ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრების შემდგომი ხარჯვის საკითხებზე მუშაობს.

საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 6 მარტის #422 განკარგულებით განისაზღვრა.

ეს განკარგულება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა ა(ა)იპ-ებისა და გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელებს დღეს, 19 მარტს, გააცვნეს.

ამ განკარგულების თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველობებს ეთხოვათ, რომ შრომის ანაზღაურების მუხლით 2015 წელს გაწეული ხარჯი თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის არ უნდა აღემატებოდეს 2014 წლის საკასო ხარჯს. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა აღნიშნული ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს 23 მარტისთვის უნდა წარუდგინონ.

პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ადგილობრივ თვითმმართველობებს ასევე ეთხოვათ ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის პრინციპები გაითვალისწინონ 2016-2017 წლების ბიუჯეტების დაგეგმვისას.

პრემიერ-მინისტრის 6 მარტის #422 განკარგულების თანახმად, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მივლინების ხარჯების დაფინანსება და ოფისის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები;

მოხმარებული საწვავის ხარჯები 2014 წლის საკასო ხარჯთან შედარებით წელს არანაკლებ 30%-ით უნდა შემცირდეს;

უნდა შეიზღუდოს წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსება, რბილი ინვენტარის, უნიფორმების, პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული, საოფისე ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა.