დღეს, 30 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა დეპუტატებს შორის დაპირისპირების გამო შეწყდა.

მორიგი საკითხის განხილვისას დეპუტატმა გელა გოლუბიანმა კოლეგას, ვარლამ ჭიპაშვილს, მოუწოდა, რომ დამსწრეთათვის საკითხის მოსმენის შესაძლებლობა მიეცა. ამ მოწოდებაზე ვარლამ ჭიპაშვილი გაღიზიანდა.

დეპუტატმა იუზა კელენჯერიძემ  საკრებულოს წევრებს თხოვა, თავი შეეკავებინათ ურთიერთდაპირისპირებისგან.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ  სამანდატო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მიხეილ გელაშვილს თხოვა, შეიმუშაონ სხდომებზე წესრიგის დაცვისკენ მიმართული ღონისძიებები.

საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს მიმართა, რომ თუ დაპირისპირება გაგრძელდებოდა, სხდომა შეწყდებოდა.

ამის შემდეგ ვარლამ ჭიპაშვილი სიტყვიერად საკრებულოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდა. ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, „სირცხვილია, ხარაგაულში 35-კაციან საკრებულოს რომ ინგა მაღრაძე ხელმძღვანელობს. ამას თუ არ დაასრულებენ თუნდაც ჩემი თანამოაზრეები, ცუდად დაამთავრებენ. ამაზე ხარაგაული გასცემს პასუხს. საკრებულოს თავმჯდომარე და მისი გუნდი არიან ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაციაში.“

საკრებულოს თავმჯდომარემ ბიუროს სხდომა  შეწყვიტა.

დეპუტატებს შორის სიტყვიერმა დაპირისპირებამ დერეფანში გადაინაცვლა.

ბიუროს სხდომა  დღეს, 16 საათზე, განახლდება.

თამთა გოგოლაძე