კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური ახალი შემთხვევები, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მოგვაწოდა.

მან ეპიდსიტუაცია მიმოიხილა, გაგვაცნო ახალი შტამის – „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი სიმპტომები და რეკომენდაციები, რომლებიც ახალ გამოწვევასთან გასამკლავებლად აუცილებლად უნდა დავიცვათ.

„ეპიდსიტუაცია მსოფლიოში გაუარესდა იმ თვალსაზრისით, რომ ყოველდღიური ახალი შემთხვევები გაიზარდა, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, – პირველად, პანდემიის ორი წლის თავზე, კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური ახალი შემთხვევები, ორ მილიონზე მეტია.

გასულ წელს ეს ციფრი 800-დან 900 ათასამდე მერყეობდა.

ეს არის ახალი შტამის, „ომიკრონის“ ხარჯზე, რომელიც 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში გაჩნდა სამხრეთ აფრიკის რამოდენიმე ქვეყანაში და შემდეგ სწრაფად გავცრელდა.

ახლა „ომიკრონი“ 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მან ადრე მოცირკულირე „დელტა“ შტამი 70-80%-ით ჩაანაცვლა.

„ომიკრონი“ სამ-ოთხჯერ სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე არსებული შტამები. „ომიკრონით“ დაინფიცირდნენ როგორც ორჯერადად აცრილები, ასევე კოვიდგადატანილი პირები.

ამ შტამით ინფიცირების შემთხვევები ძალიან მცირეა, თუ პირი სამჯერ ანუ „ბუსტერითაა“ აცრილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად გადააქვთ, არ გაზრდილა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები.

საქართველოში ეპიდსიტუაცია, წინა კვირასთან შედარებით, უფრო და უფრო იძაბება და რთულდება. სამწუხაროდ, კვლავ მაღალია სიკვდილიანობის ინდიკატორი.

ამას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – საქართველოში „ომიკრონის“ ცირკულაცია გაიზარდა და წინასაახალწლო პერიოდში მოქალაქეთა მობილობამ მოიმატა.

2022 წლის 5 იანვრის მდგომარეობით, სულ საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონი“ 253 პირს დაუდასტურდა. მათგან 16 ინფიცირებული 18 წლამდე ასაკისაა, ხელმეორედ დაინფიცირდა 17%; 67% ვაქცინირებულია, 8% – „ბუსტერ“ დოზით. ჰოსპიტალიზაცია ხუთ ინფიცირებულს დასჭირდა, მათგან სამს – თანმხლები დაავადებების გამო.

იანვარში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში სერიოზულად მოიმატებს.

შესაძლოა, „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისი იყოს, რადგან ის შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე არსებული შტამები. ეს ვირუსი შედარებით დასუსტებული და ნაკლებად აგრესიულია, რაც პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს“.

ამავე თემაზე

„ომიკრონთან ბრძოლის საუკეთესო გზა „ბუსტერით“ აცრაა