ადგილობრივი თვითმმართველობის დაკვეთით დიდვაკეში მრავალბიანი კორპუსის აივნების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

ხის აივნების მოხსნის შემდეგ შენობის კედლიდან წვიმის დროს ჩამოსულმა წყალმა თითქმის ყველა მობინადრე დააზარალა. თუმცა, ზოგი მათგანი ამბობს, რომ ზარალი გაკეთებულთან შედარებით, უმნიშვნელოა.

დიდვაკელები შიშობენ, რომ რამდენიმე მობინადრესგან გავრცელებული, წვიმისგან დაზიანებული ბინის კადრების გარცელების გამო, ხელისუფლებისგან ბინის სრულ რეაბილიტაციას ვეღარ მოითხოვენ.

ირა გიორგაძე 15 წელია, დიდვაკეში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ხის აივანი სახლზე მოცილებული იყო და საფრთხეს ქმნიდა. პირველ სართულზე მცხოვრები ქალბატონი ირა, როცა საჭმელს ამზადებდა, ჭურჭელი ზედა სართულების აივნიდან ჩამოცვენილი ნარჩენებით ევსებოდა.

ირა გიორგაძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყოველ წელს აივნების რეკონსტრუქციას უშედეგოდ მოითხოვდნენ.

„ამხელა რამე რომ გაკეთდება, ჩემი ორასლარიანი შპალიერი იქ გამოსაჩენი აღარაა. ცოტა-ცოტა წყალი ყველგან ჩავიდა, – ამბობს ირა გიორგაძე, – ამ სახლის გარე ფასადი, კიბე უმძიმეს მდგომარეობაშია. ადგილობრივი ხელისუფლება დაგვპირდა, რომ გაგვიკეთებენ და სირცხვილით ვეღარ მივალთ, რადგან რამდენიმე მობინადრე კომპანიას უჩივის“.

ნელი ხარაიშვილი ამბობს, რომ დიდვაკის კორპუსებს შორის მათი საცხოვრებელი სახლი ყველაზე მრავალრიცხოვანია. ამ სახლში 19 ოჯახი ცხოვრობს. ნელი ხარაიშვილი წამებას უწოდებს მუდმივად აივნის დანგრევის შიშით ცხოვრებას.

ისიც დაზარალებულ მობინადრეთა შორისაა, თუმცა, ამბობს, რომ ყველაფერს სკუთარი ძალებით გაუმკლავდება.

ამ ბინის მეორე სართულზე მცხოვრებმა ნაილი ლაცაბიძემ აივნების დემონტაჟისას მშენებელი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. ის ამბობს, რომ წვიმისგან ყველაზე მეტად მისი და მისი ქალიშვილის ბინა დაზიანდა.

„მეზობლებმა დამირეკეს, ხარაგაულში ვიყავი, მთელი ბინა წყლით იყო დატბორილი, – ამბობს ნაილი ლაცაბიძე, – მეზობლებს ოთახებში ტაშტები დაედგათ. ზარალი უნდა ამინაზღაურონ. მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ მოსულები და 200 ლარი ხომ ეყოფაო, მითხრეს. ფული არ  ინდა, მე ვერც ხელოსანს ვიშოვი. გამიკეთონ ისე, როგორც იყო. უმადური არ ვარ, პირიქით, ყველას მადლიერი ვარ, მაგრამ რა ვქნა“.

დიდვაკეში სამსართულიანი ბინის აივნებს სამშენებლო კომპანია „TU-KA“ აკეთებს.

კომპანიის წარმომადგენელი მიხეილ გელაშვილი ამბობს, რომ ხის აივნის დემონტაჟი საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ხის დაზიანებული აივნების მოხსნის შემდეგ დროებითი ღონისძიება გავატარეთ, მაგრამ წვიმის დროს წყალი ბინებში მაინც ჩავიდა. კომპანია თავის პასუხისმგებლობას გრძნობს და რითაც გვექნება საშუალება, ხარვეზებს გამოვასწორებთ. ამ ადამიანებს უყურადღებოდ არ დავტოვეთ. მარტო ის ხომ არ არის, რომ ერთი საქმე გაკეთდეს და მეორე გაფუჭდეს.

20 დეკემბრისთვის აივნების მშენებლობა დასრულდება და ამის შემდეგ ყველანაირად ვეცდებით, მოსახლეობას გვერდით დავუდგეთ – მასალების შეძენა იქნება ეს თუ ხელობაში მიხმარება“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მშენებელ კომპანიას მობინადრეებისთვის ზარალის ანაზღაურებას ადგილობრივი ხელისუფლებაც მოსთხოვს.

ნინო კაპანაძე

„ჩემი ხარაგაულისგან“ ამ თემაზე მომზადებულ ვიდეოსიუჟეტს სოციალურ ქსელში მკითხველთა გამოხმაურება მოჰყვა.