კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მსოფლიოში აცრილია მოსახლეობის 45%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღდეგო აცრა ზრდასრული მოსახლეობის 40%-მა ჩაიტარა.

„ახალ შტამ „ომიკრონთან“ მიმართებაში რეკომენდირებულია, რომ აცრების მაჩვენებელი 90%-მდე გაიზარდოს და გაკეთდეს დამატებითი, მესამე აცრა ანუ „ბუსტერ დოზა“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – „ბუსტერიზაცია“ გახლავთ ომიკრონთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, განსაკუთრებით – ფაიზერით.

მედიცინაში აბსოლუტური არაფერია და ამიტომ, შესაძლოა, ამ ვირუსმა კიდევ მრავალი მუტაცია განიცადოს.

რამოდენიმე დღის წინ საფრანგეთში გაჩნდა ახალი მუტაცია და 12-მდე ადამიანია ინფიცირებული. იმ შტამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ სწრაფად ვრცელდება და გამოჯანმრთელების პროცესიც სწრაფად მიმდინარეობს.

კორონავირუსს კიდევ ბევრი სიურპრიზის მოტანა შეუძლია და აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია – პირველ რიგში ავიცრათ, რადგან პანდემიის დასრულების მთავარი გზა აცრებზე გადის.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უფროსი ასაკის ადამიანების აცრას.

ბოლო რეკომენდაციით, საკოორდინაციო საბჭომ სტიმული მისცა მოსახლეობას, რომ 50 წელს ზემოთ აცრილები 200 ლარს მიიღებენ. ამ ასაკის მოსახლეობის 90% რომ აცრილი გვყავდეს, მაშინ კორონავირუსით სიკვდილიანობა ქვეყანაში რადიკალურად შემცირდება.

ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ აიცერით ორჯერ, ხოლო თუ ორჯერ უკვე აცრილები ხართ, გაიკეთეთ მესამე აცრა ე. წ. „ბუსტერი“.

მეორე რეკომენდაციაა, რომ პირბადე ღია და დახურულ სივრცეებში ვატაროთ.

პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-მდე შემცირდა. სასურველია, ავიდეთ 95%-ზე, რადგან ამით 2 ათასი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ.

მნიშვნელოვანია სანიტარულ-ჰიგიენური წესრიგისა და დისტანციის დაცვა, თავის არიდება დიდი თავყრილობებისგანგანსაკუთრებთ საახალწლო და საშობაო დღეებში.

ახალი წლის პერიოდია – დასვენებისა და შეხვედრების დრო, მაგრამ ვიყოთ მაქსიმალურად მოკრძალებულები, რადგან ქვეყანაში „ომიკრონი“, დეკემბერთან შედარებით, ინტენსიურად ცირკულირებს“.

ამავე თემაზე 

საქართველოში ეპიდსიტუაცია, წინა კვირასთან შედარებით, რთულდება – ამირან გამყრელიძე