ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩა #117–ში მცხოვრები ელზა ბანცაძე ამბობს, რომ ბოლო ორი თვეა მის ოჯახს გაუსაძლის პირობებში უწევს ყოფნა. ქალბატონი ელზა აცხადებს, რომ ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნის. „ორი თვეა, უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. ერთადერთი შვილი მყავს და შიშისგან პრობლემები შეექმნა. ღამის სამ საათზე აფეთქებენ გვირაბს, თან რამდენჯერმე. აფეთქება ისეთი ძლიერია, რომ გეგონება ომი დაიწყო. სახლი გვენგრევა. შეამცირონ აფეთქებების სიმძლავრე, თორემ აქ ცხოვრება აღარ შეიძლება. ღამე აქ მცხოვრებლებს საერთოდ არ გვძინავს,“ – ამბობს ელზა ბანცაძე.
ასეთივე პრობლემებით მიმართეს ხარაგაულში, ხანდების დასახლების, ბაზალეთისა და ჯაფარეულის მაცხოვრებლებმა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელს აკაკი საღირაშვილს.
მოსახლეობისა და რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენელთა შეხვედრა ხარაგაულში არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის“ (ხელმძღვანელი ინგა მაღრაძე) მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრას ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უცხოელ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად დაათვალიერეს იმ მოქალაქეთა საცხოვრებელი ბინები, რომლებიც, მათივე განცხადებით, აფეთქებების შედეგად დაიბზარა.
„ერთი საკითხია, გავზომოთ, რა სიმძლავრისაა აფეთქება და თუ ის ნორმაზე მეტია, აუცილებლად უნდა შესუსტდეს. ექსპერტები სპეციალურად ჩამოვიყვანეთ, რომ ადგილზე გაეცნონ აფეთქების მეთოდოლოგიას. ექსპერტები დაადგენენ, როგორი კატეგორიისაა დაზიანება, პროგრესირებადია თუ არა და ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, – აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრისას აკაკი საღირაშვილმა, – აფეთქება უნდა ხდებოდეს მხოლოდ დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე. მომავალ კვირაში ჩამოვლენ სეისმოგრაფები და გაზომავენ აფეთქებების სიმძლავრეს. ქვიშხეთში სეისმოლოგების დასკვნის საფუძველზე აფეთქებიდან აფეთქებამდე დრო გაზარდეს და მუხტიც ნაკლებია. გაამართლა ქვიშხეთში ამ მეთოდმა.“
ხანდებში მცხოვრები მოსახლეობის სახლების მონახულების შემდეგ აკაკი საღირაშვილის შეხვედრა საღანძილის, ზვარისა და ბაზალეთის მოსახლეობასთან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში გაგრძელდა.
შეხვედრაზე ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობა სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პროექტია, თუმცა ყველაფერს სჭირდება დაზუსტება. მოსახლეობას შეკითხვები აქვს განსახლებისა და კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით. ვნახეთ სირთულეები, რომლებიც უკავშირდება აფეთქებებს. წარმოიქმნა ზვარის მინერალური წყლის დაკარგვის საფრთხე. გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი კურორტ ნუნისში.
როგორც აკაკი საღირაშვილმა აღნიშნა, არსებობს წინასწარი პროექტი. მშენებელ ორგანიზაციასთან ერთად კი გზადაგზა იქმნება დეტალური პროექტი. ამ დროს მცირედი ცვლილებები დასაშვებია. სოფელი საღანძილე ყველაზე მეტად ზიანდება, მაგრამ, სანამ დეტალური პროექტი არ გაკეთდება და არ დაკონკრეტდება, სარკინიგზო მშენებლობის ზოლი სად გადის, მანამდე ძნელია კონკრეტულ საკუთრების ბედზე მსჯელობა. ამიტომ ველოდებით დეტალურ, დაზუსტებულ ნახაზებს, რომელსაც `გეოგრაფიკი~ აზუსტებს.
ბაზალეთისა და საღანძილის მაცხოვრებლებმა ისაუბრეს სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზის დაკარგვის საშიშროებაზე. აკაკი საღირაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არ დაზიანდეს არსებული კომუნიკაციები, თუმცა მოსახლეობას ალტერნატიული გზა აუცილებლად უნდა გაუკეთდეს.
