
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 25 საჯარო და ერთი კერძო სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება.
სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება და 4 ოქტომბრამდე დისტანციურად გაგრძელდება. სკოლებმა სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი უკვე მიიღეს. პირველკლასელებისთვის განკუთვნილ ბუკებს ტექნიკური შემოწმება უტარდება და მალე სკოლებს გადაეცემა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში სწავლას 2 157 მოსწავლე შეუდგება. აღსანიშნავია, რომ წელს სკოლის კარს 218 ხარაგაულელი პირველკლასელი შეაღებს, მაშინ როცა, გასული სასწავლო წელი 137-მა ახალგაზრდამ დაამთავრა. ასე რომ, მოსწავლეთა საერთო რაოდენობა გაიზარდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს ყველაზე მეტი, – 18-18 პირველკლასელი, ბორითისა და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლებში შევა.
ახალი სასწავლო წლის მზადების პარალელურად, მასწავლებელთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. ამჟამად 537 პედაგოგიდან 375 არის აცრილი. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ დისტანციური სწავლება ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. თუმცა სკოლებს უკვე დაგროვილი გამოცდილება ამ სიძნელეების დაძლევაში დაეხმარება.
– ქალბატონო მარინე, თუ ფლობთ ინფორმაციას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენ მოსწავლეს არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე და ამის გამო დისტანციურ სწავლებაში ვერ ჩაერთვება?
– ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150-მდე მოსწავლეს ინტერნეტი არ მიეწოდება. გასულ სასწავლო წელს მასწავლებლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თითოეულ მოსწავლეს დაკავშირებოდნენ. მათ ტელეფონით ეკონტაქტებოდნენ; ასევე – ბეჭდური სახით აწვდიდნენ სასწავლო მასალებს. ხშირად მასწავლებლები თავიანთი მოსწავლეებისთვის ინტერნეტის პაკეტებს თავად იძენდნენ. პედაგოგები მოსწავლეებს მაქსიმალურად ედგნენ გვერდით და ცდილობდნენ, მათთვის ონლაინსწავლების სირთულეები შეემსუბუქებინათ. ეს რთული პროცესია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. წელსაც ამ პრინციპით ვიმუშავებთ, რადგან სკოლებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებს ტექნიკა და ინტერნეტი შეუძინოს.
– რა ნაბიჯებს დგამთ იმისათვის, რომ სწავლება (მათ შორის დისტანციური ფორმით) ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს?
– საგანმანათლებლო რესურსცენტრი სკოლასა და განათლების სამინისტროს დამაკავშირებელი რგოლია. ოჯახებში ნამდვილად არ დავდივართ, მაგრამ მოსწავლეთა საჭიროებების შესახებ ინფორმაციას დირექტორებისგან და პედაგოგებისგან ვიღებთ. ვცდილობთ ჩვენთან მოსულ მშობელს პრობლემა მოვუგვაროთ. ჩვენი ფუნქციაა, განათლების სამინისტროს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ პედაგოგთა და მოსწავლეთა საჭიროებების შესახებ.
– დისტანციური სწავლება განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვისაა რთული, სადაც რამდენიმე მოსწავლეა. თქვენი აზრით, ამ ოჯახებისთვის რა უნდა გაკეთდეს?
– ამასთან დაკავშირებით, სკოლებმა გაკვეთილების დისტანციურად ჩატარების გრაფიკი მრავალშვილიანი ოჯახების მდგომარეობის გათვალისწინებით შეიმუშავეს. მასწავლებლები შეთანხმდნენ, რომ კონკრეტულ კლასებში გაკვეთილები ისე ჩაეტარებინათ, რომ ერთმანეთს არ დამთხვეოდა.
– დისტანციური სწავლებისთვის, თავად პედაგოგებს რამდენად აქვთ ინტერნეტსა და შესაბამის ტექნიკაზე წვდომა?
