
საქართველოში ვაქცინაციის მარათონი მიმდინარეობს მთავარი სათქმელით – საქართველოს სამსახურში, ჩვენი შვილების, მშობლების, მეგობრებისა და ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად ვაქცინაცია სწორი და სახელმწიფოებრივი არჩევანია.
ჩაერთე მარათონში შენივე სოფლიდან – მოგვიწოდებენ ინფექციონისტები, – შენი არჩევანი აიცრა დღეს, ნიშნავს გადაარჩინო შენი და მინიმუმ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე, იდგე საქართველოს სამსახურში და დაიცვა ქართული სახელმწიფო!
ამ კამპანიის ფარგლებში 25 ოქტომბერს ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ხარაგაულელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და ამავე ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი შეხვდნენ.
მათ ვაქცინების შემადგენლობაზე, მათ მნიშვნელობასა და მოსახლეობისთვის საინტერესო სხვა საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრას როგორც აცრილი, ასევე აუცრელი მოსახლეობა ესწრებოდა.
გთავაზობთ შეხვედრაზე დასმულ შეკითხვებსა და მათ პასუხებს.
– შეუძლია თუ არა ვაქცინებს კორონავირუსის დამარცხება?
პაატა იმნაძე: – იმისათვის, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, საჭიროა ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა აიცრას. მაგალითისთვის მინდა ჩინეთის შემთხვევა განვიხილო.
ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსი დაიწყო, ორ მილიარდზე მეტიადამიანი აიცრა. ამავე დროს ისინი, ჩვენგან განსხვავებით, დაწესებულ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს მაქსიმალურად იცავენ. იქ დღეში 48 შემთხვევა რომ დაფიქსირდეს, კატასტროფად თვლიან. წარმოიდგინეთ, ჩინეთში ეს რა დაბალი მაჩვენებელია.
ამჟამად იქ ყველა შეზღუდვა მოხსნილია. ვაქცინა უკვდავების წამალი არ არის. ამ ქვეყანაზე აბსოლუტური არაფერია და მითუმეტეს მედიცინაში. წითელას ვაქცინა ამჟამად მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინაა. მისი ორჯერ გაკეთების შემთხვევაში ადამიანს 97-98 %-იანი დამცველობა აქვს, მაგრამ აცრილთა 2%-ს, შესაძლოა, შეხვდეს.
კორონას ვაქცინებს 60-80%-მდე დამცველობა გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, არსებობს დაინფიცირების ალბათობა, მაგრამ მას მსუბუქად გადაიტანთ. ვაქცინირებულ ადამიანს 30-ჯერ ნაკლები შანსი აქვს დაინფიცირების. იმ რეალობიდან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, გამოსავალი ერთია და ეს ვაქცინაციაა.
– კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოქმედებს თუ არა ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე?
პაატა იმნაძე: – მსოფლიოში უკვე 7 მილიარდამდე ვაქცინა გაკეთდა. აქედან არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება იმისა, რომ მას მამაკაცის, მითუმეტეს ქალის სქესობრივ ფუნქციაზე უარყოფითად ემოქმედა. თავად კორონავირუსი მოქმედებს ამაზე უარყოფითად. ეს მითი მხოლოდ ჩვენთან კი არაა, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.
ზოგადად, ადამიანებს სიახლის მიმღებლობა უჭირთ. თუ გვინდა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, ამის გზა ვაქცინაციაზე გადის. საქართველოში 2 მილიონი აცრა ჩატარდა, საიდანაც 1700-მდე გვერდითი მოვლენაა აღწერილი. ამათგან 180 იყო სერიოზული. აქედან მხოლოდ 8 ანაფილაქსიური შოკი დაფიქსირდა.
– რა შემადგენლობა აქვთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს?
ხათუნა ზახაშვილი: – დღეს საქართველოში გამოყენებული სამი სხვადსხვა ვაქცინიდან ფაიზერს აქვს განსხვავებული მოქმედების მექანიზმი.
კორონავირუსი არის ისეთი ვირუსი, რომელსაც თავზე გვირგვინისებური წარმონაქმნი აქვს. მას სპაიკ ცილას ეძახიან. სწორედ ეს გვირგვინი უწყობს ხელს ვირუსის ადამიანის ორგანიზმში ადვილად შეღწევას. სპაიკ ცილის სქემა ლიპიდურ გარსშია შეფუთული.
„ფაიზერის“ ვაქცინის სახით ის შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში. ორგანიზმი მას ამოიცნობს, როგორც უცხო სხეულს და იწყებს მის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებას. აქედან გამომდინარე, ეს ვაქცინა მთელ ვირუსს არ შეიცავს. ნაწილმა კი შეუძლებელია გამოიწვიოს კოვიდის მსგავსი სიმპტომატიკა.
მეორე ტიპის ვაქცინებია „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ესენი ძველი ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინებია. სათანადო რაოდენობით ვირუსს ზრდიან სპეციალურ ნიადაგზე. შემდეგ მას რეცხავენ და აშორებენ ამ ნიადაგს. ამ ვირუსებს ხოცავენ და დახოცილი ვირუსებისგან მზადდება ვაქცინა.
ამ შემთხვევაშიც ჩვენი ორგანიზმი მკვდარ ვირუსს უცხო სხეულად ამოიცნობს და მის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებას დაიწყებს.
– იწვევს თუ არა კორონავირუსის ვაქცინები ანევრიზმას?
ხათუნა ზახაშვილი: – მსოფლიოს მედიცინამ ჯერჯერობით ვერ ახსნა ანევრიზმის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზეზები. საუბრობენ იმაზეც, რომ ეს თანდაყოლილია. ადამიანი რომ დაიბადა, მას სადღაც სუსტი სისხლძარღვები აქვს. ვაქცინა მხოლოდ იმუნიტეტის გამომუშავებაზეა აქცენტირებული. მას არ გააჩნია უნარი, გავლენა მოახდინოს სისხლძარღვთა კედელზე. ეს აზრი არის მითი და რეალობას არ შეესაბამება.
– შეიცავენ თუ არა ვაქცინები ნანორობოტებს?
პაატა იმნაძე: – მობილურ ტელეფონებში, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ, არის ჩიპები. ტელეფონის საშუალებით შეიძლება ადამიანზე ისიც გაიგო, თუ სად იმყოფება ის. რა ხეირი აქვს ბილ გეიტსს, რომ ადამიანები დაჩიპოს?! აქედან გამომდინარე, ხალხში მოარული ეს აზრი მითია.
– კორონავირუსის გადატანის შემდეგ რამდენ ხანშია რეკომენდებული ვაქცინაცია?
ხათუნა ზახაშვილი: – სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად იწყებენ ვაქცინაციას. მაგალითად, აშშ-ში ადამიანები კორონავირუსის დამარცხებისთანავე იცრებიან. ჩვენთან ეს გადატანიდან ერთი თვის შემდეგაა რეკომენდებული.
– საქართველოში დაიწყება თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია?
პაატა იმნაძე: – სავალდებულო ვაქცინაცია მსოფლიოს ზოგ ქვეყანაში კონკრეტულ პროფესიულ ჯგუფებზე შემოიღეს. საფრანგეთში 4 ათას ექიმს მოუწია ამის გამო სამსახურის დატოვება. ჩვენთან ეს ჯერ არ არის.
– შეიცავს თუ არა ვაქცინები ნააბორტალ მასალას?
პაატა იმნაძე: – ვირუსის გასაზრდელად ნიადაგია საჭირო. ეს ნიადაგი ცოცხალი უჯრედი უნდა იყოს. ამისათვის 1947 წელს, ჰოლანდიაში აბორტის შედეგად დაღუპული ნაყოფის უჯრედები გამოიყენეს. იმ უჯრედთა ასლები მსოფლიოს ყველა ლაბორატორიაში დღემდე ინახება. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ეს არის ადენოვირუსში ჩასმული კორონას სპაიკ ცილის გენი. ამ ადენოვირუსის გასაზრდელად თავდაპირველად 1947 წელს აბორტის შედეგად დაღუპული ნაყოფის უჯრედის ასლები გამოიყენეს, – ეს მხოლოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაში და საწყის ეტაპზე. ამის შემდეგ აღნიშნულ ვაქცინაში ასეთი უჯრედები აღარ გამოუყენებიათ.
ხარაგაულში გამართული შეხვედრის დასრულებისთანავე აცრის მსურველი ადამიანების იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. ვაქცინაციას ადგილობრივ სამედიცინო ჯგუფთან ერთად, ჩამოსული მედიკოსებიც აწარმოებდნენ. ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აცრილიყვნენ როგორც „ფაიზერით“, ასევე „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით.
საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაციის ხელშემწყობი კამპანია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.
პროექტის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების სააგენტო (UNDP).
ლიკა ხიჯაკაძე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად
55 წლის განმავლობაში ადამიანების ჯანმრთელობას დარაჯობდა. ავადმყოფს
ხევის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სანდრო ტაბატაძე „ერასმუს+“-ის