ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა იგეგმება.

განათლების სამინისტროსგან შემუშავებული ამ პროგრამიდან ირკვევა, რომ სკოლებში სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპები დაინერგება.

ეს გულისხმობს ცოდნის აგებას წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას, აქცენტს გააზრებაზე და არა დამახსოვრებაზე, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების შემოღებას.

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სასკოლო ცხოვრებაში ჩნდება ახალი რგოლი – მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც პედაგოგებს კონსულტაციებს გაუწევს სასკოლო-სასწავლო გეგმის განვითარება-დანერგვაში, სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაში.

ახალი სკოლის მოდელით მეცხრე კლასამდე ნიშნები აღარ დაიწერება და მოსწავლეები კომპლექსური დავალებების შესრულების მიხედვით შეფასდებიან.

რას და როგორ შეცვლის „ახალი სკოლის მოდელი“ სასკოლო ცხოვრებაში, – ამ შეკითხვით სკოლის დირექტორს, მასწავლებელსა და განათლების ექსპერტს მივმართეთ.

პირველ ეტაპზე, 2019 წელს, ახალი სკოლის მოდელში ასი სკოლა ჩაერთო. მარელისის სკოლა ამ პროექტს 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან შეურთდა.

„პროექტი ძალიან საინტერესოა და მოსწავლეების განვითარებას ხელს უწყობს, – ამბობს მარელისის სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე, –  სკოლის მასწავლებლები და კათედრები უფრო მეტად თანამშრომლობენ.

კომპლექსური დავალებების გარდა, სკოლებში პროექტებით სწავლება ინერგება. ბევრი აქტივობა დავგეგმეთ. მაგალითად,  გასული სასწავლო წლის ბოლოს მარელისში, დაცული ტერიტორიის სიახლოვეს გარემოსდაცვითი პროექტი განვახორციელეთ.

იმ მოსწავლეებში, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩეოდნენ, საინტერესო უნარ-ჩვევები აღმოვაჩინეთ. ზოგს ხეზე კვეთის, გარემოზე დაკვირვების, ინფორმაციის მოძიების, ფოტოგადაღების უნარი აღმოაჩნდა.

პროექტში მშობლებიც ჩაერთვნენ. ერთმა მშობელმა დამირეკა და მითხრა, პულსის სიხშირეზე დაკვირვება რა საინტერესო ყოფილაო.

დაახლოვდნენ კათედრები. ახლა სკოლაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პროექტს ვახორციელებთ.

ქართულისა და მათემატიკის ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება ფარცხნალში, გალაკტიონის ცაცხვთან იგეგმება. ქართულის მასწავლებელი გალაკტიონის შემოქმედებაზე ისაუბრებს, ხოლო მათემატიკის პედაგოგი მოსწავლეებს სიმაღლეების გაზომვის შესახებ ესაუბრება.

ციფრული ტექნოლოგიები კომპლექსური დავალებების შესრულებისას საჭიროა, მაგრამ ყველაფერი მოსწავლეების შესაძლებლობებს უნდა მოვარგოთ. ინტერნეტისა და შესაბამისი ტექნიკის არარსებობის დროს მოსწავლე ნახატს შექმნის, ხეზე ამოკვეთს და სხვ.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, თვალსაჩინოებების შეძენა ნამდვილად გვესაჭიროება.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ კომპლექსური დავალება შედეგის მისაღწევად ძირითადი საშუალება ვერ იქნება და ყოველ გაკვეთილზე სავალდებულო არ უნდა იყოს.

ასეთ აქტივობებს მასწავლებლები ყოველთვის აკეთებდნენ, თუმცა, ახლა სხვა სახელი დაერქვა“.

მაია ღარიშვილი უცხო ენას ბორითის, ვერტყვიჭალისა და ვაშლევის სკოლებში ასწავლის. ის „ახალი სკოლის მოდელში“ თავიდან საკუთარი სურვილით ჩაერთო.

„ერთი კომპლექსური დავალება დაწყებით კლასებში განვახორციელე, – ამბობს მაია ღარიშვილი, – ბავშვებმა თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინეს – ზოგს სიტყვების დამახსოვრება უჭირს და ნახატები წარმოადგინა.

ამ კომპლექსური დავალებების მიხედვით მოსწავლეების შეფასება ცოტა გამიჭირდა. დავალება რომ შეასრულა, შევაფასე, მაგრამ ჯგუფური მუშაობის დროს ცალკე მოსწავლის შეფასება ძნელია“.

ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ თავად კონცეფცია – ზოგადი განათლება იყოს კონსტრუქტივისტულ საფუძვლებზე ორიენტირებული, სწორია.

„გზა, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად სამინისტრომ აირჩია, არასწორად მიმაჩნია, – ამბობს სიმონ ჯანაშია, – ცენტრიდან სკოლების მართვა არ შეიძლება.

მასწავლებლებს აქვთ პრაქტიკული გამოცდილება, როგორ გააუმჯობესონ მოსწავლეების უნარ-ჩვევები. ისინი საკუთარი შეხედულებით უნდა მოქმედებდნენ და არა ისე, როგორც განათლების სამინისტროში მიაჩნიათ.

კომპლექსური დავალების წარდგენისას მასწავლებელმა მოსწავლე უნდა შეაფასოს კონკრეტულ შედეგზე დაკვირვებით. ეს შედეგი შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს, მაგალითად, მოსწავლის მონათხრობი. არ არის აუცილებელი, რომ ეს მონაყოლი მერე კედელზე გავაკრათ და მის შესაქმნელად რესურსები დავხარჯოთ.

კლასის მინი სპექტაკლი ასევე შედეგია. ამას არ სჭირდება ტექნოლოგიები და ეს თავად მასწავლებლებმა უკეთ იციან.

კომპლექსური დავალებები სკოლებმა არ უნდა აღიქვან როგორც ერთადერთი შესაძლებლობა სწავლისთვის. დადგენილია, რომ რუტინული წესების შესრულებისას მოსწავლეები ბევრს სწავლობენ.

პროექტებით სწავლება საინტერესოა, მაგრამ მოსწავლე წერა-კითხვას, ასევე მათემატიკურ განტოლებებს ასე ვერ ისწავლის.

ახალი სკოლის მოდელის ადმინისტრირება ეწინააღმდეგება თავად განათლების სამინისტროს რეგულაციებს. როგორ შეიძლება, რომ მოსწავლეს დაუწერო მხოლოდ განმავითარებელი შეფასება და შემდეგ მედლების გასაცემად ჟურნალებში ნიშნების ჩაწერა იყოს საჭირო?!

მასწავლებლებმა გაცილებით მეტი იციან სწავლების შესახებ, ვიდრე გარედან მისულმა კონსულტანტებმა“.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად „ახალი სკოლის მოდელში“ ხარაგაულის 26-ვე სკოლაა ჩართული. განათლების სამინისტროსგან ამ პროექტის შესახებ სიახლეებს ნოემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განხორციელებული გარემოსდაცვითი პროექტი მარელისის სკოლაში