ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდვაკეში სამსართულიანი ბინის აივნების რეკონსტრუქცია თვითმმართველობის დაკვეთით მიმდინარეობს.

ხარაგაულის ბიუჯეტიდან ამ სამუშაოებზე 201 850 ლარი იხარჯება.

ამ პროექტის განხორციელების პროცესში ბინის მაცხოვრებლები დაზარალდნენ.

„მესამე და მეორე სართულების აივნებზე ძელის გამოცვლისას სიცარიელე დარჩა, – წუხს ამ ბინაში მცხოვრები ბესო ლაცაბიძე, – ამის შესახებ სამუშაოთა მწარმოებელს ვაცნობე, თუმცა, არაფერი გაუკეთებიათ. გასულ კვირაში წვიმის შემდეგ მეორე და პირველი სართულები დაიტბორა.

ძალიან დავზარალდით. პირველ სართულზე, ჩემი დის ბინაში, კედლები ჩამოიშალა.

მშენებელმა ამის შემდეგ ის ცარიელი ადგილები ბეტონით ამოავსო, მაგრამ რა მდგომარეობაა, აღარ ვიცი. ჩამოვა თუ არა ისევ წყალი, როცა გაწვიმდება, მაშინ გავიგებთ.

ბავშვის საწოლი, მაცივარი და სარეცხი მანქანა წყალში ცურავდა. შემოსასვლელი კარები წყლით ისე გაიჟღინთა, რომ ვეღარ ვკეტავთ.

ამ ბინის ზოგი მაცხოვრებელი ხმას არ იღებს, კარგი საქმე კეთდება და ცოტა თუ დავზიანდით, არაუშავსო. ასე როგორ შეიძლება – ერთი საქმე გაკეთდეს და მეორე გაფუჭდეს?!

მივმართე მშენებლს და მოვითხოვ, დაითვალონ ჩემი ზარალი და ამინაზღაურონ. სიტყვიერად მეუბნებიან, გადაგიხდითო, მაგრამ როდის და რამდენს, არ უთქვამთ“.

დიდვაკის სამსართულიანი სახლის აივნების რეკონსტრუქციას შპს „ტუკა“ ახორციელებს.

როდის და რა ფორმით აუნაზღაურებენ ზარალს ამ ბინის მაცხოვრებლებს, – ამ შეკითხვით სამუშაოთა მწარმოებელს მიხეილ გელაშვილს მივმართეთ.

„მობინადრეებს უყურადღებოდ არ დავტოვებთ. მიყენებულ ზიანს გამოვასწორებთ, – გვიპასუხა მიხეილ გელაშვილმა, – ან თანხით დავეხმარებით, ან რაც დაზიანდა, გამოვასწორებთ“.

ხარაგაულის მერის მოადგილე დავით დევდარიანი ამბობს, რომ მისთვის ბინის დაზიანების შესახებ არავის უცნობებია. მისივე თქმით, ზარალის ანაზღაურება მშენებელი კომპანიის პასუხისმგებლობაა და ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.

ნინო კაპანაძე

„ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე ამ მასალის გამოქვეყნებას მოქალაქეთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.