შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კავშირმა „ორიონი“ ზესტაფონში ღონისძიება გამართა.
„მე არ ვცნობ შეზღუდვებს, ვირჩევ თანაბარ შესაძლებლობებს“- ეს ის სლოგანია, რომელიც შეხვედრას ლაიტმოტივად გასდევდა.
შეხვედრას კავშირ „ორიონის“ წარმომადგენლების გარდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი, ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას დღის ცენტრ „ორიონის“ ბენეფიციართა ხელნაკეთი ნივთების დათვალიერებაც შეეძლოთ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზესტაფონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა პარასპორტის დანერგვა დაიწყო. კავშირ „ორიონის“ ხელმძღვანელის ჟანა ფერაძის თქმით, ის მეზობელ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
„3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მნიშვნელოვანი დღეა, – ამბობს ჟანა ფერაძე,- ჩვენ გვეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება იმ დისკრიმინაციასა და უგულებელყოფაზე, რომელსაც შშმ პირები განიცდიან.
მნიშვნელოვანია შშმ პირთა განათლებაზე, დასაქმებასა და ადაპტირებული გარემოს შექმნაზე ზრუნვა. ჩვენი ორგანიზაცია სწორედ ამისთვის არის შექმნილი.
ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ბენეფიციარებს ჯანსაღი, ფერადი და კეთილგანწყობილი გარემო შევუქმნათ, ხელი შევუწყოთ მათ საზოგადოებაში ადაპტირებას. ამ კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია ზესტაფონში ბავშვთა პარასპორტის დანერგვა.
თავდაპირველად წრეები სპორტის ხუთ სახეობაში გაიხსნება – ჭიდაობა, ფეხბურთი, მაგიდის ტენისი, ტანვარჯიში და ცურვა.
ორი კვირის წინ ექიმები იყვნენ ჩამოსული. მათ იმ ბავშვების ჯანმრთელობა შეამოწმეს, რომლებიც სპორტის ამ სახეობებში უნდა ჩაერთონ. ასევე შეხვედრა გაიმართა მწვრთნელებთან“.
დღის ცენტრმა „ორიონი“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების სოციალური პროგრამების კოორდინატორი ზურაბ ტატანაშვილი. მან აღნიშნა, რომ ადამიანებში უნდა დავინახოთ შესაძლებლობები და არა შეზღუდული შესაძლებლობები.
„ნებისმიერ ჩვენგანს რაღაც შეზღუდვა აქვს. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ხოლმე ის მომენტი, როდესაც რაღაც გვეზღუდება. შეიძლება დღეს უმრავლესობის პოზიციაში ვართ, მაგრამ ნებისმიერ დრო დაგვჭირდეს ერთმანეთის მხარდაჭერა.
ჩვენი ორგანიზაციისგან გამოცხადებულ კონკურსში ძალიან მაღალი კონკურენცია იყო. მიხარია, რომ კავშირ „ორიონთან“ უნდა ვითანამშრომლოთ ერთი წლის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი უნდა მოვიყვანოთ სისრულეში“, – ამბობს ზურაბ ტატანაშვილი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები. მათ დამსწრე საზოგადოებას თავიანთი ისტორიები და გამოცდილება გაუზიარეს. შშმ პირებისთვის, ინფრასტრუქტურული და სოციალური თვალსაზრისით, უკეთესი ადაპტირებული გარემოს შექმნა ისურვეს.
შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის განკუთვნილ ბარათებზე დაწერეს სურვილები, რომლებიც ნატვრის ხეზე განთავსდა.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა 1992 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის 47/3 რეზოლუციით. მას შემდეგ ეს დღე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
ამ დღის აღნიშვნის მიზანი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. ასევე, ცნობიერების ამაღლება ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში.
ლიკა ხიჯაკაძე
ამავე თემაზე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.