„მხცოვანი ადამიანები როცა შეიტყობენ, ნიკო შველიძისა და თინა კამკამიძის შვილიშვილი რომ ვარ, დიდი სითბოთი, სიყვარულითა და მადლიერებით იხსენებენ მათ. ვამაყობ, რომ სამაგალითო ბებია და ბაბუა მყავდა, – ამბობს თინათინ კოტიშაძე, ხევის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელი.

ათეული წლების მანძილზე ხარაგაულელთა დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ პროფესიონალი, გულისხმიერი, თავდადებული ექიმები. მათ შორის გამორჩეულები იყვნენ რესპუბლიკის დამსახურებული ექიმები თინა კამკამიძე და ნიკო შველიძე.

თინა კამკამიძე ასი წლის წინ ღარიხევში დაიბადა. ოთხი კლასის განათლება ხარაგაულში მიიღო. სკოლის დამთავრებისთანავე საბის ოთხწლიან სკოლაში გაუშვეს მასწავლებლად.

სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ თინათინ კამკამიძე თბილისის პირველ საავადმყოფოში დანიშნეს თერაპიული განყოფილების ორდინატორად. მალე ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში გადმოვიდა სამუშაოდ. ომის წლებში სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა. ომის დამთავრების შემდეგ კი კვლავ მშობლიურ რაიონში დაუბრუნდა.

თინათინ კამკამიძის სახელს უკავშირდება ხარაგაულში საშიში დაავადების – მალარიის დამარცხება. მუშაობდა ხარაგაულის რაიონის პარაზიტოლოგიური განყოფილების გამგედ, რაისაავადმყოფოსა და პოლიკლინიკაში თერაპევტად.

1941 წელს დაამთავრა ნიკო შველიძემ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. ცოტა ხნით გორში მუშაობდა. 1942 წელს ომში გაიწვიეს. მისი სანიტარული ასეულის მებრძოლები დღე და ღამეს ასწორებდნენ დაჭრილების სასთუმალთან.

ნიკო შველიძემ 1944 წელს მკურნალ ექიმად დაიწყო მუშაობა ხარაგაულში. მუშაობდა ღორეშის, ხუნევის, ხევის, მოლითის, წიფის, კიცხის საექიმო პუნქტების გამგედ; შემდეგ რაიონის სანეპიდსადგურის მთავარ ექიმად, ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ, პოლიკლინიკის გამგედ, პოლიკლინიკა-საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ.

1945 წელს შექმნეს ოჯახი ნიკო შველიძემ და თინათინ კამკამიძემ. სამი შვილი აღზარდეს, – ნიკო, გოჩა და ლალი.

„ხარაგაულში პირველი მიკროსკოპი დედამ შემოიტანა, – გვიამბობს თინა კამკამიძისა და ნიკო შველიძის ქალიშვილი ლალი შველიძე, – დედას ყველა პაციენტი სოცრად ეცოდებოდა, ავადმყოფთან დაუყოვნებლივ მიდიოდა მაშინაც კი, როცა არ იყო ტრანსპორტი. მახსოვს, ერთხელ ხარაგაულში ცხრა რესპუბლიკიდან მოვიდნენ სპეციალისტები, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, რომ გასცნობოდნენ დედაჩემის, თინა კამკამიძის, გამოცდილებას, – თუ როგორ დაამარცხა მალარია.

სულ სამედიცინო ლიტერატურას კითხულობდნენ, ღამეებს ათენებდნენ.

მამა სამედიცინო თემებზე წერდა ძალიან ბევრს. რაიონული გაზეთის რედაქციის უსაყვარლესი ავტორი იყო. რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი ზაირა აბაშიძე ხშირად სტუმრობდა მამას.

სოფლის მეურნეობის საკითხებზეც წერდა იმიტომ, რომ მამა მხოლოდ ექიმი არ იყო. უმაღლეს სასწავლებელში ჯერ ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და შემდეგ გადავიდა სამედიცინო ფაკულტეტზე. ეტყობა, ბიოლოგიური განათლება და მიწის სიყვარული უბიძგებდა, რომ ყანები და ვენახები გვქონოდა. ყოველთვის პოულობდა დროს მათ მოსავლელად. ნაკვეთები გვქონდა და მეც დავყვებოდი ბაზალეთში, ისლარსა და პატარა ხარაგაულში. ჩვენ სიმინდს არ ვყიდულობდით.

