური ფენა“ შევქმნათ.

სახელმწიფო სერიოზულ საინფორმაციო და მონეტარულ კამპანიას ატარებს – 50 წელს ზემოთ აცრილებისთვის ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია მოტივაციისთვის, მაგრამ აცრებში ნახტომისებური ზრდა არ გვაქვს.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ გარდა კოვიდისა, დღეს უკვე აქტიურად დაიწყო ცირკულაცია A ტიპის H3 და H1 სეზონურმა გრიპებმა, რომლებიც შარშან არ გვქონდა.

2022 წლის მეორე კვირიდან ეს სეზონური გრიპები იმერეთშიც ცირკულირებს და რესპირატორული ინფექციებიდან ერთ-ერთი ყველაზე მწვავედ მიმდინარე ინფექციაა. მისი ტანდემი – დაწყვილება კორონავირუსთან, ადამიანის ორგანიზმისა და ჯანმრთელობისთვის, დამანგრეველი იქნება.

სულ ვიმეორებთ, მაგრამ ეს ოქროს წესები აუცილებლად უნდა დავიცვათ:  

პირველ რიგში ვატაროთ პირბადე. ეს კორონავირუსისგან დაცვის ერთ-ერთი უძლიერესი იარაღია;

კორონავირუსისგან, ასევე გრიპისგან, დამცავია ვაქცინაცია. ის ცალსახად გვიცავს ვირუსის გართულებია და სიკვდილისგან;

მაქსიმალურად შევიკავოთ თავი თავყრილობებისგან.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ხარაგაულის სოფლის ამბულატორიებში, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.

ორშაბათიდან, 17 იანვრიდან, ხარაგაულის საავადმყოფოში შევძლებთ ფაიზერზე ვაქცინაცია დავიწყოთ. ფაიზერით აცრა ხარაგაულში ყოველ ორშაბათს იქნება შესაძლებელი.

ადგილობრივი თვითმმართველობა მხარს გვიჭერს, რომ თუ მუნიციპალიტეტის სოფლებში არიან აცრის მსურველები, ქუთაისიდან მოძრავ ამცრელ ბრიგადას წამოვიყვანთ და ნებისმიერ ლოკაციაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებს ჩავატარებთ.

ნინო კაპანაძე