ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 14 მარტიდან დაიწყო და 27 მარტამდე გასტანს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან სოფლებში შეხვედრები.

რა სიახლეებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებაში და რა რეკომენდაციები მიაწოდა მუნიციპალიტეტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, – ამ საკითხებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მალხაზ ფხალაძე გვესაუბრება:

-საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის #506 განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განსახორციელებლად 767 473 ლარი გამოეყო. წინა წლებში თანხები კონკრეტული სოფლებისთვის განისაზღვრებოდა სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. ახლა მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება, რომ თავად განსაზღვროს სოფლებისთვის თანხის ოდენობა.

ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად შევთანხმდით, რომ ხარაგაულის მუნციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის 20%-ით განვახორციელოთ ერთი ისეთი პროექტი, რომლითაც ისარგებლებს მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელი.

მივიღეთ რეკომენდაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, რომ არ გვაქვს უფლება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხით განვახორციელოთ მოსახლეობაში ბუნებრივი აირისა და ელქტროენერგიის შეყვანა, ეს თანხა ვერ დაიხარჯება ასევე სკოლებსა და სხვადასხვა აღმსარებლობის დაწესებულებებში. რეკომენდაციის თანახმად, გზის დახრეშვაზეც უნდა შევიკავოთ თავი. ვეცდებით ასე მოვიქცეთ, მაგრამ თუ კატასტროფული მდგომარეობაა და სოფელში შეუძლებელია ტრანსპორტის გადაადგილება, მაშინ მოვხრეშავთ გზას. სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ მოვერიდოთ მცირებიუჯეტიან პროექტებს, რომელთა განსახორციელებლად მომსახურებას ვერც ტენდერზე და ვერც შესყიდვაზე გავიტანთ. სასურველია, იყოს არაუმცირეს 4 ათასი ლარი ღირებულების პროექტები. უნდა მოვერიდოთ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების ოფისების რემონტს. ჩვენს მუნიციპალტეტში ძალიან აქტუალური იყო სარიტუალო სახლების მშენებლობა. ბევრ სოფელში თითქმის ყველა უბანშია სარიტუალო სახლი. სამინისტროს რეკომენდაციით, ასეთ პროექტის განხორციელებაზე თავშეკავებას გვირჩევენ, ხოლო დაუმთავრებელი სარიტუალო სახლები აუცილებლად უნდა დასრულდეს.

სასოფლო გზების შეკეთებაზე სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ გავაკეთოთ სანიაღვრე არხები, ხოლო განსკუთრებით რთულ მონაკვეთებზე – ბეტონის გზა მოვაწყოთ.

რეგიონული სამინისტროს რეკომენდაციით ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან გამგეობაში შეხვედრისას გარკვეული პრიორიტეტები და თითოეული სოფლისთვის თანხის ოდენობა განვსაზღვრეთ. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მოსახლეობა საერთო კრებაზე იღებს.

მაგალითად, სოფელ ღორეშაში განსახორციელებელ პროექტებზე მსჯელობისას  ითქვა, რომ სოფელში არსებული იმ შენობის რეაბილიტაციაზე მიიმართოს 20 ათასი ლარი, სადაც განთავსდება საბავშვო ბაღი. ეს იდეა სოფელში კრებაზე მოსახლეობის უმრავლესობამ მოიწონა. ღორეშაში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციას რა თანხაც დააკლდება, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. აღსანიშნავია, რომ ღორეშაში საბავშვო ბაღის ასაკის 25 აღსაზრდელია.

ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრისას მოსახლეობამ გარე განათების მოწყობა მოითხოვა. ბაზალეთის გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება. გარე განათება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად შეთანხმებულად მოეწყობა.

ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხი სარიტუალო დარბაზის მოწყობაა დაწყებული. სოფელ გრიგალათსა და წაქვაში შეხვედრებისას მოსახლეობას შევთავაზეთ, რომ ერთ-ერთი სარიტუალო დარბაზი საბავშვო ბაღად გადაკეთებულიყო, მაგრამ მოსახლეობამ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

რამდენიმე სოფელი სასაფლაოს მოწყობას  და წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ითხოვს. ჩვენ შევიძენთ მასალებს და ამ პროექტის განხორციელება უნდა უზრუნველყოს მოსახლეობამ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებისას კანონი არ გვავალდებულებდა ელექტრონულ შესყიდვას. ამიტომ, სამუშაოები სრულდებოდა გამარტივებული ტენდერით – ერთ პირთან მოლაპარაკებით. წელს, შესაძლოა, ყველა სამუშაო ელექტრონული ტენდერით განხორციელდეს. ხარაგაულის საკრებულოში სესიებზე ხშირად აპელირებენ, რომ თანამდებობის პირთა ნათესავებთან იდება სამუშაოს შესრულებაზე ხელშეკრულებები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი ნათესავებიდან ამ პროცესში არავინ ჩართულა. შინაგანად არც მე მიმაჩნია სწორად, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებით სრულდება სამუშაოები, მაგრამ ელექტრონულ ტენდერს დიდი დრო სჭირდება. არის ტენდერის ჩავარდნის შემთხვევები და სამუშაოები ისევ ერთ პირთან მოლაპარაკებით სრულდება. თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ აუცილებლად ელექტრონული შესყიდვა განხორციელდეს, კარგი იქნება. ამ შემთხვევაში თანხები დაიზოგება და სოფელში სხვა პრობლემაც მოგვარდება.

მოსახლეობასთან შეხვედრების ოქმებს რომ ჩავიბარებთ, შევადგენთ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ნუსხას და მივაწოდებთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. დამტკიცდება, სად რა პროექტი უნდა განხორციელდეს და შემდეგ საუშაოებს ან ელექტრონული ტენდერით შევისყიდით, ან ერთ პირთან მოლაპარაკებით განვახორციელებთ.

რაც შეეხება პროექტის დასრულების ვადას, ეს ინდივიდუალური ხელშეკრულებით განისაზღვრება. ყველა პროექტი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ნინო კაპანაძე