დღეს, 13 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იყო მოწვეული. სხდომაზე დეპუტატებს მორიგი საბიუჯეტო ცვლილება უნდა განეხილათ.

საკრებულომ 13 თებერვალს დაგეგმილი რიგგარეშე სხდომა გამგეობიდან მიღებული წერილის საფუძველზე გადადო. ამ წერილში კი ნათქვამია, რომ „მომზადებულ საკითხში, საჭიროებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა რიგი საკითხების დაზუსტება.“

გამგეობიდან საკრებულოში 10 თებერვალს წარდგენილი მოხსენებითი ბარათი საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ საკრებულოს ბიურომ და ასევე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 11 თებერვალს უკვე განიხილა.

გაგაცნობთ ამ მოხსენებით ბარათს:

საბიუჯეტო ცვლილებას იწვევს ის, რომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 19,5 ათ. ლარი. აქედან 13,5 ათ. ლარი მიიმართება დაბა ხარაგაულში არსებული ღია ესტრადისა და ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის და საექსპერტო მომსახურების შესასყიდად და 6,0 ათ. ლარი ბორითი-მარიამწყარო-ღორეშის გზის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესასყიდად.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესულია ა(ა)იპ-ების მოთხოვნები 2015 წელს დამატებითი თანხების მოთხოვნის შესახებ. მუნიციპალიტეტის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება მოთხოვნილი თანხების სრულად გამოყოფა. ა(ა)იპ-ებს გამოეყოფათ დამატებით სუბსიდია 322,0 ათ. ლარის ოდენობით:

აქედან:

ა(ა)იპ ე. კიკნაძის სახ. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას – 114,0 ათ. ლარი (მოთხოვნილი ჰქონდათ 284 630 ლარი მოქმედი საბავშვო ბაღების სახელფასო ფონდის შესავსებად, რემონტისთვის და ახალი ბაღებისა და ჯგუფების გასახსნელად);

ა(ა)იპ ცენტრალური ბიბლიოთეკას – 23,0 ათ. ლარი (მოთხოვნილი ჰქონდათ 57 ათ. ლარი ხელფასების გასაზრდელად ლიტერატურის შესაძენად);

ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბს „ჩხერიმელა 2009“ – 50,0 ათ. ლარი (მოთხოვნილი ჰქონდათ 50 ათ. ლარი ხელფასებისთვის, სპორტული ინვენტარისა და ფორმების, კვებისა და ტრანსპორტის დაქირავებისთვის);

ა(ა)იპ ისტორიული მუზეუმი – 6,0 ათ. ლარი (მოთხოვნილი ჰქონდათ 23 700 ლარი მუზეუმში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ღონისძიებების ჩასატარებლად, დარაჯებისა და დამლაგებლის შტატების დასამატებლად);

ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი – 10,0 ათ. ლარი (მოთხოვნილი ჰქონდათ 25 ათ. ლარი);

ა(ა(ა)იპ კეთილმოწყობა – 26,0 ათ. ლარი, მათ შორის, პარკები და სკვერების მოწყობა – 24,0 ათ. ლარი და გარე განათება – 2,0 ათ.ლარი (მოთხოვნილი ჰქონდათ 60 ათ. ლარი);

ა(ა)იპ კულტურის ცენტრი – 22,0 ათ. ლარი (მოთხოვნილი ჰქონდათ 54 260 ლარი კინოთეატრის შენობის კულტურის ცენტრისთვის 3 თვით უზუფრუქტით გადაცემასთან დაკავშირებით);

ა(ა)იპ ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრი – 12,0 ათ. ლარი (მოთხოვნილი ჰქონდათ 29 400 ლარი შრომის ანაზღაურების, საოფისე ტექნიკისა და სპორტული ინვენტარის შესაძენად);

ა(ა)იპ ხარაგაულდასუფთავება – 37,0 ათ. ლარი (მოთხოვნილი ჰქონდათ 54 400 ლარი);

ა(ა)იპ „სათნოების სახლი“ – 6,0 ათ. ლარი (მოთხოვნილი ჰქონდათ 15 ათ. ლარი კვების პროდუქტების შესაძენად);

ა(ა)იპ ხალხური შემოქმედების სახლი – 10,0 ათ. ლარი (მოთხოვნილი ჰქონდათ 25 ათ. ლარი);

ა(ა)იპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი – 3,0 ათ. ლარი (მოთხოვნილი ჰქონდათ 7 ათ. ლარი შრომის ანაზღაურების, ტრანსპორტით მომსახურებისა და სხვადასხვა ხარჯისათვის);

ა(ა)იპ რ. თაბუკაშვილის სახ. ლიტერატურული თეატრი – 3,0 ათ. ლარი (მოთხოვნილი ჰქონდათ 6 ათ. ლარი).

გამგეობისგან საკრებულოსთვის წარდგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ გასული 2014 წლის პროექტების დასასრულებლად საჭიროა 34,5 ათ. ლარი, მათ შორის სოფ. მაქათუბნის ხიდის დასრულება (რეგიონალური განვითარების ფონდი) 8,1 ათ. ლარი, სოფ. ზედუბნის წისქვილის დასრულება 9,6 ათ. ლარი, სოფ. ლეღვნის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის დასრულება 9,0 ათ. ლარი და სოფ. კიცხში კლუბის რეაბილიტაციის დასრულება 7,8 ათ. ლარი.

მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის შემდგომი აღმავლობისა და განვთარებისათვის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მიერ წარმოდგენილი პროექტების ფარგლებში მუნიციპალიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოს 5,1 ათ. ლარი, მათ შორის 3,0 ათ. ლარი თხილისა და კაკლის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოსაწყობად და 2,1 ათ. ლარი მემცენარეობის მიმართულებით ნიადაგის ანალიზის ჩატარების დასაფინანსებლად.

რელიგიის დაფინანსებისათვის გამოიყოფა 35,0 ათ. ლარი, აქედან 30,0 ათ. ლარი მიიმართება ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის და 5,0 ათ. ლარი ხარაგაულში არსებული სამლოცველოს დასახმარებლად.

ტელერადიომაუწყებლობის ხარჯების დასაფინანსებლად, კერძოდ სხვადასხვა საინფორმაციო მომსახურების შესასყიდად, გამოიყოფა 20,0 ათ. ლარი.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამატებით ესაჭიროება 5,5 ათ. ლარი, მ. შ. 4,0 ათ. ლარი ტრანსპორტის ხარჯებში ავტომობილების რემონტისათვის და 1,5 ათ. ლარი ელექტროენერგიის მიწოდების მოსაწესრიგებლად;

მუნიციპალიტეტის გამგეობას ესაჭიროება 18,0 ათ. ლარი, მ. შ. 7,0 ათ. ლარი ტრანსპორტის ხარჯებში ავტომობილების რემონტისათვის და 11,0 ათ. ლარი ინტერნეტის მოსაწესრიგებლად.

შპს „ხარაგაული – 2011“-ის სუბსიდირება იზრდება 6,5 ათ. ლარით.

სულ ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამების დასაფინანსებლად საჭიროა 446,6 ათ. ლარი.

შეგახსენებთ, რომ ამ საბიუჯეტო ცვლილების განხილვა საკრებულომ სამომავლოდ გადადო, გამგეობიდან წარდგენილი წერილის საფუძველზე.

ფოტოზე: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 11 თებერვლის სხდომაზე