რაც შეეხება გამოსყიდვის წესებს, აკაკი საღირაშვილის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა წესები გამოსყიდვის პროცედურებისა და მეთოდოლოგიის შესახებ. კომპენსაცია გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება განსახლება ანუ ფიზიკური გადაადგილება. ანაზღაურდება ასევე ნაკვეთები, რომლებიც ბუფერულ ზონაში მოხვდება. თუ მშენებელს ალტერნატიული ნაკვეთი დასჭირდა, მაგრამ ის ბუფერულ ზონას აცდენილია, მოსახლესთან მოლაპარაკებას სამშენებლო კომპანია აწარმოებს. აკაკი საღირაშვილის ინფორმაციით, გამოსყიდვის პროცედურა ორ თვეში სოფელ-სოფელ დაიწყება.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა მშენებლობის დროს წარმოქმნილი ნარჩენების გატანის საკითხზე ბაზალეთსა და ძირულაში. როგორც გაირკვა, მხოლოდ ზვარის ხეობაშია შერჩეული ადგილი ნარჩენებისთვის. ამ საქმეში მშენებელმა ორგანიზაციამ ადგილის გამოყოფის მოთხოვნით უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
ყველაზე მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობას მოჰყვა, ზვარის მინერალური წყლის დაკარგვის საშიშროებაა. სწორედ ამიტომ, აკაკი საღირაშვილის ინფორმაციით, ზვარეში შეჩერდა სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა.
გარემოზე ზემოქმედების კონტროლს ახორციელებს მშენებელი ორგანიზაციის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო ფირმა „გამა.“ მათ დასკვნაში სერიოზული შენიშვნებია მოცემული და აღნიშნულია, რომ საფრთხე არ უნდა შეექმნას მინერალური წყლის ჭაბურღილებს.
„პროექტი სათანადოდ დამუშავებული არ არის. ხოლო მისი რეალიზაცია მიმდინარეობს ხარვეზებით. ზვარის მინერალური წყლის საბადოს მიადგა სერიოზული ზიანი და არის მისი სრულად დაკარგვის საფრთხე. აუცილებელია შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია,“ – აღნიშნულია გეოლოგ ედიშერ კაცაძის დასკვნაში. ეს დასკვნა შეხვედრაზე მყოფთ პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ გააცნო.
აკაკი საღირაშვილის თქმით, საკონსულტაციო ფირმა „გამამ“ შეიმუშავა ჭაბურღილის დაცვის მეთოდოლოგიის შემარბილებელი ღონისძიებები. ამ ღონისძიებების თანახმად, უნდა გაკეთდეს 30 მეტრიანია „ესტაკადა“ ჭაბურღილის ზემოთ და ქვემოთ. „ესტაკადა“ უნდა დამუშავდეს წყალგაუმტარი შრით. უნდა მოეწყოს წყალამრიდი არხები და შემოიღობოს ჭაბურღილები.
ამ საკითხით შეშფოთებულია ბუნებადამცველი ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“ და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ფირმა „სამნი.“
შეხვედრაზე მყოფი თემურ კეპულაძის განცხადებით, გარემოზე ზემოქმედების პროექტის განხილვისას კატეგორიულად ითქვა, რომ ზვარეს მინარალური წყლის ჭაბურღილებზე რკინიგზა არ გაივლიდა. ნებისმიერ შემთხვევაში პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო ჭაბურღილების დაცვა. „გამას“ დასკვნაში წერია, რომ დამატებითი ჭაბურღილის გაყვანა იწვევს წყლის შემადგენლობაში ცვლილებას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ რკინიგზის ამ პროექტის გაყვანით ზვარის საბადოს ვკარგავთ. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი თეორიულად გაითვალისწინეს, მაგრამ პრაქტიკულად – არა.
საკონსულტაციო ფირმა „სამნის“ წარმომადგენელ ირინე ლომინაძის თქმით, ზვარის მინერალური წყალი თავისი შემადგენლობით იმდენად მგრძნობიარეა, რომ მდინარისგანაც ხდება მისი კვება და წვიმის წყლისგანაც ფორმირდება. „საბადოს ტერიტორიის ფარგლებში ფორმირდება წყალი და თუ მთლიანად მოვაბეტონებთ მთელ პერიმეტრს, ეს გავლენას მოახდენს წყლის შემადგენლობაზე. ნებისმიერი სახის ჩარევა წყლის შემადგენლობას შეცვლის.“
არსებული პრობლემების გამო რკინიგზის დეპარტამენტმა ეკონომიკის სამინისტროს მიმართა მშენებლობის არსებულ ნებართვაში ცვლილების მოთხოვნით. თავის მხრივ ეკონომიკის სამინისტრომ ამ საქმეში ჩართო ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები.
დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხს პარლამენტშიც დააყენებს.
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