ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე საპარლამენტო დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად გერმანიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – ბუნდესტაგში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, ვიზიტის ორგანიზატორია გერმანიის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო საზოგადოება (GTZ). დელეგაციის შემადგენლობაში, გარდა პარლამენტის კომიტეტების და ფრაქციების ხელმძღვანელებისა, იმყოფებიან საქართველოს გენერალური აუდიტორი და აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.

„ვიზიტის ძირითადი მიზანია, ბუნდესტაგისა და აუდიტის ფედერალური სამსახურის ურთიერთთანამშრომლობის ფორმების გაცნობა. გერმანიის მთავრობა, რამდენიმე წელია, აქტიურად გვეხმარება ამ მიმართულების გაძლიერებაზე. ახლახან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ოფიციალურად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იწყებს აუდიტის ანგარიშების განხილვების ორგანიზებას. ამ ჯგუფის წევრი მეც გახლავართ.

ვიზიტის ფარგლებში გვაქვს შეხვედრები ბუნდესტაგის კომიტეტებთან და ფედერალური აუდიტის სამსახურთან. ვიზიტის პროგრამაშია საკომიტეტო განხილვებზე დასწრებაც,“ – ამბობს პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე.

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტი 24 თებერვალს დაიწყო და პირველ მარტს  დასრულდება.