ხარაგაულის სამედიცინო საზოგადოებამ დიდებულად აღნიშნა ნიკო შველიძის დაბადებიდან 70 და საექიმო მოღვაწეობიდან 40 წლისთავი. სადღესასწაულო სუფრას ზურაბ გოლუბიანი თამადობდა. ზურაბის დედა ნიკომ ამშობიარა. „ნიკო რომ ამხელა ხელებს მომკიდებდა, ამაზე მეტი რაღას გავიზრდებოდიო,“ – იხუმრა თამადამ მაშინ, – თავად ზურაბს მაღალი მამა ჰყავდა.

დედა და მამა პროფესიაზე ხომ უზომოდ იყვნენ შეყვარებულები და თავად ნიკოს და თინას სიყვარული იყო ზღაპარი. დიდებულ სიყვარულს ვარ შესწრებული!.. შვილს არ უნდა გიკვირდეს, მაგრამ საოცარ ურთიერთობას ვგრძნობდი და ვხედავდი… მამა ცუდად ხდებოდა და – ერმალაევიჩ, შენ რომ რაიმე მოგივიდეს, მოვკვდები…

დედა რომ ცუდად გახდა, მამას ვატყობდი, რომ ვერც ის იყო კარგად, – მიხაილოვნა, შენ რომ რამე მოგივიდეს, ხომ იცი, არ ვიცოცხლებ თავსო.“

1993 წელს ერთად გავიდნენ პენსიაში ქალბატონი თინა და ბატონი ნიკო. „1993 წლის 27 დეკემბერს წავიყვანე ხარაგაულიდან თბილისში, – იხსენებს მათი ქალიშვილი ლალი, – ხარაგაულში რომ მყოლოდნენ, შესაძლოა მეტხანს ეცოცხლათ. 1996 წლის დეკემბერში მამა გარდაიცვალა, 1997 წლის ივნისში – დედა.“

თინათინ კოტიშაძე: –ბაბუას ყოველთვის ეცალა ჩემთვის. ძალიან მიყვარს მინდვრის ყვავილები და მე რომ გამხარებოდა, მათ დასაკრეფადაც კი მომყვებოდა. ვაჟკაცური ბუნების იყო; ამავე დროს – გულთბილი და გულკეთილი. შეეძლო სუფრის მართვა. ლიტერატურა და ხელოვნება უყვარდა, თავადაც წერდა ლექსებს. მუდამ ცდილობდა, ტკივილი იუმორით გადაეტანა. ხშირად მიყვებოდა ამბებს. ბებია უფრო ტკივილიანი ქალი იყო…

უდიდესი სითბო მივიღე მათგან. ყოველთვის ცდილობდნენ, რომ მაქსიმუმი გაეკეთებინათ ჩემთვის. ერთადერთი ოცნება ჰქონდათ, – სამედიცინოზე ჩამებარებინა. მე კი მომწონდა იურიდიული, თეატრალური და ჟურნალისტიკა. დღესაც რომ ვკითხულობ მათ წერილებს, ვტირი.

ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული ყველაზე მეტად მომწონდა მათში. ასეთი სიყვარული არსად მინახავს.

უმძიმესი გამოდგა ჩემთვის ბაბუას გარდაცვალება. ბებია ლოგინად იყო ჩავარდნილი და ერმალაევიჩი უკანასკნელ გზაზე ვერ გააცილა. ცრემლს არ დაგანახებდა, ღამით ჩუმად ქვითინებდა ბებია… თინა 82 წლის იყო, ნიკო – 86 წლის.

დღესაც ჩემი კლასელები იხსენებენ, – რა დაგვავიწყებს, თინი, ხელკავით რომ დაბაჩუნობდნენ თბილად და ტკბილად. ასეთები იყვნენ ოჯახშიც.

მათ გამო ყველა მოხუცი დღესაც განსაკუთრებით მიყვარს…

ლაურა გოგოლაძე