მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის FLEX-ის 2021 წლის გამარჯვებული, ხარაგაულის გიმნაზიის მოსწავლე კესო ჩხიკვაძე ვაშინგტონის შტატის ქალაქ კირკლენდში სწავლას შეუდგა.
კესო სწავლის დაწყების პირველი დღის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:
– ოთხშაბათ დილა ჩემთვის საკმაოდ ადრე დაიწყო. მაღვიძარამ დილის ექვსზე დარეკა, მაგრამ უკვე მეღვიძა. ცოტა რთულია, ამერიკაში პირველი სასწავლო დღის მოლოდინში დაგეძინოს; იმ სკოლაში სწავლის, მთელი ცხოვრება ფილმებში რომ უყურებდი, – ყვითელი სასკოლო ავტობუსებით, მაღალი კარადებითა და ბავშვებით სავსე სკოლის, რომელშიც ცოტა ხანში სწავლას უნდა შევუდგე.
ჩემი ამერიკული სკოლა საკმაოდ დიდი და ლამაზია. სამი კამპუსისგან შედგება და უზარამაზარ ტერიტორიას იკავებს. როცა აქ ჩამოვედი, აღმოჩნდა, რომ ამერიკაში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა სკოლამ ყველა აქაურ გაცვლით სტუდენტს შორის მე ამირჩია.
ჰოდა, ამ პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე, ერთ ხელში სკოლის რუკით და მეორეში ჩემი გაკვეთილების განრიგით, შევდივარ სკოლაში სხვა ბავშვებთან ერთად. შემდეგ ყველა დიდ დარბაზში ვიყრით თავს და მასწავლებლებისა და დირექტორის მისალმებას ვისმენთ. სკოლის სლოგანს ყველას გასაგონად ვყვირით და კლასებში მივდივართ.
ყველაზე დიდი თავგადასავალი აქ იწყება, რადგან როგორმე 5 წუთში მეორე კამპუსში გადასვლა, მეოთხე სართულზე ასვლა და საკლასო ოთახის პოვნა უნდა მოვასწრო, რასაც, რა თქმა უნდა, დროულად ვერ ვახერხებ და კლასში ვაგვიანებ. პირველი დღის ხიბლიც ამ დაბნეულობასა და დაგვიანებაშია.
დღის დანარჩენი ნაწილი ერთი სართულიდან მეორეზე და მეორე შენობიდან მესამეში სირბილში გადის. შიგადაშიგ უამრავ მოსწავლეს ვეცნობი, ყველას ვეუბნები, რომ საქართველოდან ვარ, ოღონდ „ჯორჯია“ შტატი კი არა, ქვეყანაა.
ზოგი ცოტა დაბნეული მიყურებს, ზოგს უცხოპლანეტელი ვგონივარ და ზოგიც მეუბნება, რომ იციან საქართველო და ხაჭაპური ძალიან გემრიელია.
გაკვეთილები ძალიან საინტერესოდ და საქართველოს სკოლებისგან განსხვავებულად მიმდინარეობს, – არ ვაბარებთ დავალებებს, არ ვიყენებთ რვეულებს ან წიგნებს, არ ვდგებით ფეხზე და არ ვყვებით გაკვეთილს, მაგრამ ცოდნას მაინც ვიღებთ.
სწავლისთვის, ძირითადად, ლეპტოპებსა და ინტერნეტში განთავსებულ უზღვავ მასალას ვიყენებთ, რაც საკმაოდ კომფორტულია. დავალებების გაგზავნა და შეფასება სრულიად ონლაინ სივრცეში ხდება.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს ძალიან ახლო და მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ის 70 წუთი, რომელიც კლასში უნდა გავატაროთ, მაქსიმალურად საინტერესოდ აქციონ. თუ გაკვეთილზე ჯდომით იღლები, შეგიძლია ადგე, თავისუფლად გამოთქვა შენი აზრი და სრულიად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში.
საგნები ამერიკული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია. 200-მდე განსხვავებული კურსიდან თითოეულ სემესტრში 7 საგანს ვირჩევთ. გადავწყვიტე, ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა და ავირჩიე ის საგნები, რომელთა სწავლის შესაძლებლობა საქართველოში არასდროს მქონია.
ახალ უცხო ენასაც ვსწავლობ და უამრავ ახალ აღმოჩენას ვაკეთებ. მრავალფეროვანი საგნების სწავლა დამეხმარება, გადავწყვიტო, რა მხრივ მინდა სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში. შესაძლებლობა მაქვს, ყველაფერი რეალურად გამოვცადო.
საბოლოოდ, ამერიკულ სკოლაში პირველმა დღემ საკმაოდ კარგად ჩაიარა. ბევრი თანატოლი გავიცანი. უამრავ ადამიანს გავაგებინე, რომ საქართველოდან ვარ და სწავლის დიდი მოტივაციით ავივსე.
კესო ჩხიკვაძე
ფოტოებზე: კესო ჩხიკვაძე; FLEX-ის 2021 წლის გამარჯვებულთა ნაწილი საქართველოდან
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი