დღეს, 15 სექტემბერს, ხარაგაულში მოქმედ 26 სკოლაში სასწავლო წელი დისტანციურად განახლდა.

რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული სწავლის ონლაინ რეჟიმში დაწყება, – ამის შესახებ რამდენიმე სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს ვესაუბრეთ.

„სწავლის დისტანციურად დაწყება მისაღები არავისთვისაა, – ამბობს ზვარეს სკოლის დირექტორი ნატო შათირიშვილი, – წინასწარ შევისწავლეთ, რამდენი მოსწავლე შეძლებს გაკვეთილებზე ჩართვას „თიმსის“ პროგრამით თუ მესენჯერით.

წელს ზვარეს სკოლაში 60 მოსწავლე ისწავლის. მათგან 5 პირველკალსელია. 55 მოსწავლიდან სამი ონლაინ სწავლებაში ვერ ჩაერთვება და მათ ტელეფონით უნდა დავუკავშირდეთ“.

ხიდრის სკოლის დირექტორი ეთერ პაპავა სკოლაში დღეს დილის შვიდ საათზე მივიდა. მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ახალი სასწავლო წლის მილოცვა „თიმსის“ პროგრამით მაინც სკოლიდან ამჯობინა.

„ხიდრის სკოლის ხუთ მოსწავლეს, რომლებიც მასხარაშვილების უბანში ცხოვრობენ, ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ. ამიტომ მათ მასწავლებლები ტელეფონზე დაურეკავენ და გაკვეთილებს ასე აუხსნიან, – ამბობს ეთერი პაპავა, – დღეს, 11:00 საათზე ხიდარში, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დენი გაითიშება.

ჩემი თხოვნაა, 4 ოქტომბრამდე, სანამ სწავლას საკლასო ოთახებში განვაახლებთ, სასწავლო პროცესში ხელი უდენობამ მაინც არ შეგვიშალოს“.

ვაშლევის სკოლაში 42 მოსწავლიდან  6 უფროსკლასელი „თიმსის“ პროგრამაში ჩართვას ვერ ახერხებს. სკოლის დირექტორი ქეთინო ლურსმანაშვილი იმედოვნებს, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა სკოლებში განახლდება.

„ონლაინ სწავლებისთვის წინასწარ შევადგინეთ გეგმა და ცხრილი. გასული სასწავლო წლის გამოცდილებით და განათლების სამინისტროს რეკომენდაციებით ვიხელმძღვანელეთ.

გზადაგზა გამოჩნდება ის სირთულეები, რაც ონლაინ სწავლებას ახლავს. დღეს სწავლის დაწყების პირველი დღეა და მოსწავლეები მეტ-ნაკლებად ჩაერთვნენ გაკვეთილებში. საკლასო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილს ვერაფერი შეცვლის“, – ამბობს წიფის სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე.

ხარაგაულის #2 სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა მარინე ვეფხვაძემ მოსწავლეებისთვის განწყობის შექმნისა და მოტივაციის ამაღლებისთვის გაკვეთილი დღეს საკლასო ოთახიდან ჩაატარა.

„ახალი სასწავლო წლის პირველი დღეა და გადავწყვიტე, სკოლაში მივსულიყავი, – ამბობს მარინე, – კორონავირუსის პანდემიის გამო ყველასთვის მძიმე გარემოა. ამიტომ მოსწავლეების სულიერ მდგომარეობას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

ვფიქრობ, საკლასო ოთახიდან ონლაინ გაკვეთილის ჩატარებამ ჩემზეც და მოსწავლეებზეც დადებითად იმოქმედა“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში 2 157 მოსწავლეა. მათგან 218 პირველკლასელი სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებს.

ხარაგაულის საგანმანთლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150-მდე მოსწავლეს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება.

ფოტოზე: ხარაგაულის #2 სკოლის მასწავლებელი მარინე ვეფხვაძე ონლაინ გაკვეთილზე