ნებისმიერი სახის მიგრაციას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. თუმცა, დღესდღეობით, ყველაზე მთავარი მიზეზი მიგრაციისა არის კონფლიქტები და ომები – რის გამოც ადამიანები ირჩევენ მშვიდობიან თავშესაფარს, გარბიან ომის ზონებიდან და ხდებიან მიგრანტები.

მიგრაციას როდესაც ახსენებენ, გონება ელვის სისწრაფით იწყებს ფიქრს მისი წარმოშობის მიზეზებზე, რეალობაზე, შედეგებზე, ტკივილებზე, ემოციაზე და მაშინვე ჩემს ქალაქში არსებული დევნილთა დასახლება და აქაური დევნილები მახსენდება, თავიანთი ისტორიებით…

მე თქვენ ახლა ინტერვიუ-მონოლოგის სახით გიამბობთ ერთ გოგონაზე, რომელსაც აფხაზეთის ჰაერი ამქვეყნად მოვლინებისთანავე ჩაუსუნთქავს, პირველი ნაბიჯები იქ აუდგამს და მისი ბავშვობა ჩვენი თაობის მოზარდებივით დევნილთა ტკივილიანი გზის შესწავლითაა სავსე.    

სოხუმშია დაბადებული ემოციებით სავსე ახალგაზრდა ქალი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ელენე ცაცუა, რომელმაც ცრემლიანი თვალები საუბრისას ძირს დახარა და მითხრა, რომ „ხშირად ადამიანები ვცდილობთ, დავივიწყოთ ჩვენი ცხოვრების წარსული ფრაგმენტები, რომლებიც ტკივილის განცდას იწვევენ ჩვენშიო“…

მართლაც, გაუსაძლისია გარდასულ დღეებზე ფიქრი და საუბარი… შეიძლება სულიც აგეწვას და სინანულმა მოგკლას, რადგან არაფრის შეცვლა არ შეგეძლო მაშინ და არც ახლა შეგიძლია… დროთა განმავლობაში ფრაგმენტები ბუნდოვანდებიან, მაგრამ განცდებს რას ვუშვრებით? ვერც ვერაფერს, განცდების დავიწყება შეუძლებელია…

ელენეს თქმით: „წლების მერე განცდებში ღრმადჩაძირული ფრაგმენტები ამოფარფატდება. ზოგს ჩრჩილი დასდებია სიძველისგან, ზოგს – მტვერი, ზოგიც დაობებულია, მაგრამ სიძველე ხომ თავისებურად მომხიბვლელია და ცნობიერს კარგი ანალიზის საშუალებას აძლევს.

ამიტომ დროული იქნება, თუ წლების შემდეგ ისევ დავდგებით იმ წარსულის პირისპირ, რასაც აფხაზეთის ომი ერქვა.“

ომების შესახებ ისტორიის სახელმძღვანელოებიდან თუ გაეგო მაშინ, 12-13 წლის ბავშვს. აფხაზეთის ომამდე 13 წლით ადრე ქალაქ სოხუმში დაიბადა 1980 წლის 15 იანვარს; იქ ჩაისუნთქა ჰაერი. მისი მშობლების სიყვარულის ისტორიაც ქალაქ სოხუმს უკავშირდება, რომლებმაც პროფესიული საქმიანობაც იქ დაიწყეს და განავითარეს საკუთარი ხედვები…

დედისა და მამის წარმომავლობა და ფესვები აფხაზეთსა და სამეგრელოშია, ამიტომ ელენე ყოველთვის ამბობს, რომ მეგრელია, რომელიც გაიზარდა იმერეთში და ეამაყება თავისი კუთხური წარმომავლობა, რომელიც იმ დაკარგულ და ნანატრ მიწას უკავშირდება, რაც მის წარმოსახვას არასდროს ტოვებს.

ამიტომ არ იცის, რა განცდა ექნება აფზახეთის მიწაზე ფეხის დადგმისას…

„4 წლის ვიყავი, იქიდან რომ ხონში გადმოვსახლდით. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მამაჩემი, როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორი, განიცდიდა ეთნიკურ ზეწოლას აფხაზეთის ომამდე წლებით ადრე…

გადმოვსახლდით, მაგრამ ჩვენს ნათესავებთან ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია. ოჩამჩირეში დიდი ეზო და სახლი გვქონდა, სადაც ხშირად ჩავდიოდით. ციტრუსების უზარმაზარ პლანტაციებს უძღვებოდა მამა აფხაზეთში.

ოჩამჩირეში ვიდრე მივიდოდით, მამა გალსა და სოხუმში ყველა ნათესავს მოინახულებდა, ყველას მოესიყვარულებოდა და მერე წავიდოდით ხოლმე სახლში“, – ეს მოგონებები დალექილია ელენეს ცნობიერში და ხშირად ცდილობს მხოლოდ ნათელი კუთხით გააღვიძოს ისინი.

გოგონასთვის ბედნიერი წლები 13 წლის ასაკში შავ-ბნელი მოგონებებით სრულდება. ახლა, 21-ე საუკუნეშიც, რთულია მისთვის საუბარი. მან გადააფასა ის პერიოდი და ამბობს, რომ ამ გადასახედიდან შეიძლება ქართველი ხალხის სოციო-ემოციური ანალიზის საფუძველიც კი გვქონდეს, რომ ეს ომი ჭკუის სასწავლებელი მაგალითია ქართველებისთვის, თუ როგორი არ უნდა იყოს ერთი ციცქნა ერი.

„აფხაზეთის ომი წითელ ხაზად მიჰყვება ჩემს მეხსიერებას. მახსოვს, მამაჩემი მუშტებს როგორ ურტყამდა მაგიდას, როცა დავკარგეთ გაგრა, დავკარგეთ სოხუმი…

ცრემლებიც მახსოვს ჩემი მშობლების თვალებზე და სინანული, რომ ქართველებს ერთობა არასდროს ჰქონიათ. სწორედ ქართველების ღალატმა დაგვაკარგვინა აფხაზეთი, დანაწევრებულმა აზროვნებამ, ერთობას მოკლებულმა.

ჩვენ მაშინ ხონში ვიყავით დაფუძნებული. აფხაზეთის ომის პარალელურად სამოქალაქო ომი მძვინვარებდა საქართველოში. თბილისი, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორეს ქართველებმა, რომლებმაც ვერ გაიყვეს ე.წ. „სახელისუფლებო სკამები“.

მახსოვს, ხონში ჩემი საძინებლის ფარდაჩამოფარებულ ფანჯარაში ტყვიებს რომ მოვკრავდი თვალს, მამა დაიძახებდა, დაიმალეთო და მე და ჩემი ძმა ფანჯრის რაფის ქვეშ ჩავიცუცქებოდით.

მაშინ ვერ ვხვდებოდი, ეს რას ნიშნავდა, მაგრამ ახლა ამ მიჩქმალულ განცდებს რომ ჩავხედავ ხოლმე, ვაცნობიერებ, როგორი ბოროტება იყო ის ყველაფერი“.

მართლა როგორ უნდა გაეცნობიერებინა პატარა გოგოს აბსურდი – ქართველი ქართველის წინააღმდეგ!

პურის რიგები, უშუქობა, გაყინული ხელფასები და პენსიები… სახლიდან გასაყიდად გამოტანილი ნივთები… ინფლაცია… იმედების ძიება… რუსეთის კლანჭებისგან თავის დაღწევა… 9 აპრილი და სისხლით მოპოვებული თავისუფლება… ეს და სხვა მრავალი რამ ახსენებს ელენეს თავის ბავშვობას.

საუბრისას იმ ხალხის გახსენებაც მოუნდა, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა და მათ სოციალურ და ემოციურ მდგომარეობაზე ასაუბრდა, რადგან თვლის, რომ საჭიროა ამ ყველაფერზე მსჯელობა 21-ე საუკუნეში:

„1993 წელს, როცა აფხაზეთი სრულად გამოეყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასობით და ათასობით ქართველი დარჩა ღია ცისქვეშ თავიანთი მიწიდან გამოძევებულნი. უცრემლოდ არ შემიძლია მოვიგონო ჩემი სანათესაოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაშიც ისინი ცხოვრებამ ბევრი თანამოძმის მსგავსად თვალის დახამხამებაში ჩააგდო.“

აღსანიშნავია, რომ ეს პერიოდი ურთულესი აღმოჩნდა საქართველოს სხვა კუთხეებისთვისაც, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლა იმ პერიოდში მიმდინარეობდა ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და პოლიტიკურ ფონზე.

1989-1991 წლებში მომხდარი ,,პერესტროიკის“ შედეგად ჩვენი ქვეყნის ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ახრჩობდა.

ელენეს თქმით, ქართული სტუმართმოყვარეობის ამარა დარჩენილი საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ ამ ადათ-წესების იმედზე თუ დახვდებოდა აფხაზეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებს. ხაზს უსვამს – საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისეთივე თანასწორუფლებიანი წევრები იყვნენ და არიან ჩვენი ქვეყნის, როგორც მაშინდელი იმერეთის, გურიის, კახეთის და ნებისმიერი კუთხის მოქალაქეები:

„კარგად მახსოვს, როგორ მოხდა ამ ე.წ. „ლტოლვილების“ საკუთარ მიწა-წყალზე დაფუძნება. ეს იყო ადამიანების სულიერი და ხორციელი ტანჯვის „აღზევების“ პერიოდი. მაშინ ამ ყველაფერს როგორ გავაცნობიერებდი 12-13 წლის გოგო, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს შეგვიძლია ორი რამ: მოძმის თანაგრძნობა და მხარდაჭერა, ან ღალატი და დისკრიმინაცია!

თუ რომელს ავირჩევთ ეს ჩვენი კულტურიდან გამომდინარეობს. მადლობელი ვარ, რომ ჩემმა მშობლებმა თანაგრძნობა და მხარდაჭერა აირჩიეს!

ე ამაყი ვარ დღეს, რომ მყავდა ისეთი მშობლები, რომლებმაც უსახლკარო, მხოლოდ თითო-ოროლა ნივთით გამოხიზნული აფხაზეთელი „ლტოლვილები“ შეიფარეს. ძალიან დიდი ხანი გვყავდა ოჯახში მამაჩემის ბიცოლა – დიდებული ქალბატონი ცაცა, რომელიც შავებში ჩაცმული გლოვობდა თავის ოჯახის წევრებს… დღესაც იხსენებენ მადლიერების გრძნობით მამას საქციელს სხვებიც…“ – ამბობს ელენე.

მისი თქმით, ადამიანების მხრიდან გულწრფელი მხარდაჭერის გამოჩენა – ის აღმატებული კულტურული ქცევაა, რომელიც არ არის მხოლოდ ქართული, ყველა შეგნებულ და გულიან ადამიანს აქვს მსოფლიოში და დასძენს:

„სამწუხაროდ, ჩვენს ქართულ სოციუმში გადავაწყდი ბევრ შემთხვევას, როდესაც დევნილების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება შემინიშნავს – დევნილებს ხელგაშლით ყველგან არ ელიან – მაგრამ ჩემი მშობლებისთვის სტუმარი და ადამიანის პატივისცემა ერთგვარი კულტი იყო“.

ინტერვიუს დროს ჩვენ შევეხეთ ტერმინს ,,ლტოლვილი“ – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ხომ ასე მოიხსენიებდნენ, ვიდრე მოქალაქეების ცნობიერება ცოტათი მაინც ამაღლდებოდა.

საქართველოს კანონში „ლტოლვილთა შესახებ“, რომელიც მიღებულია 1998 წელს მუხლი 1. ლტოლვილის ცნება, მოცემულია შედეგი განმარტება: ლტოლვილად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლისთვისაც საქართველო არ არის მისი წარმოშობის ქვეყანა და რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მოქალაქეობის ან მუდმივად საცხოვრებელი ქვეყანა, რადგან იდევნებოდა რასის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების, რომელიმე სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს ისარგებლოს იმ ქვენის მფარველობით ასეთი საშიშროების გამო.

სამწუხაროდ, ამ ცნების მსგავსი აღქმა არ არსებობდა იმ პერიოდში. საზოგადოება დაიყო ლტოლვილებად (ჩამოსულებად) და ადგილობრივებად; შესაბამისად, მათი სტატუსი დაკნინდა სოციალური და მატერიალური განსხვავებულობის გამო.

დევნილებს არ გააჩნდათ სახლ-კარი, ამიტომ ისინი შეეკედლნენ სხვადასხვა დანიშნულების შენობებს: საბავშვო ბაღებს, ან დაუსახლებელ ტერიტორიებს. ასევე დიდი ხანი ცხოვრობდნენ ნათესავების ოჯახებში, რომლებიც ხელს უმართავდნენ მათ.

სამწუხაროდ, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო დევნილი მოსახლეობის ამ ყველაფრით უზრუნველყოფა. ამიტომ ხდებოდა მათი თვითნებური დასახლება, რაც, ბუნებრივია, მათი უფლებაც იყო, ვინაიდან ისინიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და არა „ლტოლვილები“ და სხვა ქვეყნიდან შემოხიზნულები.

მსგავსად მოხდა ხონის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სამხედრო დასახლებაში, სადაც საბჭოთა კავშირის დროს ხონში სამხედრო ბაზაში მომუშავე სამხედროების ოჯახები ცხოვრობდნენ. ომის შემდგომ ის შენობები ცარიელი იყო, ამიტომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობაც იქ დასახლდა.

ზემოთ აღვნიშნე, რომ ელენეს ოჯახიც ბევრ ნათესავს უზრუნველყოფდა თავშესაფრით თვეების განმავლობაში: „მამა იტყოდა: რისთვის მინდა ამხელა სახლი, თუ სტუმარი არ მოვიდაო; მით უმეტეს, – ჩემი სისხლი და ხორციო.

მახსოვს ბნელი და უშუქო ღამეები, ნარდისა და კარტის თამაში ლამფის სინათლეზე… შუქის მოლოდინში გასული საათები და სიხარულის შეძახილები: არიქა, შუქი მოვიდა!!

მე და ჩემს ძმას ძალიან გვიყვარდა, როცა ჩვენთან ღამით რჩებოდნენ სტუმრები. უზარმაზარ სახლში ვიწყენდით ხოლმე, ამიტომ ჩვენი ნათესავები აფხაზეთიდან, კერძოდ გალიდან, ძალიან სასიამოვნო გარემოს გვიქმნიდნენ.

ეს პერიოდი, ვფიქრობ, ჩემთვის და ჩემი ძმისთვის მაგალითია იმისი, თუ როგორ უნდა დავუდგეთ მხარში ერთმანეთს გაჭირვების დროს, როგორ გადავარჩენთ ადამიანები ადამიანებს, თუ ერთობა გვექნება.

ქართველებს ეს განსაკუთრებით გვჭირდება. თანაც, მეგრელებში მსგავსი ოჯახური თანადგომა ცნობილია. თუმცა, სამწუხარო და ლაქადმოყოლილი ამბებიც თან ახლდა „ლტოლვილობას“ საქართველოში.“

ელენეს აზრით, ბევრ კონსერვატიულ საზოგადოებაში იქნებოდა მსგავსი ქედმაღლური მიდგომები, როდესაც ადამიანებს მათი მატერიალური და სოციალური მონაცემებით განსჯიან და განიხილავენ მათთან მომავალ შესაძლო ურთიერთობებს: „რადგან „ლტოლვილს“ არ გააჩნდა სახლ-კარი და სტატუსი საზოგადოებაში, ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად მიიჩნეოდა, რომ არც თუ ისე „მისაღები“ იქნებოდა მასთან მომავალი ურთიერთობა…

მახსოვს ჩემი ბევრი მეგობრისგან სევდით ნათქვამი სიტყვები, რომ ისინი ოჯახს მხოლოდ დევნილთან შექმნიდნენ, რადგან ადგილობრივებისთვის დამამცირებელია, როდესაც ოჯახში „ლტოლვილი“ შემოდის.

ეს შემზარავი მიდგომა ბევრგან ჩანდა, საზოგადოების თითქმის ყველა სფეროში. ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ სარკაზმნარევი ტონით „ლტოლვილი“ ხომ არ ვიყავი, რადგან მეგრული გვარი მქონდა… მეტს აღარ გავაგრძელებ, რადგან ამგვარი მიდგომა ძალიან გულსატკენია ჩემთვის.“

თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველომ თავი დააღწია პოსტსაბჭოურ მარწუხებს და დასავლური ღირებულებების ძიების გზას დაადგა, წინ წამოიწია ადამიანის უფლებებთან და თანასწორობასთან დაკავშირებულმა თემებმა, რაც უკვე ვლინდება როგორც სოციალურ, ისე ეკომონიკურ დონეზე.

ეს ყველაფერი უკვე სამეტყველო ლექსიკაშიც აისახება და ლინგვისტიკაც ამ საკითხის კვლევას ემსახურება. ჩვენი საზოგადოებრივი ქმედებები თავისთავად აისახება კომუნიკაციით, რაც გამოიხატება ვერბალურ დონეზე.

ამიტომ დღითიდღე სამეტყველო ლექსიკიდან ვარდება სიტყვა „ლტოლვილი“, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება დღევანდელ დევნილთა სტატუსს. ეს ხდება მსოფლიოს ყველა სამეტყველო ენაში.

ამიტომ, სასიხრულოა, რომ მოქალაქეების ცნობიერება მაღლდება და ჩვენ ვხვდებით, რომ საქართველოს რეგიონის ნებისმიერი პირი არის თანასწორუფლებიანი მოქალაქე, განსაკუთრებით ეს ეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ ადამიანებს:

„მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს სოციო-ეკონომიკური განვითარება და დასავლური ტენდენციებისკენ სწრაფვა, სწორედ რომ არის დევნილთა ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრირებით უზრუნველყოფილი.

დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ საოცარი ხალხი ცხოვრობს ჩვენს დევნილთა დასახლებაში, სადაც ხორციელდება უამრავი საინტერესო პროექტი.

ეს ადამიანები არიან ღია ყველანაირი სიახლისთვის და ვისაც კი ოდესმე შეხება ჰქონია აფხაზეთთან, კარგად იციან როგორი თბილი, მოსიყვარულე, კეთილშობილი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობდა ჩვენს საოცნებო ტერიტორიაზე, რომელიც ახლა საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიას დეფაქტო არ წარმოადგენს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქართველები ერთობითა და ერთმანეთის სიყვარულით ყველაფერს გავართმევთ თავს და აფხაზეთში უცილებლად დავბრუნდებით“.

***

     პ.ს. დასახლებაში განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია, სადაც არსებულ თანამედროვე საკონფერენციო სივრცეში უამრავი ღონისძიება იმართება, ელენე ცაცუას პირველი რეგიონალური კონფერენციაც ინგლისურ ენაში სწორედ აქ გაიმართა, დევნილთა მხარდაჭერის გამოსახატად.  

 გურანდა ცაგურია, ხონი