– ჩემი მოკვლევით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტექნიკის პრობლემა 15-მდე მასწავლებელს აქვს. იმ პედაგოგებს, რომელთაც ინტერნეტი და შესაბამისი ტექნიკა არ აქვს, შუძლიათ გაკვეთილები სკოლიდან ჩაატარონ. სკოლაში ადამიანების მასიურად მისვლა არ შეიძლება, თორემ ორი პედაგოგი თუ მივა, ეგ პრობლემას არ წარმოადგენს. ახლაც, სკოლებში ძალიან ბევრი საქმეა; მაგალითად, საგაკვეთილო საათები გადასანაწილებელია. მასწავლებლები გრაფიკს თუ შეადგენენ და სკოლაში მორიგეობით მივლენ, დასაშვებია.
– როგორ ფიქრობთ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მცირეკონტიგენტიან სკოლებში, რეგულაციების დაცვით სწავლის გაგრძელება შესაძლებელი ხომ არ არის? ხომ არ შესთავაზეთ ეს წინადადება განათლების სამინისტროს?
– ოთხ ოქტომბრამდე ყველა სკოლაში სწავლა დისტანციურად დაიწყება. მერე რა, რომ სკოლაში ცოტა მოსწავლეა? მათ ჯანმრთელობას საფრთხეს ხომ არ შევუქმნით. ამ ეტაპზე ხარაგაულში რთული ეპიდვითარებაა. შესაბამისად, განათლების სამინისტროსთვის მსგავსი შეთავაზებით არ მიგვიმართავს. მინდა მდგომარეობა ცოტა დასტაბილურდეს და მერე დაიწყოს სწავლა.
პირველკლასელებისთვის სწავლა 4 ოქტომბერს, დიდი ალბათობით, საკლასო ოთახებში დაიწყება.
– 2021 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან თუ მიიღო თანხა სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად?
– ცენტრალური ბიუჯეტიდან ორი სკოლის მოსაწესრიგებლად 70 ათასი ლარი მივიღეთ. ეს თანხა მოლითის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოსაწყობად და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში სახურავის გამოსაცვლელად დაიხარჯება.
– ამჟამად ინფრასტრუქტურის კუთხით ყველაზე დიდი პრობლემები რომელ სკოლებშია?
– ვახანის სკოლის შენობაში არის ცუდი მდგომარეობა. სველი წერტილები კი მოეწყო, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი გასაახლებელია. ასევე გედსამანიის კორპუსშიც არის სამუშაოები ჩასატარებელი. ხუნევის საჯარო სკოლაში სახურავია გამოსაცვლელი. ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში საკლასო ოთახები აღარ ჰყოფნით და დასამატებელია. ეს არის ის პრობლემები, რაც გადაუდებელია და უახლოეს მომავალში უნდა მოგვარდეს.
– სკოლებში მასწავლებელთა კადრების პრობლემა ხომ არ არის?
– ტექნიკური საგნების სპეციალისტთა პრობლემა გვაქვს. ჰუმანიტარულ საგნებში კი პირიქით, ბევრი კარგი კადრია. გასულ სასწავლო წელს მოლითის საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგს ორი თვის განმავლობაში ვიწვევდით. ბოლოს მასწავლებელი ხაშურიდან მოვიყვანეთ. ჩვენთან ძალიან ბევრი მასწავლებელი ტრანსპორტზეა დამოკიდებული და ეს ადვილი არ არის. პანდემიის პირობებში მათ მატარებლით მგზავრობის პრობლემაც შეექმნათ.
ამ ეტაპზე რამდენიმე საგანში ვაკანსიაა გამოცხადებული, მაგრამ არა მგონია პრობლემები შეგვექმნას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბევრი პრაქტიკოსი მასწავლებელი არ გვყავს. ვინც არიან, მათ იანვრამდე შეუძლიათ მუშაობის გაგრძელება. ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 375 უფროსი მასწავლებელია, 90 – წამყვანი, 65 – პრაქტიკოსი და ერთი მენტორი.
გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ მეშვეობით მინდა ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცო მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, არსებული გამოწვევების დაძლევასა და წარმატებებს.
ლიკა ხიჯაკაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის