სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე იყო 15 ოქტომბერს და რატომღაც მომინდა, რომ ჩემი სოფლური ცხოვრების ქრონიკებიც გამეზიარებინა თქვენთვის… – წერს სოციალურ ქსელში მედიაკაფე „ლუტრეზისა“ და მედიაორგანიზაცია „პოსტსკრიპტუმის“ დამფუძნებელი და დირექტორი ნატო გუბელაძე, – ბავშვობაში ჩემი სოფელი ჩემი დედულეთი იყო ოკრიბაში, სოფელი სოჩხეთი, საიდანაც ტკბილ მოგონებად მომყვება გალინა ბებოს თბილი ხელები, ჩემი სურვილის ასასრულებლად მოჭრილი ალუბლის ხე, მისი ამოზელილი ლობიოს გემო და ბიძაჩემის, პახუმ ივანიჩის საუკუნოვანი მარნის საწნახელში ჩემი ბავშვური ფეხებით დაწურული ციცქა-ცოლიკოური…

თუმცა, ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ, 4 ათეულზე მეტი წლის წინ, როცა ქუთაისიდან ზაფხულობით დედულეთს ვსტუმრობდი… ახლა კი, აგერ უკვე მეხუთე წელია, რაც ჩვენს ოჯახს საკუთარი სოფელი გვაქვს კურორტ ახალდაბაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში და ყოველწლიურად თითქმის 6 თვე ამ ლამაზი სოფლის ცხოვრებით ვცხოვრობ, – აგროტურიზმს, საოჯახო სასტუმროსა და მედიაკაფე „ლუტრეზის“ საქმიანობას ერთმანეთს ვუთავსებ.

ამავე დროს, ვცდილობ, ადგილობრივი ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათთვის არაფორმალური მულტიკულტურული სივრცის ფუნქციონირებას შევუწყო ხელი.

აქვე აუცილებლად უნდა გამოვხატო მადლიერება ყველა იმ ორგანიზაციისა თუ ადამიანის მიმართ, ვისაც მცირე წვლილი მაინც შეუტანია ჩემი იდეების განხორციელებასა თუ სტიმულირებაში.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთები მრავლად არიან ჩემს ირგვლივ და ახლა არ ჩამოვთვლი თითოეულ მათგანს, თუმცა რამდენიმე დონორ ორგანიზაციას მაინც გამოვყოფდი: „აწარმოე საქართველოში“, „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“, „საქართველოს სომელიეთა ასოციაცია“, ფონდი „კრისტალი“ USID-ის პროგრამა – ბაზ-გეორგია, GIPA-ს კავკასიური მედიასკოლა, „დოიჩე ველეს“ აკადემია, ხაშურის ამერიკის კუთხე – უდიდესი მადლიერება მათ ჩემგან იმ ფინანსური თუ ინტელექტუალური თანადგომისა და სტიმულისათვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლად ბიზნესის დასაწყებად და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

უდიდესი მადლობელი ვარ ასევე ჩემი ოჯახის, მეუღლის, შვილის, ძმისა თუ ყველა ერთგული მეგობრის, რომელთა მხარდაჭერას და თანადგომას მუდმივად ვგრძნობ!

მოკლედ, რომ ვთქვა, ძალიან მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა მეტ შესაძლებლობებს აძლევდეს სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს და ახალგაზრდებს!

წყარო

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
სოფლად წარმატების მიღწევა შესაძლებელია – შრომისმოყვარე ადამიანი გამოსავალს ყოველთვის იპოვის