ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჭიათურის მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის.

პარტიიდან „გახარია-საქართველოსთვის“ ჭიათურის მერობის კანდიდატი უსუპი ბიწაძეა. ჭიათურაში მოქმედი მერი გივი მოდებაძე წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“. დამოუკიდებლად იყრის კენჭს ჭიათურის მერობისთვის ნოდარ ჩაჩანიძე.

უსუპი ბიწაძე 1983 წელს ჭიათურაში დაიბადა. მისგან მოწოდებულ ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ მან 2017 ნოვოსიბიერსკის პედაგოგიური უნივერსიტეტის ორგანიზაციის ფსიქოლოგიური მართვის სამაგისტრო კურსი დაამთავრა.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთებში – „კვირის პალიტრა“, „ჯორჯიან თაიმსი“, „24 საათი“, „თბილისი“, „საქართველო“; ჟურნალში „გზა“, ტელეკომპანიებში – „ინფო 9“, „იმერვიზია“, „არგო“,  კავკასიის ჟურნალისტთა ქსელში.

2009 წლიდან დღემდე არის დემოკრატული რეფორმების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. 2016 წელს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, როგორც მიწვეული ლექტორი კითხულობდა ლექციებს მედია და პოლიტიკა, მედიის გაგება, სოციალური თეორია და პრაქტიკა, ზოგადი ფსიქოლოგია.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გივი მოდებაძე ჭიათურის მოქმედი მერია.

გივი მოდებაძე 1977 წელს ჭიათურაში დაიბადა. 2000 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით.

1997-2004 წლებში ის დაზღვევის სახელმწიფო ფონდში მუშაობდა, 2004-2009 წლებში – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ჭიათურის განყოფილებაში, 2009-2013 წლებში სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების უფროსად.

2017 წლიდან დაიკავა ჭიათურის მერის პირველი მოადგილის პოსტი. 2018 წლის ოქტომბრიდან დღემდე ჭიათურის მერია.

ჭიათურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ნოდარ ჩაჩანიძე პროფესიით იურისტია. ის ჩართულია „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ საქმიანობასა და სამოქალაქო მოძრაობაში.

ამავე თემაზე

ვინ არიას საჩხერის მერობის კანდიატები

ზესტაფონის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი „ქართული ოცნების“ შემომწირველია